სტატია მომზადებულია „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ [PITA] ფარგლებში.
ავტორი: თამარ გოგუაძე
ეთიკის ფენომენი დასავლურ ფილოსოფიასა და ქრისტიანული აღმოსავლეთის ღვთისმეტყველებაში
სიტყვა ეთიკის გაგონება ჩვენს წარმოსახვაში ბუნებრივად ასოცირდება დასავლური ეთიკის ფილოსოფიასთან. სწორედ დასავლეთში განვითარდა ეთიკა, როგორც ზნეობის თეორია, ისე, რომ ფილოსოფიის დარგად ჩამოყალიბდა. დასავლური ეთიკის საგანს წარმოადგენს ადამიანის ქცევა, განსაზღვრა იმისა, თუ რა არის კარგი და ცუდი, რა არის სწორი ქმედება და რა მიზანი აქვს ზნეობრივ საქციელს.
დასავლური ეთიკის ფილოსოფია ანტიკური საბერძნეთის მემკვიდრეობაზეა დაფუძნებული. პლატონისა და სოკრატეს ძიებებს ზნეობრივი კრიტერიუმების საკითხებზე არისტოტელემ სახელად ეთიკა მოუძებნა „ნიკომაქეს ეთიკაში“, რაც სიტყვა ეთოსიდან („ზნე“) წარმოდგება. არისტოტელეს თეორია ზნეობის ბუნებისა და მოტივაციის შესახებ გარკვეულწილად ეთანხმებოდა მისი წინამორბედების შეხედულებებს, თუმცა ამავე დროს მკვეთრად განსხვავდებოდა მათგან. ადამიანის ღირსებას სოკრატეს მსგავსად გონიერებაში ხედავდა, პლატონის მსგავსად, არისტოტელესთვისაც სიკეთე იყო ზნეობრივი ქცევის უზენაესი მოტივი, თუმცა ჭეშმარიტ რეალობას იდეათა სამყაროში კი არა, სწორედ მიწაზე, ხილულ და მატერიალურ სამყაროში ხედავდა. ადამიანის ღირსებას და ჭეშმარიტ ბედნიერებას არისტოტელემ „ოქროს შუალედში“ მიაგნო, სადაც ნაკლებობა და სიჭარბე ერთნაირად არღვევს ბედნიერებას, რომელიც მხოლოდ ზომიერებაში მოიპოვება.
ზნეობის თეორია დასავლელ ქრისტიან ავტორთათვისაც მეტად საინტერესო და მიმზიდველი იყო. ნეტარი ავგუსტინე ზნეობის საფუძველს ღვთაებრივ სიყვარულში ხედავდა, რომელიც ადამიანს ამქვეყნიური მიჯაჭვულობისაგან ათავისუფლებს. მოგვიანებით, თომა აქვინელი მისგან განსხვავებით არისტოტელეს მატერიალისტურ და რაციონალიზმის გზას ირჩევს და მის გაქრისტიანებას ცდილობს. ადამიანის ღირსებას პოლიტიკურ და სოციალურ პლანში მოიაზრებს და სულიერ სათნოებებს ამატებს, როგორიცაა რწმენა, სიყვარული და იმედი.
მიწიერებისა და სულიერების სინთეზის მცდელობის მიუხედავად, დასავლურ აზროვნებაში აქვინელის ფილოსოფიამ ეთიკის თეორიას მატერიალიზმისკენ უბიძგა. განსაკუთრებით განმანათლებლობის ეპოქაში აღორძინდა ავტონომიური ზნეობრივი ადამიანის იდეალი, რომელიც ღმერთისაგან დამოუკიდებლად არსებობს და მისი ზნეობრივი ცხოვრების საბოლოო მიზანი მარადიული ცხოვრება კი არა, არამედ კაცობრიობის ამქვეყნიური აყვავებული ცხოვრებაა.
დასავლური ეთიკის ფილოსოფიური თეორიების სიმრავლისა და მრავალფეროვნების მიუხედავად, შეიძლება გამოიყოს ისეთი ძირითადი ასპექტები, რაც ამ თეორიათა სამივე ჯგუფს (დეონტოლოგიურს, ტელეოლოგიურსა და ღირსების ეთიკას) აერთიანებს. დასავლურ ფილოსოფიაში ეთიკის ბუნებას შეიძლება ანთროპოცენტრული ეწოდოს (თუ არ ჩავთვლით გარემოს დამცველ ეთიკოსთა საპროტესტო არგუმენტებს). ამ თეორიებში ადამიანის საბოლოო ზნეობრივ ღირებულებად ბედნიერება არის წარმოჩენილი. ზნეობრივი საზოგადოების მიზანი კაცობრიობის აყვავებული ცხოვრებაა, მისი მთავარი პრინციპი კი – სამართლიანობა.
