საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესი – ყურძნის კრეფა – კახეთიდან დაიწყო. საქართველოში რთველი აგვისტოდან იწყება და დეკემბრამდე გრძელდება, რასაც ჩვენი ქვეყნის ტრადიციული მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონების გეოგრაფიულ-კლიმატური პირობები განაპირობებს.
ცნობილი ქართველი ისტორიკოსი ივანე ჯავახიშვილი, ქართული მევენახეობა-მეღვინეობის ცნობილი მკვლევარიც იყო. უნიკალურია მისი ნაშრომები ქართული ვაზის ჯიშების რაობისა და წარმოშობის შესწავლის კუთხით. ივანე ჯავახიშვილი ასევე აქტიურად მუშაობდა მეღვინეობის ფენომენთან დაკავშირებულ სხვა არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც თანამედროვე ეპოქაშიც ფასეული და აქტუალურია. მისი ერთ-ერთი წერილიდან ერთ-ერთი მცირე მონაკვეთი, განსაკუთრებით აქტუალური და საინტერესო, იმ პერიოდს ეძღვნება, როდესაც კახეთში და ქართლში რთველი უკვე დაიწყო და სულ მალე სართვლო „ესტაფეტა” მთელს საქართველოს გადაეცემა.
„რთველს ძველად სთველი ერქვა. ხილეული ნაყოფის მოკრეფის პროცესს მაშინ ორი განსხვავებული სიტყვით აღნიშნავდნენ – მოსთვლა და მოწილვა. პირველმა სახე იცვალა და შემორჩა, ხოლო მეორე თითქმის უკვალოდ გაქრა.
დღესაც რომ ჭურის თავზე შემოუსხდებიან და დედას პურს გასტეხენ, ალბათ შარშანდელ სთვლობას გაიხსენებენ და წლევანდელი მოსავლის დაკრეფა-დაწურვაზე ჩამოაგდებენ სიტყვას. ჯერ კიდევ მოსაკრეფ ვენახს ძველად სასთულებელს ეძახდნენ. ამ სიტყვის არქაული კეთილხმოვანება, ჩემი აზრით, ღვინისადმი, როგორც რეალური სითხისადმი მოწიწებას ამჟღავნებს.
ყურძნის კრეფის დრო ჯიშზე და ამინდზეა დამოკიდებული. ისე კი, ჩვეულებრივ, ადრინდელ საქართველოში, ყურძენს ოქტომბერში კრეფდნენ და წურავდნენ. ამაზევე მეტყველებს ამ თვის ორი სახელწოდება – სთუელის თვე და ღვინობისთვე.
ვენახის და ღვინის თვისებებს მემარნე სინჯავდა. ვახტანგ VI-ის დასტურლამალში ნათქვამია, რომელიც „მემარნემ მოიწონოს და ირჩიოს და მოინდომოს”, ის უნდა დაწურონ კიდეცო“.
კახელმა მეღვინეებმა, რომლებიც ღვინოს ტრადიციული კახური წესით აყენებენ, რა ხანია, ქვევრები გაზაფხულამდე დალუქეს. იმერლები უკვე წლევანდელ ღვინოს წრუპავენ. რაჭა-ლეჩხუმის მარნებში რთვლამდე ჯერ შორია, სამეგრელოში, თუკი ვინმეს მამაპაპური ოჯალეში შემორჩა, ჯერ კიდევ შეუთვალავ ვენახს იმედით უყურებს. გურიასა და აჭარაში კი მევენახეები ჩხავერის, ჯანისა თუ საწურავის რთველს ნოემბრის ბოლოს ან სულაც დეკემბერში გეგმავენ.
რთველზე წინა თვეშიც ვწერდით, მაგრამ სხვადასხვა სათქმელი გვაქვს. რთველში მევენახე არა მარტო საკუთარი შრომის ნაყოფს, არამედ ბუნების წყალობასაც იღებს. არის წლები, როცა მას ეს წყალობა რისხვად მოევლინება. წელს სწორედ ასეთი გაზაფხული დაუდგა კახეთის ათობით სოფელს, სადაც ივნისში სეტყვამ და ღვარცოფმა მოსავალი მთლიანად გაანადგურა.
დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი ამინდი დაემთხვევა რთველს, ასევე – წლის განმავლობაში ნალექების რაოდენობას. გასული წელი, მაგალითად, წვიმიანი იყო. მართალია, სართვლოდ შემოდგომის მზეს ვაურაუდობენ, მაგრამ შარშანაც ასე იყო და ბევრგან ყურძენში შაქრიანობამ სასურველ დონეს ვერ მიაღწია. ამიტომ, კახური ღვინოების დიდი ნაწილი შედარებით დაბალგრადუსიანი გამოვიდა.
წლევანდელი წელი, პირიქით, ზომიერად სიცხიანი იყო. სადაც მოსავალი სეტყვას გადაურჩა, მევენახეები კარგ მოსავალს ელოდნენ, მაგრამ გამუდმებულმა წვიმებმა საქმე გაართულა – ყურძენში შაქრიანობა შეიძლება დავარდეს. გამოდარების შემდეგ მევენახეებს დიდი ჯაფა დაადგათ, რომ ყურძენი სასურველ კონდიციებამდე მიეყვანათ.
დასავლეთ საქართველოს რეგიონებში წვიმიანი შემოდგომა არავის უკვირს. მთავარია, რთვლის დროს ერთი-ორი კვირით მაინც მზე გამოვიდეს და მევენახეები ამ შანსს ხელიდან არ უშვებენ – მოსავლის აღებას ჩქარობენ ხოლმე. ჭირვეული ამინდებიდან გამომდინარე, მათ მეტი რისკი აქვთ და ყოველ წელს ბეწვის ხიდზე გასვლა უწევთ. ზოგი სიჩქარეში ყურძენს ზედმეტად ადრე კრეფს, შედეგად კი ისეთ მჟავე ღვინოს იღებს, როგორზეც იტყვიან – ყვავს დააჩხავლებსო.
ვისაც სურს გაიგოს, რას ნიშნავს „მოსავლის წელი“ და როგორ ახდენს ბუნება კეთილისმყოფელ გავლენას ღვინის ხასიათზე, ვურჩევთ, გასინჯოს მცირე მარნების ნატურალური ღვინოები, სადაც მეღვინეებს ბუნების არასასურველი სიურპრიზების „გამოსწორებაში“ ქარხნული ტექნოლოგიები არ „ეხმარებიან“.
როგორ ღვინოებს უნდა ველოდოთ წლევანდელი მოსავლიდან
მევენახე-მეღვინეები დიდი ხანია შეთანხმდნენ იმაზე, რომ ნატურალური ღვინო ყოველ წელს ერთნაირი ხარისხის ვერ იქნება, თუმცა ზოგადი მდგომარეობა რეგიონების მიხედვით წარმოშობს ტენდენციებს, რომლებიც შემდგომში ამა თუ იმ ღვინის ფასსა და გაყიდვისუნარიანობას განსაზღვრავს.
მიუხედავად იმისა, რომ ახლად დაწურული ღვინოების დიდი ნაწილი მარნებში ჯერ ისევ დუღს, ახლა სწორედ ის პერიოდია, როდესაც მეღვინეებს უკვე შეუძლიათ წლევანდელ ღვინოსთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებების გამოთქმა და პრობლემებზე საუბარი. თუმცა სამწუხაროდ, მეღვინეების ნაწილი რატომღაც გაურბის მოსავლის ხარისხზე საუბარს. ამ ადამიანებს ხშირად არ უყვართ ღვინის ხარისხზე საუბარი, სანამ უშუალოდ არ დარწმუნდებიან მასში.
