აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი მეორედ გამოუცხადა

პუბლიკა

აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი გამოუცხადა. იმპიჩმენტის გამოცხადებას მხარი 232 კონგრესმენმა დაუჭირა, 197 კი წინააღმდეგი წავიდა. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ტრამპის იმპიჩმენტის მომხრეთა შორის ათი „რესპუბლიკელიც“ იყო.

პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის წარდგენილი რეზოლუციის მიხედვით, დონალდ ტრამპს ჯო ბაიდენის პრეზიდენტად დამტკიცების დღეს კონგრესზე თავდასხმის წაქეზებაში ადანაშაულებენ, რომლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, აქციის 4 მონაწილე და 1 პოლიციელი.

აშშ-ის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა მოქმედ პრეზიდენტს, ერთი ვადის განმავლობაში, მეორედ გამოუცხადეს იმპიჩმენტი. პირველად კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს 2019 წლის 19 დეკემბერს დაუჭირა მხარი. მაშინ პრეზიდენტისადმი ბრალდება დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პირად სატელეფონო საუბარს შეეხებოდა. სატელეფონო საუბარში ტრამპი ზელენსკისგან დაჟინებით მოითხოვდა გამოძიების განახლებას ნავთობისა და გაზის კომპანია Burisma-ს წინააღმდეგ, რომელშიც ჯო ბაიდენის შვილი მუშაობდა.

პირველი იმპიჩმენტის შემდეგ აშშ-ის სენატმა დონალდ ტრამპი გაამართლა. პრეზიდენტის გადაყენებისთვის კი კონგრესის ორივე პალატის მხარდაჭერაა საჭირო. თანაც სენატში არა უბრალო უმრავლესობის, არამედ 2/3-ის მხარდაჭერაა აუცილებელი. სავარაუდოა, რომ სენატი ტრამპის გადაყენებას არც ამჯერად დაუჭერს მხარს, რადგან „დემოკრატებს“ არაერთი „რესპუბლიკელის“ მხარდაჭერაც სჭირდებათ. თუმცა, სავარაუდოდ სენატის სხდომა ტრამპის იმპიჩმენტის თაობაზე ვეღარც მოესწრება, რადგან ტრამპს თეთრ სახლში ყოფნის რამდენიმე დღეღა დარჩა. 20 იანვარს, ინაუგურაციის შემდეგ, ტრამპს პრეზიდენტის პოსტზე ჯო ბაიდენი ჩაანაცვლებს.