საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში დანით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა სამი ადამიანი მოკლა. BBC-ის ცნობით, დაჭრილია კიდევ რამდენიმე ადამიანი. შემთხვევა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მოხდა. მედიის ცნობითვე, ერთ-ერთ მსხვერპლ ქალს თავი აქვს მოკვეთილი.
ნიცის მერი, კრისტიან ესტროსი ტვიტერზე წერს, რომ დაკავებულია ერთი ადამიანი და საქმეს საფრანგეთის ანტიტერორისტული დეპარტამენტი იძიებს.
„თავდამსხმელს პოლიციამ ესროლა. ის ცოცხალია და საავადმყოფოში გადაჰყავთ. თავდამსხმელი დაკავების შემდეგაც იმეორებდა ფრაზას „ალაჰი უზენაესია“, – წერს ესტროსი.
ნიცის მერი აღნიშნულ შემთხვევას 16 ოქტომბრის მკვლელობასთან აიგივებს, როდესაც პარიზის გარეუბანში ისტორიის მასწავლებელს თავი მოკვეთეს. ადგილობრივი მედია ამბობდა, რომ მასწავლებელმა საკლასო ოთახში მოსწავლეებს წინასწარმეტყველ მუჰამედის ის კარიკატურა აჩვენა, რის გამოც ტერორისტები სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოს“ დაესხნენ თავს.