ანუ რას ვერჩით გიორგი ჩაკვეტაძეს?
ძალიან ცდება ის, ვინც ფიქრობს, რომ 21-ე საუკუნის ფეხბურთში ქომაგები ლიდერებს, ბელადებს და წინამძღოლებს არ ეძებენ. სწორედ „ლიდერომანიამ“ და წინამძღოლის ძიებამ შვა თანამედროვე გუნდის კაპიტნის კლასიკური სახე, რომელიც შეიძლება არ იყოს სუპერვარსკვლავი, მაგრამ იყოს ჭეშმარიტი ავტორიტეტი, რომლისაც სჯერათ, უსმენენ და, რამე რომ იყოს, მისგან ალიყურიც მიიღება. მე ასეთ კაპიტნად მახსოვს ინგლისელი თონი ადამსი, არგენტინელი ხავიერ ძანეტი, გერმანელი შტეფან ეფენბერგი და ჰა და ჰა ქართველი კახა ცხადაძეც, რომელიც ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო კაპიტანი იყო ჩვენი არცთუ დიდი ისტორიის მქონე საფეხბურთო ნაკრების 30-წლიანი არსებობის ჟამს.
ეს კაპიტნებზე… მაგრამ ლიდერობა მხოლოდ კაპიტნის სამკლაურის ფერადოვნებით ხომ არ განიზომება?! სულ არაფერში დასჭირვებია ერიკ კანტონას კაპიტნის სამკლაური იმისთვის, რომ გუნდისთვის ეწინამძღვრა. კატალონიის „ბარსელონაში“ მხსნელად და ბელადად მოვლენილი რივალდოც ხომ გახსოვთ? თუშ-ფშავ-ხევსურებს იმდენჯერ არ გადაურჩენიათ ქართლ-კახეთი მტრისგან აოხრებისგან, რამდენჯერაც იმ კაცმა კატალონიური გუნდი თავსლაფს გადაარჩინა და ამ დიად საქმეებში საერთოდ არ დასჭირვებია მხარზე სხვა ფეხბურთელებისგან განმასხვავებელი ნიშანი.
ორი გიორგი – ქინქლაძიდან-ჩაკვეტაძემდე
აი ასე ოკრო-ბოკრო გზებით მივედით ჩვენებურ ბიჭამდე – გიორგი ჩაკვეტაძემდე, რომელმაც საქართველოს ნაკრებში გამოჩენისთანავე აალაპარაკა მტერ-მოყვარე და ვისზეც ამ რამდენიმე თვის წინ მხოლოდ აღტაცებით საუბრობდნენ. მოძალებულმა ტრავმებმა გიორგის მართლაც რომ ძალიან შეუშალა ხელი თავისი სრული შესაძლებლობების წარმოჩენაში, მაგრამ ახლა ჩაკვეტაძის ტრავმიანობაზე მეტად ის გვაინტერესებს, რას მოელის ამ ჯეელისგან ჩვენი ქვეყანა და ახლა რატომ აკრიტიკებს ყველა, ვისაც არ ეზარება.
დავიწყოთ იმით, რომ გიორგი ჩაკვეტაძე ლიდერი არ არის. სრულიად მარტივი ამბავია, ბუნებით არაა ეს ბიჭი ლიდერი და სრულიად აბსურდული იქნება საპირისპიროს მტკიცება. სწრაფია, საოცრად უჭირავს ბურთი, პასის მიცემის კულტურა აქვს ინიესტაც კი რომ მოაწერდა ხელს, ტექნიკა ხომ აქვს და აქვს, მაგრამ არაა ლიდერი და ამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ვერც იქნება. ამ მხრივ ჩაკვეტაძე ძალიან მაგონებს მის დიდ სეხნიას – გიორგი ქინქლაძეს, რომლისგანაც საქართველშიც და ინგლისშიც სურდათ გუნდის ბელადი, წინამძღოლი შეექმნათ, მაგრამ ისიც გაელვების, მონაკვეთის, ეპიზოდის ფეხბურთელი იყო და ზუსტად ასეა ჩაკვეტაძეც.
მსოფლიო ფეხბურთს არაერთი მსგავსი ხასიათისა და ბუნების ფეხბურთელი ახსოვს. აი მაგალითად ავიღოთ ლეგენდარული გარინჩა. განა დიდ „მანე“-ზე ვისმეს შეუძლია თქვას, რომ ცუდი ფეხბურთელი იყო? მაგრამ არც გარინჩა იყო ის კაცი, რომელიც მარცხის ჟამს საკუთარ თავზე აიღებდა თამაშის ბედს, წინ წარუძღვებოდა გუნდს, როგორც შტეფან ეფენბერგმა იცოდა – ვეფხვივით თვალებიდან ნაპერწკლების ფრქვევით შეაკვდებოდა მოწინააღმდეგეს. ადამიანები არ ვართ ერთნაირი და ვერც გარინჩას მოეთხოვებოდა ყოფილიყო პელე, იქ, სადაც პელე უკვე იყო პელე.
