ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ 48%-ზე მეტი მიიღო და პარლამენტში 61 მანდატი გაიყვანა. ასევე „ოცნების“ 13-მა კანდიდატმა მაჟორიტარული არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვა და მეორე ტურის წინ მათ მხოლოდ 2 მანდატი აკლიათ უმრავლესობამდე.
„ქართული ოცნების“ გარდა, ცესკოს მიხედვით, პარლამენტში ხვდება 8 ოპოზიციური პარტია. თუმცა, ყველა მათგანი უარს ამბობს მანდატებზე და არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. პარლამენტში არშესვლის შესახებ ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივ დოკუმენტსაც მოაწერეს ხელი.
ოპოზიციურ პარტიებს ორი მთავარი მოთხოვნა აქვთ – ხელახალი არჩევნები და საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა.
ასევე, ოპოზიციის წარმომადგენლებს საოლქო კომისიებში ასობით საჩივარი აქვთ შეტანილი. არაერთი საჩივარი შეიტანეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც. საოლქო კომისიებში კი აქციების ფონზე ამ სარჩელების ნაწილს განიხილავენ.
შესაძლებელია თუ არა ხელახალი არჩევნების ჩატარება? რა შემთხვევაში შეძლებს ოპოზიცია ამის მიღწევას, ან შესაძლებელია თუ არა ხელახალის ნაცვლად რიგგარეშე, ანუ ვადამდელი არჩევნების ჩატარება? კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „პუბლიკასთან“ რამდენიმე სცენარს განიხილავს, რომლის მიხედვითაც შესაძლოა არჩევნები ხელახლა ჩატარდეს.
ხელახალი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა
ვახტანგ ხმალაძე „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ ხელახალი არჩევნების ჩატარების ერთადერთი გზა არსებობს და ის ბიულეტენების ბათილად ცნობაზე გადის.
ხმალაძე განმარტავს, რომ არჩევნების შემდეგ პროცედურები ითვალისწინებს შემოწმების შესაძლებლობას. ოღონდ ეს დამოკიდებულია საარჩევნო კომისიებზე, როგორც საოლქო, ისე ცენტრალურ კომისიასა და სასამართლოებზე.
კონსტიტუციონალისტის თქმით, შემოწმების შედეგად ასეთი ვითარება შეიძლება შეიქმნას:
- დადასტურდეს გამოცხადებული შედეგები;
- უმნიშვნელოდ შეიცვალოს გამოცხადებული შედეგები – ისე, რომ ან საერთოდ არ მოახდინოს გავლენა არჩევნების საარჩევნო შედეგზე, ანუ იმაზე, რომელ პარტიას რამდენი მანდატი ერგო, მაჟორიტარულ ოლქებში ვინ გაიმარჯვა და ა.შ.; ან შეიძლება გავლენა იქონიოს, მაგალითად, რამდენიმე მაჟორიტარულ ოლქში. მაგრამ ეს არ იყოს ის ცვლილება, რომელიც კანონის შესაბამისად, იწვევს რადიკალური ნაბიჯების გადადგმას.
რას გულისხმობს ვახტანგ ხმალაძე რადიკალურ ნაბიჯებში:
პირველი სცენარი:
მაგალითად, თუკი აღმოჩნდება, რომ გაბათილდა იმდენი უბნის შედეგები, რომ პროპორციულ ნაწილში, ამ უბნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა აღემატება საქართველოში ამომრჩეველთა რაოდენობის 10%-ს – ეს, ჯამში, არის დაახლოებით 350 000 ამომრჩეველი. ამ შემთხვევაში, ცესკო ვალდებულია ამ უბნებში დანიშნოს პროპორციული წესით განმეორებითი კენჭისყრა და შემდეგ შედეგები უნდა დადგინდეს ამ განმეორებითი კენჭისყრის საფუძველზე.
„იმ შემთხვევაში, თუკი გაბათილდა იმდენი უბნის შედეგი, რომ 10%-ზე ნაკლები იქნება მათი ჯამი, განმეორებითი კენჭისყრა არ გაიმართება და შედეგები შეჯამდება ამ უბნების გარეშე. მაგრამ თუ ჯამი 10%-ზე მეტი იქნება, მაშინ ორი კვირის ვადაში უნდა გაიმართოს განმეორებითი კენჭისყრა და საბოლოო შედეგები დადგინდეს ისე, რომ ეს ხელახალი კენჭისყრის შედეგები დაემატოს იმ უბნებს, სადაც ბათილად არ იყო ცნობილი შედეგები“, – ამბობს ვახტანგ ხმალაძე „პუბლიკასთან“.
