აზარტულ თამაშზე დამოკიდებულებას, გარდა ეკონომიკური ზიანისა, თან ახლავს სტიგმაც – რომ ეს უბრალოდ „უპასუხისმგებლო ადამიანის ახირებაა“. არადა, თამაშზე დამოკიდებულება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციაში 1979 წლიდან არის შეტანილი. როგორც ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი გვიყვება, იმ პერიოდში იგი მოიაზრებოდა, როგორც იმპულსების კონტროლის უუნარობის პრობლემა, შემდგომ კი – როგორც ადიქციის ერთ-ერთი პრობლემა. გარდა ამისა, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება შეყვანილია ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის დაავადებათა კლასიფიკაციშიც, როგორც „გემბლინგის აშლილობა“.
Google Trend-ის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 12 თვის განმავლობაში ინტერნეტში 20 ყველაზე ხშირი საძიებო მოთხოვნიდან 6 ონლაინკაზინოა.
„პუბლიკამ“ ექსპერიმენტი ჩაატარა, რამდენად მარტივია საქართველოში ყველაზე პოპულარული ონლაინკაზინოების ვებგვერდებზე დარეგისტრირება და შემდგომ ანგარიშის გაუქმება:
აღმოჩნდა, რომ რეგისტრაცია თითოეულ ვებგვერდზე რამდენიმე წუთშია შესაძლებელია, თუმცა თუკი მომხმარებელს სურს, თამაშს შეეშვას და საკუთარი ანგარიში გააუქმოს, უმეტეს შემთხვევაში მას მთელი რიგი ბიუროკრატიული პროცესების გავლა უწევს. გარდა ამისა, ძირითად შემთხვევაში ასაკობრივი შეზღუდვა „+18“ ვებგვერდზე ყველაზე ნაკლებად შესამჩნევ ადგილზეა განთავსებული, ისიც მკრთალი ფერებით.
„პუბლიკა“ 6 ყველაზე პოპულარულ კომპანიას დაუკავშირდა, რომელთა სახელწოდებებსაც მიზანმიმართულად არ ვასახელებთ. როგორც გაირკვა, კომპანიების უმრავლესობაში გაუქმებასთან დაკავშირებით თითქმის იდენტური პროცედურებია გასავლელი:
კომპანია #1 – ცხელ ხაზზე განგვიცხადეს, რომ – გაუქმებასთან დაკავშირებით ან ელფოსტის საშუალებით უნდა მიმართოთ კომპანიას, ან სალაროს უნდა ესტუმროთ, თუმცა სალაროები მეტწილად მხოლოდ დიდ ქალაქებში აქვთ.
დისტანციურად გასაუქმებლად მომხამრებელმა შემდეგ ნაბიჯები უნდა გაიაროს:
ლაივჩატში მისწეროს ოპერატორს და ითხოვოს განაცხადის ფორმა;
მიღებული ფორმის მიხედვით, განაცხადი ხელით უნდა შეავსოს;
უნდა გადაუღოს განაცხადს ფოტო პირადობის დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად;
ასევე უნდა გადაიღოს სელფი პირადობის მოწმობასთან ერთად;
ატვირთოს მეილზე და გააგზავნოს კომპანიის მისამართზე მხოლოდ გვერდზე რეგისტრირებული ელფოსტიდან;
ანგარიშის გაუქმებას მაქსიმუმ 15 კალენდარული დღე სჭირდება.
კომპანია #2-შიც – ფურცელზე უნდა დაიწეროს განცხადება და მომხმარებელმა უნდა მიუთითოს მიზეზი, რატომ სურს გაუქმება და ასევე პირადი მონაცემები. წერილს მომხმარებელმა თან უნდა დაურთოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ფოტო გადაუღოს. ასევე გადაიღოს სელფი პირადობის მოწმობასთან ერთად.
ანგარიში კი 10 სამუშაო დღის განმავლობაში დაიბლოკება.
ანგარიშის აღდგენა კი ასევე პირადობის დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად გადაღებული სელფის გაგზავნით არის შესაძლებელი.
კომპანია #3-ში – განგვიცხადეს, რომ ანგარიშის გაუქმება შეუძლებელია. შესაძლებელია მხოლოდ მისი დაბლოკვა, რომელსაც მომხმარებელი ერთი მარტივი სატელეფონო ზარითაც აღადგენს. ანგარიშის დაბლოკვაც ასევე ზარის მეშვეობით ხდება.
კომპანია #4-ში – მომხმარებელმა უნდა გააგზავნოს პირადობის წინა და უკანა გვერდის ფოტოსურათი, ასევე პირადობასთან ერთად უნდა გადაიღოს სელფი და გააგზავნოს მეილზე. ანგარიში კი 24 საათის განმავლობაში გაუქმდება.
კომპანია #5-ის – ცხელ ხაზზე კი გვიპასუხეს, რომ თუკი ოპერატორს პირად ნომერს, დაბადების თარიღს, სახელსა და გვარს უკარნახებთ, ასევე ბოლო ტრანზაქციის შესახებ მიაწვდით ინფორმაციას, ანგარიშს 1 საათის განმავლობაში გააუქმებენ.
კომპანია #6-ში – ამბობენ, რომ „ანგარიშის გაუქმება არ ხდება, ხდება დაბლოკვა“ და არსებობს დაბლოკვის ორი გზა: „მომხმარებელმა მეილზე უნდა გადმოაგზანოს პირადობის მოწმობის წინა და უკანა გვერდების სურათები, სელფი პირადობასთან ერთად და მოითხოვოს ანგარიშის დაბლოკვა. ან მობრძანდეს ფილიალებში და მოითხოვოს ანგარიშის დაბლოკვა“.
ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი, რომელიც ასევე საქართველოს ადიქტოლოგთა ასოციაციისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის თანადამფუძნებელია, „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ პრევენციის მექანიზმების დანერგვაზე თავად სათამაშო ბიზნესმაც უნდა იზრუნოს და მომხმარებელს არ უნდა გაართულოს თუნდაც ვებგვერდიდან ანგარიშის გაუქმების პროცესი.
„როდესაც ვსაუბრობთ გემბლინგზე, პრევენციისთვის აუცილებლად პასუხიმსგებლიანი გემბლინგის პირობები უნდა შეიქმნას თვითონ ბიზნესის მიერ (პრობლემური გემბლინგია, როცა, პრობლემების მიუხედავად, ადამიანი თამაშობს და პასუხისმგებლიანი გემბლინგია, როდესაც თამაშობს და პრობლემები ნაკლებად ექმნება). ამისთვის ხელშეწყობა უნდა იყოს კაზინოების მხრიდან, მაგალითად, ასაკობრივ ლიმიტებზე ინფორმაცია, ასევე საპრევენციო საშუალება შეიძლება იყოს ის, რომ კაზინოში დააყენონ საათი და ადამიანმა იცოდეს – რამდენი დრო გაატარა იქ. არ იყოს ახლომახლო და თვითონ კაზინოს ტერიტორიაზე ბანკომატი, რომლიდანაც ადამიანი ფულს გამოიტანს.
კაზინოს შეუძლია აკეთოს პასუხისმგებლიანი გემბლინგის ხელშეწყობისა და ზიანის შემცირების მთელი რიგი ღონისძიებები, მაგრამ ჩვენთან ამის კულტურა არ არის. პირიქით, არიან ადამიანის გამოჭერაზე, ხაფანგში შეტყუებაზე. ხაფანგში შედგი ფეხი? – აღარ გაგიშვებ. არ უნდა იყოს ასე, ასე დახარბებული არ უნდა იყვნენ, პირიქით, ჯანმრთელობის ხელშეწყობაზე უნდა ზრუნავდნენ“, – ამბობს ჯანა ჯავახიშვილი. მისივე თქმით, კანონმდებლობაში ერთადერთი პრევენციული შეზღუდვა ასაკობრივი შეზღუდვაა, თუმცა მის აღსრულებაზეც არავინ ზრუნავს.
ჯანა ჯავახიშვილი ამბობს, რომ ქვეყანა ადიქციის პრევენციაზე ზრუნვით ვერ დაიკვეხნის და ყურადღებას ამახვილებს აზარტული თამაშების რეკლამებზე, რომელიც კანონით არ იზღუდება.
„თამაშის ბიზნესი ძალიან სარგებლობს ამით. როგორც ჩანს, ძალიან კარგ პიარტექნოლოგებსა და მარკეტოლოგებს იყენებენ და ძალიან ავთვისებიანი, ჩვენს საცხოვრებელ გარემოში ზედმეტათ „შემოჭრითი“ სტილის რეკლამირებას ეწევიან“, – ამბობს ჯანა ჯავახიშვილი და დასძენს, რომ თამბაქოს რეკლამის მსგავსად აზარტული თამაშების მიმართაც უნდა შეიცვალოს დამოკიდებულება, შედეგად კი, სავარაუდოდ, შემცირებულ ზიანს მივიღებთ.
„პრობლემური თამაში“
ჯანა ჯავახიშვილის თქმით, თუ ადამიანი კარგავს კონტროლს ქცევაზე და შექმნილი პრობლემების მიუხედავად, აგრძელებს თამაშს – უკვე, ე.წ. „პრობლემურ თამაშთან (გემბლინგთან)“ გვაქვს საქმე. თუ ადამიანი პრობლემურ გემბლინგს იმდენად ხშირად მიმართავს, რომ ქვემოთ მოცემული ჩამონათვალიდან 4 ნიშანი მაინც აწუხებს უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში, მაშინ, სავარაუდოდ, „თამაშთან დაკავშირებულ (გემბლინგის) აშლილობასთან“ გვაქვს საქმე:
- სასურველი ეფექტის მისაღწევად სულ უფრო მეტ ფულზე თამაშობს;
- მოუსვენარი ან გაღიზიანებულია, როდესაც ცდილობს შეამციროს ან თავი დაანებოს თამაშს;
- განმეორებადი წარუმატებელი მცდელობები – შეამციროს ან შეწყვიტოს თამაში;
- ხშირი ფიქრები თამაშის შესახებ (წარსული თამაშის გახსენება, მომავალი თამაშის დაგეგმვა ან ფულის შოვნაზე ფიქრი);
- სტრესის დროს – ხშირი თამაში;
- წაგების შემთხვევაში სათამაშოდ მობრუნება – თამაშით „ფულის დასაბრუნებლად“;
- ტყუილები, რათა დაფაროს თამაში;
- თამაშის გამო მნიშვნელოვან ადამიანებთან ურთიერთობის გაფუჭება ან გაწყვეტა, სამსახურისა თუ სწავლის შესაძლებლობის დაკარგვა;
- თამაშით გამოწვეული ფულადი პრობლემების გამო პასუხისმგებლობის სხვაზე გადატანა.