მისი აღმატებულება „იუთუბის“ დახმარებით, უამრავი ძველი საფეხბურთო მატჩის ნახვა გახდა შესაძლებელი. ჩვენ ძალგვიძს შევამოწმოთ ძველი თაობის ქომაგების აღტაცებული მონოლოგების რეალურობა იმასთან დაკავშირებით, რა „მაგრად თამაშობდნენ ძველი თაობის ლეგენდები“ და „ახლა როგორ გაფუჭდა ფეხბურთი“. ეს დავა და სხვადასხვა თაობის საყვარელი ლეგენდის „დატოლება“ ალბათ სულ იქნება, მაგრამ ძველი მატჩებიდან რაც ყველაზე ნათლად ჩანს, ისაა, რომ მარიო კემპესიც, პაოლო როსიც, ეუსებიოც, ფრენც პუშკაშიც, ბეკენბაურეიც, ვავაც, ედერიც, გარი ლინკერიც და სხვანიც ნამდვილად დიდი ფეხბურთელები ყოფილან და ეს იმ გახუნებული კადრებიდანაც აშკარად ჩანს. ერთი ისაა, რომ ყველა ჩემ მიერ ჩამოთვლილი ვარსკვლავი არ ყოფილა გუნდის ლიდერი და წინამძღოლი. ისინი ნამდვილი პროფესიონალები, თავისი საქმის კარგად მცოდნენი და იმ ეპოქაში საკუთარ პოზიციაზე გამორჩეული ფეხბურთელები იყვნენ. ეს კადრები გვარწმუნებს, რომ ადამიანები მართალია მუდამ და ყველგან ეძებენ ლიდერებს, მაგრამ კარგი ფეხბურთელი ხშირად მთელი მატჩის განმავლობაში ჩრდილში იყოს, 2-3 ეპიზოდით წყვეტდეს ყველაფერს. და ეს ცოტაა?…
სხვათა შორის, ჩვენს ნაკრებს ჰყავს ერთი ნამდვილი ლიდერი, რომელიც, ცხადია, სათამაშო კლასით ჩამოუვარდება იმავე ჩაკვეტაძეს. მას სახელად კაპიტანი ჯაბა კანკავა ჰქვია. შეიძლება ბევრი ვიდავოთ ჯაბას სათამაშო კლასზე, უნარებზე, ასაკზეც კი, მაგრამ ლიდერი სწორედ ისაა და სწორედ მას ძალუძს გაჭირვების ჟამს წინამძღოლობა. რამდენად ხშირად გამოსდის ეს და ჩვენ მისგან რა გვინდა – ცალკე ამბავია.
პატარა ბიჭი „ალყაში“
დავუბრუნდეთ გიორგი ჩაკვეტაძეს. კორონა-პანდემიამდე გიორგის აეროპორტში გადავეყარე, რომელიც ზამთრის არდადეგების შემდეგ ბელგიაში ბრუნდებოდა. ცნობილ ფეხბურთელთან ადამიანები ფოტოს გადასაღებად, ან უბრალოდ ხელის ჩამოსართმევად რომ მიდიან, ამაში არაფერია გასაკვირი. მით უმეტეს, რომ საქართველოს ნაკრებს ჩაკვეტაძემდე დიდ ხანს არ ჰყოლია ისეთი ფეხბურთელი, ადამიანი სამომავლოდ მნიშვნელოვან იმედს რომ დაამყარებდა. გასაკვირი კი ის იყო, რომ ჩაკვეტაძესთან მისული ხალხი (უმეტესად საშუალო ასაკის მამაკაცები) მასთან ფოტოების გადაღებაზე მეტად ცდილობდნენ „ბრძნული რჩევების“ კორიანტელი დაეყენებინათ და მაშინ ტრავმებისგან გატანჯული ახალგაზრდა ბიჭი, შეიძლება ითქვას, რომ „საფეხბურთო ექსპერტების“ არმიის ალყაში მოექცა. გიორგი ჩაკვეტაძე ხალხით გარემოცული მოწყენილი სახით იდგა და თავდახრილი ყველას უსმენდა.
