„ეს პროცესი მულტისექტორალურ ძალისხმევას საჭიროებს" - რას ამბობს კოვიდვაქცინაციის ეროვნული გეგმა

პუბლიკა

გუშინ ჯანდაცვის სამინისტროში covid-19-ის ვაქცინაციის დანერგვის საკითხების მოსაგვარებლად კომისიის შეხვედრა გაიმართა.

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა კოვიდ-19-ის ვაქცინის შემოტანასა და ქვეყნის მზაობაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ითქვა, რომ გეგმაზე მუშაობა კომისიამ დაასრულა და ის დასამტკიცებლად მთავრობას გადაეგზავნა.

ვაქცინაციის გეგმა მოსახლეობის 18 წელს ზემოთ კონტინგენტის აცრას ითვალისწინებს. საქართველო გეგმავს, 2021 წლის განმავლობაში აცრას მოსახლეობის 60%, რაც საზოგადოებრივი იმუნიტეტის გამომუშავების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი რაოდენობა იქნება.

მოსახლეობის 20%-ისთვის საჭირო ვაქცინას ქვეყანა „კოვაქს“-პლატფორმის მეშვეობით ელოდება.

სავარაუდოდ, ამ პლატფორმის გზით ქვეყანაში პირველად „ფაიზერის“ ვაქცინა შემოვა, რომლითაც პრიორიტეტული ჯგუფების სიის სათავეში მყოფი ადამიანები აიცრებიან.

რას გულისხმობს ვაქცინაციის გეგმა, რა მასშტაბის ლოჯისტიკური სამუშაო იქნება გასატარებელი ქვეყანაში პროცესის წარსამართად და რა გამოწვევები არსებობს ამ კუთხით –  ვაქცინაციის გეგმის შესახებ „პუბლიკა“ კომისიის ერთ-ერთ წევრს ჯანდაცვის ექსპერტს, კაკი ზოიძეს ესაუბრა.

კაკი ზოიძის თქმით, ვაქცინაციის გეგმა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს  – პრიორიტეტული ჯგუფების შერჩევა; ლოჯისტიკის და კომუნიკაციის მიმართულება; ტრანსპორტირება. ზოიძის თქმით, ეს ყველაფერი გაწერილია კონკრეტულ ვადებში და ვაქცინის ტიპის გათვალისწინებით გაწერილია რამდენიმე სცენარი. გეგმაში დეტალურად არის გაწერილი, როგორ მოხდება პირველი 700 ათასი დოზით მოსახლეობის ვაქცინაცია, რაც მომავალი 2-3 თვის ამოცანაა.

რომელ ვაქცინას მიიღებს ქვეყანა და როდის?

კაკი ზოიძის თქმით, დეკემბერში ქვეყანამ ოფიციალური წერილი მიიღო „კოვაქსის“ პლატფორმიდან, რომლის მიხედვითაც საქართველო, სავარაუდოდ, „ასტრა ზენეკას“ ვაქცინის 500 ათას დოზას ადრეულ გაზაფხულზე მიიღებს. ეს შეიძლება იყოს მარტი ან აპრილი. მისი თქმით, სავარაუდოდ, ევროპის რეგულირების სააგენტო 99%-იანი ალბათობით „ასტრა ზენეკას“ ვაქცინას ევროპაში გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციას მიანიჭებს, რაც ჩვენთვის ამ ვაქცინის მიღებას გააადვილებს.

„ჩვენ მხოლოდ იმ ვაქცინას განვიხილავთ, რომელსაც ან ჯანმოს პრეკვალიფიკაცია [ანუ უმაღლესი სტანდარტი] აქვს, ან გადაუდებელი მოხმარების ავტორიზაცია.

ვაქცინას უნდა ჰქონდეს ჯანმოს, ან რამდენიმე სხვა მკაცრი მარეგულირებლების ავტორიზაცია. ისეთის, როგორიცაა  – ამერიკის ინგლისის, ევროპის კვებისა და წამლების მარეგულირებელი სააგენტო; ასევე იაპონიისა და სამხრეთ კორეის. მათ აქვთ უმაღლესი ხარისხის ვერიფიკაციის სისტემა. ისინი თუ ამბობენ, რომ უსაფრთხოა, ჩვენ ვენდობით მათ შეფასებას“, – ამბობს კაკი ზოიძე.

