თუკი ქართული „ნიუსების” მომხმარებელი ხართ, თქვენი სმენისკენ მოწანწკარებს კი არა, მოედინება – რა? უცხო სიტყვათა წყარო კი არა, აქოჩრილი მდინარე, იმ ჩვენი თერგივით ბობოქარი. თუკი კითხულობთ თანამედროვე ქართულ მედიას და წყურვილი გკლავთ ინფორმაციის შესმისა თუ შეჭმის, ძალიან ხშირად უცხო სიტყვათა ლექსიკონში უნდა ითევზაოთ, რომ წინადადების აზრს ჩაწვდეთ, სადაც 5 სიტყვიდან 4 ხაზგასმულად არ არის მშობლიურ ენაზე. ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების ენა ხომ მთლად დაგიკარგავთ ჭამის მადას, მაგალითად, ასეთი წინადადება:
„ჯგუფების ფასილიტაცია თავის თავზე ითავა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, რომელმაც ქოუჩინგის ტექნიკის გამოყენებით პროცესი პროდუქტიული გახადა”.
უცხო სიტყვებსაც რომ თავი დავანებოთ, ამის დამწერს (თუ მთარგმნელს) იმდენიც კი არ ესმის, რომ „თავის თავზე ითავა” ტავტოლოგიაა და თანაც – სამმაგი.
არადა, ასეთი მაგალითები უხვადაა „თბილისურ-გლამურულ” საზოგადოებაში. სიტყვა „სენსიტიური” თუ ახსენე, აზრზე მოსული ხარ, „კრეატიული” კი საერთოდ მაღალი კლასია. ასე მოხდენილად მოხურული სნობიზმის თავშალი თუ კაშნე ერთგვარი „ელიტარულობის” ნიშანიც კი გამხდარა. არასამთავრობო ორგანიზაცია „გლამურის” წევრები ძალისხმევას არ იშურებენ, რომ კარგად მოირგონ ასეთი იაფფასიანი აქსესუარები, რომელთა წარმოთქმისა თუ დაწერისათვის მათ არც „გუჩის” ტანსაცმლის და არც „შანელის” სუნამოების შესაძენი თანხა არ დასჭირდებათ.
თუმცა ენაში მარტო ერთი ხაფანგი როდია დაგებული. „საავტორო უფლებები” მხოლოდ კონკრეტულ უცხო ენებზეა მოპოვებული. მაგალითად: „ანიმაცია” მაღალი სტილია, „მულტფილმი” – დაბალი სტილი, „სტიკერი” მაღალი სტილია, „ნაკლეიკა” – დაბალი და ა.შ. მოკლედ რომ ვთქვათ, ერთი ენის დომინანტი ჩანაცვლებულია მეორე ენის დომინანტით. როცა იმპერია ძლიერდება, ბუნებრივი პროცესია, რომ ამ იმპერიის ენა, ე.წ. „რბილი ძალის” ფუნქციას ითავსებს. ისეთმა ენებმა, როგორიცაა ინგლისური, ესპანური თუ ფრანგული, ვიცით, რომ „დაიპყრეს” არა თუ ცალკეული ქვეყნები, არამედ კონტინენტების დიდი ნაწილი და ხშირ შემთხვევაში ან სრულიად განდევნეს, ან მნიშვნელოვნად შეასუსტეს პატარა ენები. არც ჩვენ ვიქნებით გამონაკლისი, თუკი წინააღმდეგობა არ გავუწიეთ – ყველა დონეზე: როგორც პიროვნულად, ასევე სახელმწიფოებრივად.
მე ენაში ექსპერიმენტების ფანატი თუ არა, მოყვარული ნამდვილად გახლავართ. არც იმის წინააღმდეგი ვარ, ქართული გამდიდრდეს ახალი სიტყვებით, რომელთა ეკვივალენტი ჩვენს ენაში არ მოიძებნება და რომლებსაც სხვაგვარი კონოტაცია აქვთ. თუმცა არ მესმის, რატომაა აუცილებელი „კრეატიულის” ხმარება, თუკი გვაქვს ისეთი მშვენიერი სიტყვა, როგორიცაა „შემოქმედებითი”, რომლის ფუძე „მოქმედებაა”. ეს სიტყვა არათუ ირიბად, არამედ პირდაპირ მიაბიჯებს იმ ცნობილი სიტყვისაკენ „ერის მამად” შერაცხილმა ილია ჭავჭავაძემ რომ დაგვიბარა: მოძრაობა და მარტო მოძრაობა, ჩემო თერგოო…
თუკი ვამბობთ, რომ პიროვნებების კულტია ჩვენში, რატომ არ არის ილიას კულტი, ან მაგალითად, – ნიკო მარის, რომელიც წერდა: „ქართული ენით ყველაფერი გამოითქმება… აზრი არ მოიპოვება არც ერთ ენაზე, რუსეთის ან დასავლეთ ევროპისა, რომ არათუ ქართულმა სავსებით ვერ გამოთქვას, არამედ მხატვრულ ყალიბში ვერ ჩამოასხას. ქართული ენა მაღალმხატვრულად გამოსახავს ყოველ აზრს და დაუმახინჯებლად და შეურყვნელად გადმოსცემს. ისე მდიდარია ქართული ენა, შეიძლება ითქვას, შინაგანი თვისებით იგი მსოფლიო ენაა”.