ერთი ურჩევდა, რომ მომდევნო თვე არ ევარჯიშა, რადგან ტრავმის გამიზეზების ეშინოდა (კარგი პროფესიონალი ექიმივით ლაპარაკობდა და ბოლოს აეროპორტის თანამშრომელი აღმოჩნდა), მეორე „ასწავლიდა“, რომ ბელგიაში საკუთარი „თამაში დაემალა“, რადგან მის თამაშს მოწინააღმდეგეები – ბელორუსები და მაკედონიელებიც უყურებდნენ და „სლაბ ტოჩკებს“ გაუგებდნენ. ერთი ასე 25 წლის ბიჭი ემუქრებოდა – უფრო ლამაზი ფეხბურთი ითამაშე, თორემ სირბილით გარეთ ბეილიც კი დარბისო (ის გარეთ ბეილი, რომელშიც თავის დროზე მადრიდის „რეალმა“ 100 მილიონი ევრო გადაიხადა, ჩვენ კი ჩაკვეტაძის ოდნავ წესიერ კლუბში გადასვლაზე ვოცნებობთ). ხოლო ყველა ერთად, ერთხმად და ერთობლივი ძალებით „არწმუნებდა“, რომ სრულიად საქართველოს მისი იმედი ჰქონდა და ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ბეჩავი ნაკრები სწორედ მას – ერთ კაცს უნდა გაეყვანა.
ეს ემირ კუსტურიცას ფილმის სიუჟეტივით ამბავი მოვყევი იმის უკეთ დასანახად, როგორი (ხშირ შემთხვევაში სრულიად აბსურდული) წნეხის ქვეშ უწევს თამაში ჯერ სრულიად პატარა ბიჭს, რომელსაც დიდი ფეხბურთი არასოდეს უთამაშია. ამდენ „ყოვლისმცოდნე ექსპერტებს“ კიდევ გაუძლებდა ადამიანი, რომ არა მოხშირებული ტრავმები, ბელგიის პირველობაზე უკეთეს ჩემპიონატში გადასვლა-ვერგადასვლაზე მედიის მუდმივი სპეკულირება და ბოლოს და ბოლოს ის რეალობა, რომელიც პანდემიის შემდეგ მთელ მსოფლიოში შეიქმნა.
ჩაკვეტაძე წინ!!
ბევრ რამეში კი მივამსგავსე, მაგრამ გიორგი ქინქლაძისგან განსხვავებით ჩაკვეტაძე აშკარად უფრო უიღბლოა და ეს უიღბლობა, იმედია, ადრე თუ გვიან წარსულში დარჩება. საქართველოდან ევროპაში წასულმა ქინქლაძემ მიჯრით სამი წელი ბრიტანეთისა და ევროპის სტადიონები მძიმე ტრავმის მიღებამდე მრავალგზის აახმიანა და სწორედ იმ საოცარ სამ წელიწადში დაირქვა მაგარი ფეხბურთელის სახელი. საქართველოდან წასულმა ჩაკვეტაძემაც ძალიან კარგად დაიწყო და ევროპის პრესა მალევე ალაპარაკდა მის უფრო კარგ კლუბში გადასვლის შანსებზე. მაგრამ რად გინდა? ჯერ ერთმა, შემდეგ კი მეორე ტრავმამ მატჩებიც გამოატოვებინა და მოკრიტიკეებიც მოუმრავლა. არადა, სწორედ წელს იყო მომენტი, როდესაც გრანდებისთვის შეეძლო დაემახსოვრებინა თავი, მერე კი ყველაფერი, როგორც იტყვიან, „ტექნიკის საქმე“ იქნებოდა…
ახლა ის დროა, როდესაც ჩვენმა ნაკრებმა შეიძლება მართლა აგვიხდინოს დიდი ოცნება და ამდენი ჯახირის შემდეგ იქნება მართლაც გავიდეთ ასე ნანატრ ევროპის ჩემპიონატზე. ეს, ცხადია, საქართველოს ნაკრების ყველა ქომაგის დიდი ნატვრაა და მაკედონიის წინააღმდეგ 12 ნოემბერს გასამართ გადამწყვეტ მატჩში გიორგი თავის თანაგუნდელებთან და პირველყოვლისა ხვიჩა კვარცხელიასთან ერთად თავის სიტყვასაც იტყვის. სულ რამდენიმე დღე გვაშორებს ამ ისტორიულ მატჩამდე. და რომ დავმარცხდეთ?… ბურთი ხომ მრგვალია და ხომ შეიძლება ესეც მოხდეს? აი მაშინ ნეტა რას იტყვიან ჩვენს გუნდზე და გიორგი ჩაკვეტაძეზე? მთავარია, ყველაფერი მას არ დააბრალონ და დანარჩენს ავიტანთ.
ისე კი, რა თქმა უნდა, წინ საქართველო! ჩაკვეტაძე წინ!!