კაკი ზოიძის თქმით, „კოვაქსის“ პლატფორმიდან ქვეყანამ დეკემბერის ბოლოს, იანვრის დასაწყისში მეორე წერილი მიიღო, სადაც კითხვა „ფაიზერის“ ვაქცინის მიღების შესაძლებლობებს ეხებოდა. „ფაიზერს“ უკვე მიღებული აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია, რაც შესაძლებელს ხდის, ის მალევე გამოვიყენოთ საქართველოში.

კაკი ზოიძის თქმით, წერილის მიხედვით, რომელიც ქვეყანამ „კოვაქსისგან“ მიიღო, ორგანიზაცია მოლაპარაკებებს აწარმოებს „ფაიზერთან“ და სწორედ ამიტომ პლატფორმაში გაწევრებულ ქვეყნებს დაუგზავნეს წერილები, სადაც დასმულია შეკითხვა, აქვთ თუ არა ამ ვაქცინის მიღების შესაძლებლობა.

„წერილში გვთხოვეს, გავაგებინოთ, მზად ვართ თუ არა ფაიზერის ვაქცინის მისაღებად. ჩვენ ვუთხარით, რომ ჩვენ მზად ვართ დაახლოებით 100 ათასი ადამიანის სამყოფი ვაქცინის მისაღებად. ეს არის მაღალი ლოჯისტიკური გამოწვევის მქონე ვაქცინა. მას დაბალი ტემპერატურა სჭირდება. კონკრეტული ადგილები/ საწყობებია განსაზღვრული“, – ამბობს კაკი ზოიძე.

მისი თქმით, საქართველო „კოვაქსს“ გაუგავნის წერილს, სადაც დაადასტურებს მზაობას, მიიღოს „ფაიზერის“ ვაქცინა.  ხოლო თავად „კოვაქსი“ როდის დაასრულებს „ფაიზერთან“ მოლაპარაკებებს  და რამდენ ვაქცინას მიიღებს საქართველო, ეს ჯერ უცნობია.

„როგორ დასრულდება ეს მოლაპარაკება და რამდენ დოზას მისცემს „ფაიზერი“ და რამდენი მოვა ჩვენთან, ეს არ ვიცით. თუმცა საუბარია მინიმუმ ათი ათას დოზაზე. ჩვენ როგორც ქვეყანამ, ვუთხარით, რომ დღესვე მზად ვართ მივიღოთ 100 ათასი“, – ამბობს ზოიძე.

მისი თქმით, „კოვაქსის“ პლატფორმიდან ასაცრელი მოსახლეობის 20%-ისთვის საჭირო ვაქცინის მისაღებად საქართველომ ყველაფერი გააკეთა.

„ყველანაირი ვალდებულება, რაც სახელმწიფოს მხრიდან შეიძლებოდა გაკეთებულიყო, გაკეთდა დროულად. მეორე თემაა „კოვაქსი“ რამდენად დროულად შეძლებს ამ ვაქცინების მობილიზებას ჩვენთვის. ამ პლატფორმისთვის მნიშვნელოვანია სამართლიანობის პრინციპი – რა რაოდენობასაც მიიღებს, თანაბრად წილობრივად ანაწილებს პლატფორმაში გაწევრებულ ქვეყნებზე. ზოგადად „კოვაქსს“ აქვს ვალდებულება, რომ ჩვენი მოქალაქეების 20%-ისთვის მოგვაწოდოს ვაქცინები“, – ამბობს ზოიძე.

