ალიევი განჯაში თურქული გამანადგურებლების ყოფნას ადასტურებს

პუბლიკა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განჯას აეროპორტში თურქული F-16 ტიპის გამანადგურებლების ყოფნა დაადასტურა. მაგრამ არაბულენოვან CNN-თან ინტერვიუში ალიევმა განაცხადა, რომ თვითმფრინავები იქ თურქეთთან ერთად ჩატარებული წვრთნების მერე დგანან და საომარ მოქმედებებში არც ერთხელ გამოუყენებიათ.

ალიევის თქმით, სომხეთი დეზინფორმაციას ავრცელებს და მათი Su-25 თურქულ F-16-ს არ ჩამოუგდია. თურქეთის კუთვნილი თვითმფრინავები განჯაშია, თუმცა ცაში არ აფრენილან და სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობა არ მიუღიათ. „მათ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ F-16-მა ჩამოაგდო სომხური Su-25, რაც სიცრუეა და ვინც ამას გვაბრალებს, უნდა მოიბოდიშოს, რადგან ყველამ იცის, რომ ეს სიცრუეა“, – თქვა ალიევმა.

განჯაში ორი თურქული გამანადგურებლის ყოფნაზე ინფორმაცია 7 ოქტომბერს ამერიკული გამოცემა The New York Times-ის გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდმა გაავრცელა.

„განჯას აეროპორტში სულ მცირე ორი F-16-ია, სავარაუდოდ სატვირთო თვითმფრინავის CN-235-ის გვერდით. თვითმფრინავების ყოფნა Planet Lab-ის 3 ოქტომბერს გადაღებული სატელიტური ფოტოების ანალიზით დგინდება. გამანადგურებლებს სავარაუდოდ თურქეთის საჰაერო ძალები უწევს ოპერირებას“, – წერდა გამოცემის ჟურნალისტი კრისტიან ტრიებერტი.

მანამდე, 29 სექტემბერს სომხეთის ხელისუფლებამ განაცხადა, განჯის აეროდრომიდან აფრენილმა თურქულმა გამანადგურებელმა F-16-მა მათი სამხედრო თვითმფრინავი Su-25 ჩამოაგდო, რომლის პილოტიც დაიღუპა. ეს ინფორმაცია უარყვეს როგორც თურქეთში, ისე აზერბაიჯანში.