ბელორუსში 15 ნოემბერს აქციებზე მინიმუმ 1000 დემონსტრანტი დააკავეს. CNN ადამიანის უფლებათა დაცვის ადგილობრივ ორგანიზაცია Viasna-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ ერთი დღის განმავლობაში დაკავებულების ეს რაოდენობა ყველაზე მაღალია იმ პერმანენტული აქციებიდან, რომელიც ალექსანდრე ლუკაშენკოს გაპრეზიდენტების შემდეგ იმართება.
გუშინდელი მასობრივი დაკავება მოჰყვა ანტისამთავრობო დემონსტრანტის სიკვდილს. CNN ოჯახის წევრებსა და სხვა დემონსტრანტებზე დაყრდნობით ამბობს, რომ 31 წლის რომან ბონდარენკოს უსაფრთხოების ძალებმა სასტიკად სცემეს, რის შედეგადაც იგი მინსკის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
აქციის მონაწილეები ქუჩაში გალობდნენ. მათ მიჰქონდათ ბანერები წარწერით – „მე გამოვდივარ“. წარწერა ბონდარენკომ სოციალურ ქსელში აქციის დღეს ბოლოჯერ დაწერა. მას მინსკის ცენტრალურ მოედანზე სამართალდამცავებმა დემონსტრაციის დროს სცემეს, მოგვიანებით კი საავადმყოფოში გარდაიცვალა. სწორედ ამან გამოიწვია სხვა დემონსტრატების გაბრაზება.
Viasna-ს თანახმად, აგვისტოდან დაკავებულების საერთო რაოდენობა 25 000-ზე მეტია.
ზედიზედ მეთოთხმეტე კვირაა, მომიტინგეები ქუჩაში ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით გამოდიან.
9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკომ მე-6 ვადით იყარა კენჭი. ის 1994 წლიდან მართავს ბელარუსს. მინსკის ცენტრში მოქალაქეები მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდა. ნაციონალური ეგზიტპოლის მიხედვით, ბელარუსის მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების თითქმის 80% მიიღო.
არჩევნების დღესვე ბელარუსში დააკავეს ჟურნალისტები, მანამდე კი – სვეტლანა ტეხანოვსკაიას საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები. BBC-ის ინფორმაციით, არჩევნებს არც ერთი საერთაშორისო დამკვირვებელი არ აკვირდებოდა. დაკავებულია საპროტესტო გამოსვლებში მონაწილე ათასობით ადამიანი.