ეს იყო კარგად დაორგანიზებული შემოტევა - კალაძე მამა-შვილის ვირუსულ ფოტოზე

პუბლიკა

„ეს იყო კარგად დაორგანიზებული შემოტევა, რომ თითქოს ჩვენ ამ მამა-შვილს დავუნგრიეთ საცხოვრებელი სახლი, რაც არის ძალიან დიდი ტყუილი და სიცრუე“, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე გუშინ, აფრიკის დასახლებაში მოქალაქეთა სახლების დემონტაჟის დროს გადაღებულ ერთ-ერთ ფოტოს, რომელზეც მამა-შვილია ასახული.

კახა კალაძის თქმით, ფოტო, რომელსაც საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა,  ძალიან მძიმე იყო. მერის თქმით,  ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაცია და ეს ყველაფერი ხდებოდა მიზანმიმართულად.

„ყველაფერი ძალიან კარგად მესმის – მესმის გაჭირვება. თავად მაქვს გამოვლილი პერიოდი, როდესაც მიჭირდა. იყო რთული ვითარება. მაგრამ, არასდროს არ გამიკეთებია და არ მიცდია მომეპარა ვინმესთვის ან წამერთვა რაიმე სხვისთვის, ან თუნდაც სახელმწიფოსთვის. ჩვენ ყველამ ერთად მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ იმისთვის და ვაკეთებთ, და მომავალშიც გავაკეთებთ, რომ გვერდში დავუდგეთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს და არამხოლოდ. გვერდში დავუდგეთ იმ ადამიანებს, ვისაც დღეს სჭირდებათ თანადგომა და მხარდაჭერა“, – განაცხადა კალაძემ მერიაში გამართულ ბრიფინგზე.


აფრიკის დასახლებაში, სანაძის ქუჩაზე, ვითარება გუშინ დილიდან მას შემდეგ დაიძაბა, რაც თბილისის მერიამ პოლიციის თანხლებით სახლების დემონტაჟი დაიწყო. ადგილობრივებმა სახლების დემონტაჟი გააპროტესტეს, რასაც სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

მუნიციპალური ინსპექციის თქმით, მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული და მუნიციპალურმა ინსპექციამ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, მათი დემონტაჟის პროცესი კანონის შესაბამისად დაიწყო.

დემონტაჟის პარალელურად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, სამართალამცველებმა ათზე მეტი მოქალაქე დააკავეს.