მეორე სცენარი:
ხმალაძის თქმით, მეორე სცენარი ვითარდება, თუ ბათილად იქნა ცნობილი არჩევნების შედეგი საარჩევნო ოლქების ნახევარზე მეტში, ან იმდენი საარჩევნო უბანი, რომლებშიც ჯამურად ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა, საქართველოში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტია. ასეთ შემთხვევაში იმართება ხელახალი არჩევნები.
„ხელახალი არჩევნები უნდა გაიმართოს ორი თვის ვადაში და უნდა გაიმართოს ისე, თითქოს მანამდე არჩევნები არ ჩატარებულა. ხელახლა უნდა გავიაროთ ყველა პროცედურა: პარტიული სიებისა და მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენა, რეგისტრაცია და ა.შ. ეს არის მეორე შემთხვევა.
პარლამენტის შეკრებამდე სხვა რამე ვეღარ მოხდება. ან ყველაფერი რჩება ისე, როგორც არის, შესაძლოა, გარკვეული კორექტირებით. თუ არადა, იმართება ხელახალი არჩევნები გარკვეულ უბნებზე ან მთლიანად საქართველოში“, – განმარტავს ვახტანგ ხმალაძე.
რიგგარეშე არჩევნების შესაძლებლობა
ვახტანგ ხმალაძის თქმით, რამდენიმე თვეში არჩევნების ხელახლა ჩასატარებლად არის კიდევ ერთი გზა – პარლამენტის შეკრების შემდეგ. ოღონდ, ამ შემთხვევაში არა ხელახალი არჩევნები, არამედ რიგგარეშე, ანუ ვადამდელი არჩევნები დაინიშნება. რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა კი ასეა შესაძლებელი:
პირველი სცენარი:
ვახტანგ ხმალაძის თქმით, თუ პარლამენტი შეიკრიბება და ცნობს არჩეულად გამოცხადებულ პირთა უფლებამოსილებას, მაგრამ ვერ შექმნის მთავრობას, ამ შემთხვევაში ძველი მთავრობა აგრძელებს მოვალეობის შესრულებას და პრეზიდენტი ვალდებულია, დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები, რომელიც უნდა გაიმართოს ორი თვის ვადაში.
„აქვე დავამატებ, რომ მესამე სცენარი შეიძლება განვითარდეს ობიექტური მიზეზების გამო. ანუ ისეთი გამოვიდეს პარლამენტის შემადგენლობა, რომ ვერ შექმნას უმრავლესობა, ვერც კოალიციური და შესაბამისად, ვერ შექმნას მთავრობა.
ასევე, ეს სცენარი შეიძლება განვითარდეს ხელოვნურადაც. აი, ავიღოთ ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა. ამ მოცემულობით, ერთმა პარტიამ მოიპოვა 61 მანდატი პროპორციული სიით და მაჟორიტარული არჩევნები პირველ ტურში მოგებული აქვს 13 ოლქში. ეს უკვე არის 74 მანდატი და საკმარისია, მან მოიგოს კიდევ 2 ერთმანდატიანი ოლქი და უკვე ექნება უმრავლესობა. შესაბამისად, პარლამენტი უფლებამოსილი იქნება, რომ შეიკრიბოს.
მაგრამ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, ვინც მანდატები მოიპოვა, თუ უარი თქვა მანდატებზე და გააუქმა პარტიული სიები, მაშინ პროპორციულ ნაწილში პარლამენტის შემადგენლობის შევსება შეუძლებელი გახდება და პარლამენტს 4 წლის განმავლობაში დააკლდება 59 მანდატი“, – ამბობს ვახტანგ ხმალაძე „პუბლიკასთან“.
ხმალაძის თქმით, პროპორციულისგან განსხვავებით, თუკი ოპოზიციამ მოიგო რამდენიმე მაჟორიტარული ოლქი და ეს მანდატებიც გააუქმა, ეს ადგილები ვაკანტური დარჩება მხოლოდ მაისამდე. მაისში გაიმართება შუალედური არჩევნები და ეს მანდატები შეივსება. ამიტომ, პოლიტიკური კრიზისის შესაქმნელად მნიშვნელოვანია მანდატების გაუქმება პროპორციულ ნაწილში.
„ასე რომ, ჩვენ გვექნება სურათი არამხოლოდ ერთპარტიული უმრავლესობისა პარლამენტში, არამედ საერთოდაც ერთპარტიული პარლამენტისა. ერთპარტიული პარლამენტი კი ყოველთვის ფასდება ქვეყნის განვითარებისთვის მაღალი რისკის მატარებლად. მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც ამ ერთ პარტიას ამომრჩეველთა ნახევარზე ნაკლების მხარდაჭერა აქვს მიღებული.