ბუნებრივია, ყველა მეღვინე ერთ აზრზე ვერ იქნება და მათი მოსაზრებები და შეფასებებიც განსხვავებულია. ზოგი მათგანი რატომღაც დარწმუნებულია, რომ წლევანდელი მოსავლის ღვინოებიც ტრადიციულად ხარისხიანი და მაღალი დონის იქნება და ჩვენს შეკითხვაზე – რა აძლევთ ასეთი ხმამაღალი განცხადებების გაკეთების საშუალებას? – უკეთეს შემთხვევაში ამბობენ, რომ ვაზზე მთელი წლის მანძილზე მათი დაკვირვება, ყურძნის ხარისხი და შემდგომში ღვინის სწორად დაყენება მათ არწმუნებთ, რომ დიდი პრობლემები არ უნდა ჰქონდეთ.
პრობლემები წელს ქართულ მევენახეობას არ აკლდა. ეს პირველყოვლისა, ცხადია, სეტყვაში გამოიხატა, რომლის შედეგადაც თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში არაერთი ვენახი განადგურდა. მიუხედავად იმისა, რომ კახეთის მთელი რიგი სოფლები წელს დაისეტყვა და ყურძნის მოსავალი განადგურდა, კონკრეტულ სოფლებსა და მუნიციპალიტეტებში (მაგალითად, გურჯაანსა და საგარეჯოში) მოსავალი მაინც კარგი მოვიდა და ადგილობრივი მეღვინეები არც ყურძნის ხარისხს ემდურიან.
როგორც შიდა, ასევე ქვემო ქართლში წლევანდელი წელი მაღალი მოსავლიანობით იყო გამორჩეული, რაც ვაზისადმი მევენახის გაწეული შრომისა და ოპტიმალური კლიმატური პირობების შედეგია. რაც შეეხება ყურძენსა და მისგან მიღებულ ღვინოს – იგი მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ეს მისი სიტკბოს დამსახურებაა, რაც იგრძნობოდა კიდეც მისი დუღილისა და დალექვა-დაწვდომის პროცესში. თუმცა, ქართლში არსებული სავენახე ფართობების სიმცირე (რაც რუსული ოკუპაციითაცაა გამოწვეული) გვაფიქრებინებს, რომ ქართლის ღვინის მოსავალი ზოგადად ქართული ღვინის საერთო სურათზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს.
წლევანდელი წლისგან ყველაზე მეტად დაზარალებული მევენახე-მეღვინეების აზრით კი, წლევანდელი მოსავლის შედარება გასულ წელთან ცოტა უხერხულიცაა, რადგან შარშან მევენახეობას ასეთი სერიოზული ზიანი სეტყვისგან არ მისდგომია, რამაც იმოქმედა ღვინის ხარისხსა და უკონდიციობაზე.
სეტყვამ არა, მაგრამ ნესტმა და გახშირებულმა წვიმებმა გარკვეული პრობლემები შეუქმნა მეგრელ და გურულ მევენახეებს. თუმცა, საქართველოს ამ კუთხეებში დღესდღეობით ვენახების ფართობების, სამწუხაროდ, იმდენად მცირეა, რომ ამ პრობლემებს ბევრი ადამიანი არ დაუზარალებია. თუმცა, დასავლეთ საქართველოში იყო მიკროზონები, სადაც წლევანდელი მოსავლითა და ღვინის ხარისხით ძალიან კმაყოფილი არიან.
წელს საქართველოს ყველა მხარეში ერთნაირი მოსავალი არ ყოფილა და ღვინის ხარისხიც ტრადიციულად განსხვავებული იქნება. თუმცა, იმერელი მევენახე-მეღვინეები ვარაუდობენ, რომ გასული ხუთი წლის განმავლობაში წელს გამორჩეულად კარგი ღვინო შეიძლება მიიღონ.
მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ 2020 წელი ქართული მეღვინეობისათვის აუცილებლად საინტერესო წელი იქნება და, დარგში არსებული პრობლემების მიუხედავად, მოლოდინი მაინც დიდია.