მისი თქმით, ვაქცინაციის გეგმის მიხედვით მოსახლეობის 60-70% უნდა აიცრას. თუ „კოვაქსი“ მხოლოდ 20%-ისთვის ვაქცინის მობილიზებაში დაგვეხმარება, დანარჩენი ქვეყანამ სხვა მოლაპარაკებების გზით უნდა მოიპოვოს. კაკი ზოიძე ამ ნაწილში გასაწევი ძალისხმევის მნიშვნელობაზე საუბრობს. მისი თქმით, აუცილებელია, რომ ქვეყანამ მაქსიმალურად ყველა კომპანიასთან წინსწრებით ითანამშრომლოს, რათა ერთ წელიწადში რეალური გახდეს მოსახლეობის 60%-ის აცრა.

ვინ აიცრება პირველ რიგში?

მედპერსონალი და 75 წელს გადაცილებული საქართველოს მოქალაქეები – ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც პირველ რიგში აიცრებიან. კაკი ზოიძის თქმით, ასაცრელი მედპერსონალის რაოდენობა 64 ათასამდეა და ჯამში, თუ ქვეყანა თებერვალში „ფაიზერისგან“ ასი ათასი ადამიანის სამყოფ ვაქცინას მიიღებს, პირველი რიგის რისკჯგუფში შემავალ ადამიანებს აცრიან.

საკომუნიკაციო კამპანია – ანტივაქსერული განწყობები, როგორც გამოწვევა

კაკი ზოიძის თქმით, ბოლო კვლევებით, გამოკითხულების 41% ვაქცინის გაკეთებაზე უარს ამბობს. 19% კი ამბობს, რომ ვაქცინის გაკეთებაზე დაფიქრდება. მისი თქმით, საჭიროა აქტიური საკომუნიკაციო კამპანია მოსახლეობასთან. ვაქცინაციის გეგმა საკომუნიკაციო კამპანიის ნაწილში მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა: ტრენინგები, შეხვედრები სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან, საგანმანათლებლო ვიდეორგოლები და ა.შ.

გეგმა ერთია – მთავარია განხორციელება

„ეს პროცესი მულტისექტორალურ ძალისხმევას საჭიროებს. მხოლოდ ჯანდაცვა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ამ საქმისთვის საკმარისი არ იქნება. ეს იქნება დიდი გამოწვევა და გამოცდა მთლიანად აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საზოგადოებისთვის ზოგადად. თუ არ მოხდა კონსოლიდაცია და თუ  ვაქცინაციის პროცესის პოლიტიზაციაც გავაკეთეთ, დიდი საფრთხე იქნება“, – ამბობს კაკი ზოიძე.

მისი თქმით, აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი ლოჯისტიკური გამოწვევა იქნება მასობრივი ვაქცინაციის პროცესისთვის მომზადება.

„ერთი თემაა ვაქცინის შემოტანა, მაგრამ მეორე თემაა ამ ადამიანებამდე მიტანა და ვაქცინირება. ეს პროცესი საზოგადოებრივი ინსტიტუტების თანწყობილ მოქმედებას საჭიროებს.

ასეთი რაღაც 90 წლებში გაკეთდა, როცა დიფტერიაზე მოსახლეობის 90% აიცრა. ანტივაქსერული მოძრაობის პირობებში გაცილებით რთული იქნება მობილიზების მიღწევა“, – ამბობს კაკი ზოიძე.

ზოიძის თქმით, ვაქცინაციის გეგმაზე მომუშავე ჯგუფის რეკომენდაციაა, შეიქმნას მულტისექტორალური ჯგუფი, რომელიც ამ გეგმის განხორციელებაზე იქნება პასუხისმგებელი.

„ჩვენი რეკომენდაციაა, შეიქმნას მულტისექტორალური ჯგუფი, რომელიც ამ გეგმის განხორციელებაზე იქნება პასუხისმგებელი. რომელშიც ჩართული იქნება დაავადებათა კონტროლიც და სხვა უწყებებიც და ერთი წელი ინფუნქციონირებს, რომლის ერთადერთი ამოცანა იქნება ამ გეგმის აღსრულებაზე მონიტორინგი. ასეთი ტიტანური ძალისხმევა, რაც ამ საქმეს სჭირდება, საჭიროებს მიზნობრივ სტრუქტურას“, – ამბობს კაკი ზოიძე.