თუმცა, უნდა ითქვას, რომ დასავლური ეთიკის ფილოსოფიაში არის პასუხგაუცემელი კითხვები კარგისა და ცუდის კრიტერიუმების დადგენის შესახებ, აგრეთვე ეთიკური ცხოვრების საბოლოო მიზნის მნიშვნელობისა და სამართლიანობის განსაზღვრების შესახებ. ამავე დროს, მთავარი პრობლემა ამ კითხვების პასუხგაუცემლობა არ გახლავთ, მთავარი პრობლემა სწორედ ის არის, რომ ამ კითხვებზე მკაცრი და დადგენილი პასუხების საყოველთაოდ განვრცობამ კაცობრიობას შესაძლოა პურიტანიზმისაკენ უბიძგოს და ეთიკის ნორმები ჩვეულებრივი კანონმდებლობის ჩარჩოებში მოაქციოს. თუ ზნეობრიობის მიზანი არის საზოგადოების ჰარმონიული თანაცხოვრება, ეს საწყის ეტაპზევე გულისხმობს იმას, რომ შეთანხმება და განხორციელება გამონაკლისის გარეშე უნდა მოხდეს, სხვა შემთხვევაში ზნეობრივი ადამიანი ჩაგრულის როლში აღმოჩნდება. ამ შეთანხმების დაცვის გარანტია კი, არცერთ კულტურასა და საზოგადოებაში არ არსებობს.
რელიგიური საწყისის უარყოფა, ერთი მხრივ, ავტონომიას სძენს ეთიკას, როგორც დისციპლინას, მაგრამ ამავე დროს დაუცველს ხდის მისი განხორციელების მექანიზმებს და ზნეობრივი ცხოვრების მიზანს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. საყურადღებოა, რომ ზოგიერთი დასავლური უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამის მიხედვით რელიგიისა და ეთიკის თეორია დღესდღეობით არა საკითხის ისტორიული კონტექსტით, არამედ იმ კუთხით განიხილება, უნდა ექვემდებარებოდეს თუ არა ღმერთი ეთიკის ნორმებს და არის თუ არა კონფლიქტში რელიგია და ეთიკა, როდესაც საქმე ღმერთის ნების უზენაესობას ეხება. საკითხის ამგვარი დაყენება, ცხადია, რელიგიური ადამიანებისა და მათ შორის ქრისტიანების სამართლიან კრიტიკას იწვევს, რადგან დასავლური ეთიკა ამ შემთხვევაში არ ითვალისწინებს მის ფუნდამენტურ განსხვავებულობას რელიგიურ თემთა ზნეობრივი შეხედულებებისაგან.
სწორედ ამგვარი ტენდენციის გამო მიტროპოლიტი იოანე ზიზიულასი მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში ეთიკაზე (დასავლური გაგებით) საუბარს გამორიცხავს, რადგან აქ მხოლოდ ონტოლოგიაზე შეგვიძლია ვისაუბროთ. ჩვენი ცხონება ონტოლოგიურია და ქმედებებით არ არის განპირობებული. პიროვნება არ განისაზღვრება იმით, თუ როგორ იქცევა ის, არამედ იმით, თუ ვინ არის ის. თუმცა, მიუხედავად იმისა, ამას ონტოლოგიურ ეთიკას დავარქმევთ, ეთოსს თუ უბრალოდ პიროვნებათა შორის ურთიერთობას, ის ფაქტი, რომ ქრისტიანი, რომელმაც ნათლობით ქრისტე შეიმოსა, თავისთავად იქცევა ქრისტიანული სწავლების შესაბამისად, თვითმყოფად ქრისტიანულ ეთიკაზე მიუთითებს, რომელიც დაფუძნებულია წმინდა წერილზე, ლიტურგიაზე, წმინდა მამათა სწავლებასა და საეკლესიო ტრადიციაზე.