ამიტომ აქ უკვე მაღალია პოლიტიკური კრიზისების რისკი. სავსებით შესაძლებელია, ეს კარგად გააცნობიეროს ყველამ და პარლამენტმა ხელოვნურად არ შექმნას მთავრობა. მას შეუძლია, მაგრამ არ შექმნის, რათა გააჩინოს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის სამართლებრივი საფუძველი“, – განმარტავს კონსტიტუციონალისტი.
მეორე სცენარი:
ვახტანგ ხმალაძის თქმით, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებისთვის სამართლებრივ საფუძველს ისევ უმრავლესობის მიერ მთავრობის დაკომპლექტებაზე უარის თქმა წარმოადგენს, თუმცა, უმრავლესობაზე ზეწოლისთვის, მანდატებზე უარის თქმისა და ქუჩის აქციების გარდა, არის კიდევ ერთი გზა.
კონსტიტუციონალისტის თქმით, თუკი ოპოზიცია მანდატებზე უარს არ იტყვის, უმრავლესობაზე ზეწოლისთვის შეიძლება უფრო ეფექტიანი გზა გამონახოს. ეს არის საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელიც პარლამენტში მუშაობის დაწყებისთანავე შეიქმნება და არჩევნების შედეგების კანონიერებას შეისწავლის. საგამოძიებო კომისიის შექმნა მინიმუმ 50 დეპუტატს შეუძლია, ოპოზიციურ პარტიებს კი 50-ზე მეტი მანდატი აქვს.
„ჩვენს პარლამენტს ამის გამოცდილება აქვს. თუ სწორად მახსოვს, არჩევნების კანონიერების შესამოწმებლად საგამოძიებო კომისია შეიქმნა 2002 წელს. მაშინ თავად ვიყავი ამ საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციის მანდატით.
მაშინ ამ კომისიამ შეამოწმა ადგილობრივი არჩევნების შედეგები იმ ოლქებში, რომლებშიც იყო საფუძვლიანი საჩივრები და, მაგალითად, თავიდან ბოლომდე გადათვალა ქუთაისისა და ფოთის არჩევნების შედეგები. შეამოწმა ყველაფერი – ამომრჩეველთა სიები, ბიულეტენები, ვინ რამდენი ხმა მიიღო და ა.შ. აი, რაც იქ გამოჩნდა, ეს იყო კატასტროფა, ისეთი ხარისხი იყო სიყალბის. გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულიც კი. ამ კომისიამ დამნაშავე პირების გამოკვეთაც კი მოახერხა და ეს მასალები გამოსაძიებლად გადაეცა პროკურატურას. თუმცა, დღემდე ეს საქმე გამოძიებაშია.
რა თქმა უნდა, თუ პარლამენტში არ შევიდა ოპოზიცია, ამ კომისიას „ქართული ოცნება“ არ შექმნის. მაგრამ თუ შევლენ, პარლამენტის 50 წევრს უფლება აქვს, მოითხოვოს ასეთი კომისიის შექმნა და პარლამენტი ვალდებულია ეს მოთხოვნა დააკმაყოფილოს“, – ამბობს ვახტანგ ხმალაძე „პუბლიკასთან“.
ვახტანგ ხმალაძე განმარტავს, რომ საგამოძიებო კომისია ყველაფრის გადამოწმებას შეძლებს. გახსნის დალუქულ მასალებს და გადათვლის იმ უბნებს, რომლებსაც ცესკო და საოლქო კომისიები, საჩივრების მიუხედავად, არ ითვლიან. მართალია, კომისია რასაც დაადგენს, ეს თავისთავად ვერ შეცვლის არჩევნების შედეგებს, მაგრამ კომისიის მუშაობის შედეგი შეიძლება იყოს:
- დანაშაულის გამოვლენა – შემდგომ უკვე პროკურატურის მეშვეობით ბრალის წარდგენა დამნაშავეებისთვის და მათი გასამართლება;
- კომისიას შეეძლება თქვას, როგორი იქნებოდა არჩევნების შედეგი, რომ არა ეს მანიპულაციები.
„მე ასე მგონია და ამისი ფიქრის საფუძველი მაქვს, რომ ისეთი დარღვევები გამოვლინდება, საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდება დასთანხმდეს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას. მოუწევს დასთანხმდეს, თუ საზოგადოებაც დაინახავს იმ უამრავ დარღვევას, რისი ეჭვის არსებობს. ეს არის რიგგარეშე არჩევნების მიღწევის გზა“, – ამბობს ვახტანგ ხმალაძე „პუბლიკასთან“.