გახარიამ ბიუჯეტის პარამეტრებზე ისაუბრა და ოპოზიციას განხილვაში მონაწილეობისკენ მოუწოდა

პუბლიკა

„ბიუჯეტი გახლავთ ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, რომლის განხილვაც უნდა დაიწყოს პარლამენტში და უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ამ განხილვაში მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც ნდობა გამოუცხადა საქართველოს მოქალაქემ და შესაბამისად, დაავალა მსგავს, ქვეყნისთვის სისტემურად მნიშვნელოვანი დოკუმენტების განხილვაში მონაწილეობის მიღება. ჩვენ იმედი გვაქვს, ასეც მოხდება და უახლოეს პერიოდში, ახალ წლამდე, გვექნება შესაძლებლობა საინტერესო, თუმცა მწვავე დისკუსიებისა, ამ ბიუჯეტის ირგვლივ“, – განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.

მისი განცხადებით, ბიუჯეტი არის დაბალანსებული. მისი ძირითადი მიზანია: პანდემიასთან ბრძოლა, მიზნობრივი სოციალური დახმარება მოსახლეობისთვის, დახმარება ბიზნესისთვის და ეკონომიკის მომზადება პოსტკრიზისული აღდგენისთვის.

„მომავალი წლის ბიუჯეტში ასევე განსაზღვრულია პენსიის ზრდა, რომელიც ყოველწლიურად კანონმდებლობით არის გამყარებული და შესაბამისად, ჩვენს პენსიონერებს აღარ დასჭირდებათ არჩევნებიდან არჩევნებამდე პენსიის ზრდის ლოდინი.

ამასთან ერთად, განსაზღვრულია საკმაოდ სერიოზული თანხა დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების მშენებლობისთვის, ეს გახლავთ 103 მლნ ლარი, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, კრიზისის პირობებში იზრდება ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება და შესაბამისად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი და ეს გახლავთ 4 მილიარდ ლარზე მეტი. ასევე, იზრდება განათლების, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის სამინისტროების, ყველა იმ სამინისტროს დაფინანსება, რომელიც აუცილებელია ქვეყნის სწრაფი პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.