შესაძლებელია თუ არა ყოფილი პრეზიდენტის იმპიჩმენტი

პუბლიკა

მასალა მომზადებულია „ამერიკის ხმის“ მიერ

წარმომადგენელთა პალატის მიერ ოთხშაბათს მიღებული გადაწყვეტილებით, დონალდ ტრამპი ამერიკის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს. პალატამ, მისი მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმის შტურმიდან ერთ კვირაში, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტს ბრალი „ამბოხის წახალისებაში” დასდო.

რა ხდება ამის შემდეგ?

დასრულებულია იმპიჩმენტის პროცესი? – არა. მას შემდეგ, რაც კონგრესის ქვედა პალატამ, ანუ – წარმომადგენელთა პალატამ – პრეზიდენტს ბრალი დასდო და მხარი დაუჭირა მის მიპიჩმენტს, ახლა ჯერი ზედა პალატაზე, სენატზეა.

იმპიჩმენტის პორცესში შემდეგი, მთავარი ნაბიჯი, პროცედურულად სწორედ სენატმა უნდა გადადგას. კონგრესის ზედა პალატამ, პრეზიდენტის მიმართ ქვედა პალატის მიერ წარდგენილ ბრალზე უნდა იმსჯელოს და დაადგინოს პრეზიდენტის დანაშაული.

პრეზიდენტის გასამართლებისთვის, სენატის შემადგენლობის ხმათა ორი მესამედია საჭირო. თუ კენჭისყრაზე ასივე სენატორი იქნება წარმოდგენილი, დემოკრატებთან ერთად, მინიმუმ 17 რესპუბლიკელი სენატორის ხმა იქნება საჭირო იმისთვის, რომ პრეზიდენტი გამტყუნდეს. წარმომადგენელთა პალატაში გუშინ გამართულ სესიაზე, 10-მა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი პრეზიდენტის იმპიჩმენტს.

როდის დაიწყება არსებითი განხილვა სენატში?

ამჟამინდელი უმრავლესობის ლიდერმა, რესპუბლიკელმა მიტჩ მაკკონელმა უარყო დემოკრატების მოწოდება, დაუყოვნებლივ გამართულიყო იმპიჩმენტის არსებითი განხილვა. მაკკონელი აცხადებს, რომ სენატი 19 იანვრამდე ვერ შეიკრიბება.

ეს ნიშნავს, რომ სენატში იმპიჩმენტის არსებითი განხილვა, სავარაუდოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც პრეზიდენტი ტრამპი, 20 იანვარს, თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტს დატოვებს. წარმომადგენელთა პალატამ, არსებითი განხილვის დაწყებამდე, სენატს ბრალდება ოფიციალურად უნდა გადასცეს.

რა შეიძლება იყოს პრეზიდენტის დაცვა არსებით განხილვაზე?

წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტის ერთი მუხლი დაამტკიცა – ოფიციალური ბრალდება: კონგრესის ქვედა პალატა, 45-ე პრეზიდენტს ბრალს ვაშინგტონში, 6 იანვარს მომხდარი „ამბოხის წაქეზებაში“ სდებს. ბრალში აქცენტი გაკეთებულია მიტინგზე წარმოთქმულ სიტყვაზე, რომლითაც პრეზიდენტმა ტრამპმა საკუთარ მხარდამჭერებს იქამდე მიმართა, ვიდრე ისინი კაპიტოლიუმში შეიჭრებოდნენ.

სავარაუდოდ, პრეზიდენტ ტრამპის არგუმენტი კონსტიტუციის პირველი შესწორებით დაცული სიტყვის თავისუფლება იქნება – მიუხედავად იმისა, რომ მან მხარდამჭერებს უთხრა „იბრძოლეთ“, ის არ გულისხმობდა ძალადობისკენ ფაქტობრივ მოწოდებას.

წარმომადგენელტა პალატის მიერ იმპიჩმენტის გამოცხადების შემდეგ, პრეზიდენტმა ტრამპმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ის გმობს 6 იანვარს განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს.

„ჩვენს ქვეყანასა და მოძრაობაში, ძალადობისა და ვანდალიზმის ადგილი სრულებით არ არის“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

შესაძლებელია ყოფილი პრეზიდენტის იმპიჩმენტი?

დიახ. სპეციალისტებს შორის არსებობს კონსესუსი, რომ „გვიანი იმპიჩმენტი“ კონსტიტუციურია.

სწავლულები აღნიშნავენ, რომ იმპიჩმენტი გამოიყენება არა მხოლოდ ოფიციალური პირების თანამდებობიდან გასათავისუფლებლად, არამედ მათი მომავალი დისკვალიფიკაციისთვისც, რათა მომავალში მათ ვეღარ დაიკავონ თანამდებობა. ეს ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ არსებობს მიზეზი იმისთვის, რომ ტრამპი თეთრი სახლის დატოვების შემდეგ გაასამართლონ.

კონსტიტუციაში წერია, რომ გამტყუნების შემთხვევაში, ხდება დისკვალიფიკაცია ნებისმიერი საპატიო საჯარო თანამდებობის დაკავებისგან ამერიკის შეერთებულ შტატებში.

სენატის პრეცედენტის თანახმად, დიკვალიფიკაციისთვის სენატის მხოლოდ მარტივი უმრავლესობაც საკმარისია. ისტორიულად, კენჭისყრა მხოლოდ გამამტყუნებელი დადგენილების შემთხვევაში იმართება. თუმცა ნათელი არ არის, საჭიროა თუ არა ვინმეს დისკვალიფიკაციისთვის, მისი გამტყუნება.

რამდენ ხანს გასტანს არსებითი განხილვა?

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ განაცხადა, რომ სენატს აქვს უფლებამოსილება, შეიმუშავოს იმპიჩმენტის საკუთარი წესები. მოქმედი წესების შესაბამისად, სასამართლო განხილვა, მინიმუმ რამდენიმე დღე გაგრძელდება.