ნობელი ლუიზ გლიუკსა და მის უბრალო და შეუმჩნეველ პოეზიას

პუბლიკა

ავტორი – ქეთევან კოკოზაშვილი

ლუიზ გლიუკი  ნაკლებად ცნობილია  ჩვენს ქვეყანაში და, როგორც აღმოჩნდა, სხვაგანაც, რადგან მისი  პოეზია ნაკლებად ითარგმნება.  8 ოქტომბერს კი  მას უკვე ყველა გაიცნობს.  ამერიკელმა პოეტმა ქალმა,  ლუიზ  გლიუკმა  ლიტერატურაში ნობელის პრემია მიიღო. ეს დიდი ჯილდოა მისი პოეზიისთვის, მან ,,პიროვნული ყოფა უნივერსალურად აქცია“.

შვედეთის აკადემია შეეცადა გაენელებინა არაერთი პოლემიკა,  ამ ბოლო წლებში ლიტერატურაში გადაცემული  ცნობილი ჯილდო რომ ასე გააუფერულა.  2020 წლის ნობელის პრემია გადაეცა ამერიკელ პოეტს, ლიუზ გლიუკს ,,გამორჩეული პოეტური ხმისთვის, რომელმაც პიროვნული ყოფა დახვეწილი მშვენიერებით უნივერსალურად აქცია“. პოლონელი ოლგა ტოკარჩუკისთვის პრემიის გადაცემიდან ორი წლის შემდეგ ლუიზ გლიუკი მეთექვსმეტე ქალია, რომელმაც ნობელი მიიღო. ეს არის 2020 წლის გადაწყვეტილება ლიტერატურაში.

ვინ არის ის? პოეტი დაიბადა 1943 წელს ნიუ-იორკში, უნგრული წარმოშობის ებრაელების  ოჯახში. ლუიზ გლიუკი ცხოვრობდა კემბრიჯში, მასაჩუსეტსში, ახლა იელის (კონექტიკუტი) უნივერსიტეტის ინგლისური ენის პედაგოგია. მისი ლიტერატურული დებიუტი 1968 წელს შედგა. დღეისათვის  ის თანამედროვე ამერიკული ლიტერატურის  ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პოეტად არის აღიარებული.

ლუიზ გლიუკმა გამოსცა თორმეტი პოეტური კრებული, ასევე ესეები პოეზიაზე. მისი ნაწარმოებები ხასიათდება მკაფიოდ გამოსახული პოეტური სახეებით,  ყველასთვის ნაცნობი და  ახლობელი თემებით (ბავშვობა, ოჯახური ყოფა და ა. შ.).

,,მართალია, გლიუკისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ავტობიოგრაფიული ფონი, მაგრამ ის არ უნდა მივიჩნიოთ სარწმუნოებით შემოსაზღვრულ პოეტად“,- ამბობს  ნობელის აკადემია ავტორის წარდგენისას.

დღეს ჟიური მის ნაწარმოებებს აჯილდოებს ,,უნივერსალური წვლილისა“ და ,,კლასიკური მითებითა და  მოტივებით შთაგონებისთვის“. მის კრებულებში იკვეთებიან დიდონი,  პერსეფონე, ევრიდიკე…  მკითხველს ხიბლავს მისი პოეტური ხმის მრავალფეროვნება.

,,მე მიზიდავს ელიფსები, მინიშნებები, გამოუთქმელი, მეტყველი და ბევრისმთქმელი სიჩუმე. ხშირად მინდა, რომ მთელი ლექსი ამგვარად ვწერო.  ,,უხილავიც“ ამავე განცდას იწვევს. მაგ. ვფიქრობ ხოლმე ნანგრევების უჩვეულო შესაძლებლობებზე, ხელოვნების დაზიანებულ ან დაუსრულებელ ნაწარმოებებზე“, – ლუიზ გლიუკი, 1993 წლის სტატია, ,,წყვეტა, ყოყმანი, სიჩუმე“.

რაინერ მარია რილკესა და ტომას სტერნზ ელიოტის გავლენით, ამერიკელი პოეტი წერისას ხშირად მიმართავს ელიფსური მეტყველების  ხერხს და ამბობს ხოლმე, რომ მოსწონს, როცა რაღაცას სრული სახე არ აქვს. პოეზიის ბრწყინვალე ბაროკოში ლუიზ გლიუკი ირჩევს სისადავეს, წერას ზედმეტი ეფექტების გარეშე. ასეთი ხერხებით ის ემილი დიკინსონის მიმდევარია.

„უპირატესობას ვანიჭებ თავისთავად არსებული სიჩუმის ყოველგვარ ფორმას. მიყვარს თეთრი სივრცე, მიყვარს გამოტოვება, ის უფრო ბევრისმთქმელია, მიყვარს, როცა რაღაცას ვაკლებ. ჩემთვის მეტისმეტად გამაღიზიანებელია, თუ შევამჩნიე, რომ გვერდით არაფერი გადადეს“. ლუიზ გლიუკი, ესეი, რომელიც ეძღვნება მის რჩეულ ამერიკელ პოეტს, ჯორჯ ოფენს (1908-1984).

როგორც პარიზის სორბონის უნივერსიტეტის ამერიკული ლიტერატურის სპეციალისტი კრისტინ სავინელი  ლუიზ გლიუკისადმი მიძღვნილ სტატიაში აღნიშნავს, პოეტი ამერიკული პოეზიის სამყაროში ერთდროულად ,,გამორჩეულიც არის და განმარტოებულიც“. გამორჩეულია, რადგან ნობელის პრემიის მიღებამდე მან 1993 წელს პულიცერის პრესტიჟული პრემია მოიპოვა კრებულისთვის ,,ველური ზამბახი“,  2014 წელს კი მოიპოვა წიგნის ეროვნული ჯილდო. განმარტოებულია, რადგან მისი ნაწარმოებები თანამედროვე პოეზიის მიმდინარეობათა მიღმა დგას და ხშირად ისეთ რამეს მიაკუთვნებენ, რაც არ იყო – ინტელექტუალური პოეზია, რომელიც აღბეჭდილია ავტობიოგრაფიულ-აღმსარებლობითი ნიშნით.

,,ლუიზ გლიუკი ნამდვილად დიდი პოეტია. ის ამბობს ,,მე“ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კრებულში ,,წითელი ყაყაჩო“ იგი წერს: ,,კარგია, გონება თუ არ არის უპირატესი. ო, გრძნობები! დიახ, მაქვს“. ეს არის სიცხადის პოეზია. მისი ენა მსუბუქია, ზოგჯერ ძალიან უბრალოც. მისი პოეზია განმსჭვალულია სადა ლირიზმით, გამოირჩევა სიმსუბუქითა და გამჭვირვალობით, სწორედ ეს იზიდავს და ხიბლავს მკითხველს“, – წერს სოფი ნოლო.

მომზადებულია ,,ფრანს კულტურის“ მასალების მიხედვით.