ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის (IIHF) გადაწყვეტილებით, 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ბელარუსის დედაქალაქ მინსკში აღარ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ ბელარუსის ბიურო ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნულის მიზეზად უსაფრთხოების პრობლემები სახელდება, რომელიც „კონტროლს არ ექვემდებარება“.
გამოცემა წერს, რომ ფედერაციამ აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელიც 18 იანვარს გამოაქვეყნა, ევროპული ქვეყნებისა და სპონსორებისგან მომავალი ზეწოლის ფონზე მიიღო. ტურნირისთვის ბელარუსს ლატვიასთან ერთად მაისი-ივნისიში უნდა ემასპინძლა.
„ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის (IIHF ) საბჭომ დაადგინა, რომ შეუძლებელია გუნდებისა და მაყურებლის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იმ შემთხვევაში, თუ ჩემპიონატი ბელარუსში ჩატარდება“ – ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.
რაც შეეხება ჩემპიონატის ახალ მასპინძელ ქვეყანას, გამოცემის ცნობით ფედერაცია ამ ეტაპზე, როგორც ღონისძიების თანამასპინძლის, ლატვიის სტატუსს განხილავს. ასევე იმსჯელებენ მისი ერთ ქვეყანაში ჩატარების შესაძლებლობაზე COVID-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვებისა და რეგულაციების გათვალისწინებით. „რადიო თავისუფლების“ ცნობით, საუბარია ჩემიპიონატის დანიასა და სლოვაკეთში ან სრულად ლატვიაში გამართვაზე.