დაპირისპირების 25-ე დღე | აზერბაიჯანმა ლაჩინის დერეფნისკენ შეტევა დაიწყო

პუბლიკა

მთიან ყარაბაღში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 25-ე დღეა, სამხედრო კონფლიქტი გრძელდება. აზერბაიჯანმა გუშინ სამხრეთით მნიშვნელოვანი ტერიტორიების, მათ შორის, რაიონული ცენტრის ზანგილანის დაკავება შეძლო, სომხეთის საზღვარს მიუახლოვდა და ჩრდილოეთით ლაჩინის დერეფნისკენ გაეხსნა გზა.

წუხელ კი აზერბაიჯანულმა არტილერიამ და უპილოტო საფრენმა აპარატებმა ლაჩინის დერეფნის მიმართულებით სომხური პოზიციები დაბომბეს. ლაჩინის დერეფანი ყარაბაღისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხეობაა. მთიანი ყარაბაღის რთული რელიეფის გამო, თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას სომხეთთან სულ რამდენიმე გზა აკავშირებს, ლაჩინის ხეობა კი მათ შორის ყველაზე მოკლე და ძირითადი დამაკავშირებელი ხაზია.

გუშინვე აზერბაიჯანელებმა გაავრცელეს ფოტო, რომელზეც რუსული დროშა ჩანს. მათი მტკიცებით, სომეხმა მესაზღვრეებმა რუსეთის დროშა გაშალეს, რათა აზერბაიჯანელები უშუალოდ სომხეთის ტერიტორიაზე არ შესულიყვნენ. აზერბაიჯანის ხელისუფლების ინფორმაციით, მათ ახალ ტერიტორიებზე შეტევა დაიწყეს სამხრეთ-აღმოსავლეთითაც, ჯებრაილის არეალში.

თუმცა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი შუშან სტეფანიანი გუშინ წერდა, რომ მათი კონტრშეტევის შემდეგ აზერბაიჯანელებმა სამხრეთ ფრონტზე ირანის საზღვრისკენ დახევა დაიწყეს. სტეფანიანის თქმით, მათ აზერბაიჯანული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებაც შეძლეს.

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლი არწრუნ ჰოვანესიანი აცხადებს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მათ ათობით აზერბაიჯანული უპილოტო ჩამოაგდეს, ხოლო სომხური ძალების გარკვეულ მონაკვეთებზე უკან დახევა დამარცხებას არ მოასწავებს, რადგან უფრო მარტივად გასამაგრებელ პოზიციებზე ცდილობენ გადაჯგუფებას.

დღეს ცნობილი გახდა, რომ როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთში გაემგზავრნენ რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან შესახვედრად.

სომხეთის პრეზიდენტი, არმენ სარგსიანი, კი ბრიუსელში გაემგზავრა. სომხეთის ხელისუფლების ინფორმაციით, სარგსიანი იქ NATO-ს გენერალურ მდივანსა და სხვა ოფიციალურ პირებთან გამართავს შეხვედრებს, მთიან ყარაბაღში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

ასევე, UEFA-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა სომხეთისა და აზერბაიჯანის ეროვნულ ნაკრებებსა და ამ ორი ქვეყნის საფეხბურთო კლუბებს შორის შეხვედრები აკრძალა.