თუკი ცივილურ სახელმწიფოზე გვაქვს პრეტენზია, ქართულ ენაზე ზრუნვა ჩვენი კულტურის პოლიტიკის ნაწილად უნდა მოვიაზროთ და ამ მხრივ სრულიად კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ. მეტიც, პატრიოტიზმი პირველ რიგში ენაზე ზრუნვა მგონია და არა ურაპატრიოტული მოწოდებების ფრქვევა თუ ეს ყბადაღებული „ტერიტორიები”. კონკრეტული ნაბიჯის მაგალითია ქართულ ლექსიკონებზე პერმანენტულად მუშაობა, მათი შევსება-გამდიდრება და ინტერნეტ-ბიბლიოთეკებში ატვირთვა. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე უამრავი ლექსიკონის გვერდით, მაგალითად, არ არის ატვირთული ქართულ სინონიმთა ლექსიკონის 2016 წლის გამოცემა, კარლო ჯორჯანელის მიერ შედგენილი, და მხოლოდ 1978 წელს გამოცემული ალექსანდრე ნეიმანის მიერ შედგენილი სინონიმთა ლექსიკონია ხელმისაწვდომი (რაც მე, როგორც მთარგმნელს, ძალიან მაწუხებს). 38 წელი კი, დამეთანხმებით, ძალიან დიდი დროა ენის განვითარებისათვის.
კონკრეტული ნაბიჯის მაგალითია ქართული ენის შესასწავლი კურსების შემუშავება და მათი ხელმისაწვდომობა უცხოელი მოქალაქეებისათვის, ვისაც ქართული ენის შესწავლა სურს. შეერთებულ შტატებში ცხოვრებისას, როცა მეკითხებოდნენ, სად შეიძლებოდა ქართული ენის შესასწავლი ონლაინკურსის შეძენა, პასუხის გაცემის დროს, მართალი გითხრათ, სირცხვილით ვიწვოდი.
კონკრეტული ნაბიჯის მაგალითია საბავშვო ინტერნეტ- რესურსების ხელმისაწვდომობა. როცა ჩემი შვილი ეს-ესაა ლაპარაკს იწყებდა (მე დიდი ხანია აღარ ვცხოვრობ საქართველოში), ინტერნეტში, მადლობა ღმერთს, ვიპოვე საქართველოს ეროვნული არქივი ქართული ზღაპრების 1960-70-იანი წლების აუდიო ჩანაწერებით. ზღაპრებს არაჩვეულებრივად კითხულობენ გამოჩენილი ქართველი მსახიობები: ეროსი მანჯგალაძე, ელენე ყიფშიძე, გოგი გეგეჭკორი, მერაბ თაბუკაშვილი და სხვები. ჩემი პატარა საათობით უსმენდა ხოლმე ამ ზღაპრებს. მერე ბავშვი წამოიზარდა და მხოლოდ ზღაპრები აღარ აკმაყოფილებდა.
უამრავ საბავშო აუდიოწიგნს ვპოულობდი უფასოდ ინტერნეტში რუსულ თუ ინგლისურ ენებზე, მაგრამ ქართულ ენაზე ძალიან შეზღუდული იყო არჩევანი. ჩემი შვილი, ისევე როგორც საქართველოს გარეთ მცხოვრები ბევრი ქართველი ბავშვი, არაა განებივრებული ქართველი ბებიისა თუ ბაბუის გვერდით ყოფნით და, როგორც აღმოჩნდა, – არც ქართული საბავშვო აუდიო წიგნებით. არადა, არ არის რთული ამის გაკეთება. თუკი 60-70-იან წლებში მოხერხდა, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხომ გაცილებით იოლი უნდა იყოს ამის გაკეთება?
ახლა კოვიდსეზონია და მინდა, ვურჩიო ქართველ პოლიტიკოსებს, აბსურდული მოთხოვნების ნაცვლად, მაგალითად, ეს კონკრეტული მოთხოვნები დააყენონ დღის წესრიგში. ენა ხომ უნივერსალური სახლია, რომელშიც გადის ჩვენი ბავშვობა და მერე, სადაც წავალთ თანვე მოგვყვება, მასში ვცხოვრობთ, მასში ვაზროვნებთ, მასში განვიცდით, მშობელი დედაა ფაქტობრივად და ამიტომაც მრავალ ენაში სწორედ დედას უკავშირდება.
ერთფეროვანს ნუ გავხდით მას, რაც „გვაქვს უთვალავი ფერითა”, და თუკი კატალონიელებივით „კომპიუტერს” სხვა სიტყვით ვერ ჩავანაცვლებთ (კატალონიურად “ordinador”), რაც გვაქვს, იმას მაინც მოვუფრთხილდეთ.