პირველი და უმთავრესი განსხვავება მართლმადიდებლურ ეთიკასა და დასავლურ სეკულარულ ეთიკას შორის არის მისი ბუნება: ის დასავლეთში ანთროპოცენტრულია, აღმოსავლეთ საქრისტიანოში კი თეოცენტრული, თუმცა მოყვასის სიყვარული ღმერთის სიყვარულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინდიკატორია. ქრისტიანობაში ვერც სიკეთე და ვერც ადამიანი ვერ განიხილება ღმერთის გარეშე, რადგან ქრისტიანობის ღმერთი თავად სიკეთე და სიყვარულია, რომლის მიმართაც ისწრაფვის მის ხატადვე შექმნილი ადამიანი. თუმცა იმის გამო, რომ ჩვენ დაცემულ მდგომარეობაში ვიმყოფებით, ეს სწრაფვა არ არის ერთჯერადი ან მყისიერი. ეს განღმრთობა, ანუ თეოზისი მთელი ცხოვრების მანძილზე გასავლელი პროცესია, რომელიც მხოლოდ მარადიულ ცხოვრებაში გარდასახვისას აღწევს მიზანს. აღმოსავლურ ქრისტიანობაში ღმერთის ნება და ადამიანის ნება შერწყმული უნდა იყოს სინერგიულ თანამშრომლობაში, იმისათვის, რომ ადამიანმა ამ თეოზისის მიღწევა შეძლოს. ქრისტე განკაცდა და ადამიანური ბუნება შეიმოსა, იმისათვის, რომ ადამიანებისთვის განღმრთობის გზაზე ცხოვრება ესწავლებინა. ამ სინერგიული თანამშრომლობის პირობებში სწორი და არასწორი ქმედების შესახებ ადამიანს სინდისის მეშვეობით ეუწყება, რომელიც ქრისტეს სწავლებითაა ინფორმირებული და განათლებული.
დასავლურ ეთიკურ თეორიებში ზნეობრივი ქცევის მოტივაცია და მიზანი ბედნიერებაა, რასაც სხვადასხვა თეორიები სხვადასხვაგვარად განმარტავენ. აღმოსავლური ქრისტიანობა სათნოებით ცხოვრების საბოლოო მიზნად ცხონებას, ანუ ცათა სასუფევლის დამკვიდრებას მოიაზრებს, რაც შეიძლება მარადიულ ნეტარებად, ანუ ბედნიერებად განიმარტოს, თუმცა მისი განზომილება ამ შემთხვევაში მარადიულია და ამქვეყნიურ ბედნიერებაზე არ აკეთებს სწორებას. ამდენად, ზნეობრივ ანუ სათნოებით ცხოვრებას მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის ესქატოლოგიური და სოტერიოლოგიური მნიშვნელობა აქვს. ქრისტიანის მიზანია ღმერთში დამკვიდრება, ქრისტეშემოსილობა, რაც მის მარადიულ ნეტარებას განაპირობებს.
დასავლური ეთიკის საპირისპიროდ, სამართლიანობის ნაცვლად მართლმადიდებლური ეთიკა სიყვარულის პრინციპს ეფუძნება. ჩნდება კითხვა: თანამედროვე გაგებით „სამართლიანი“ ღმერთის ხელში ვერცერთი ადამიანი ვერ ცხონდებოდა. იოანე ზიზიულასი ცოდვას ისე მოიაზრებს, როგორც ონტოლოგიურ რეალობას. ცოდვის პრობლემის მოგვარება შეუძლებელია მოქმედებით, არამედ ცოდვის პრობლემა მხოლოდ მაშინ მოგვარდება, როდესაც სიკვდილი დაიძლევა, რადგან ონტოლოგიურად ცოდვა სიკვდილის შედეგია, ანუ ჩვენი მოკვდავობის თანმდევი თვისებაა. შესაბამისად, მართლმადიდებელი სხვებთან მიმართებისას სამართლიანობის პრინციპით ვერ იმოქმედებს. ის ვერ დასჯის ცოდვილს, არამედ შეუძლია მხოლოდ უყვარდეს ის, რადგან ისიც მისი დაცემული და ცოდვილი ბუნების თანაზიარია. მისი ზნეობრივი გზამკვლევი სამართლიანობა კი არ არის, არამედ ღმერთია, რომელიც არის სიყვარული.
სტატია მომზადდა ორგანიზაცია „ლიტერატურული კლუბის“ მიერ, „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. სტატიაში მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის სტატიის ავტორს და არ უნდა აღიქმებოდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს გაეროს ასოციაციის პოზიციად.