დღეს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც 2008 წლის ომს უკავშირდებოდა. სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევა თითქმის ყველა ძირითად მუხლში ცნო.
საქმე 12 წლის განმავლობაში განიხილებოდა. საქართველომ სტრასბურგის სასამართლოს 2008 წლის 11 აგვისტოს მიმართა, ხოლო სრული საჩივარი 2009 წლის 6 თებერვალს წარუდგინა. საჩივარი ევროპული კონვენციის 8 მუხლის დარღვევას შეეხებოდა.
საქართველო ამტკიცებდა, რომ რუსეთმა ადმინისტრაციული პრაქტიკის სახით, რუსულ შეიარაღებულ ძალებსა და მათ კონტროლქვეშ მოქმედ სეპარატისტულ ძალებს ხელი შეუწყო/ნება დართო, განეხორციელებინათ განურჩეველი და არაპროპორციული თავდასხმები მშვიდობიანი მოსახლეობისა და მათი ქონების წინააღმდეგ.
სტრასბურგის სასამართლომ წარდგენილი 8 მუხლიდან რუსეთის დარღვევა 6 მუხლში – სიცოცხლის უფლების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის, პირადი ან ოჯახური ცხოვრების თავისუფლების პატივისცემისა და საკუთრების უფლებაში დაადგინა. დაადგინა გადაადგილების თავისუფლების, ასევე, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევაც.
რას ამბობს სტრასბურგის სასამართლო 2008 წლის ომზე?
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ნინო ჯომარჯიძე „პუბლიკასთან“ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრობს, რომლებიც 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებაშია შესული.
- რუსეთის იურისდიქცია კონფლიქტურ რეგიონებში მომხდარ დარღვევებზე
პირველი ის არის, რომ 2008 წლის 12 აგვისტოდან, საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ მომხდარ მოვლენებზე რუსეთის ფედერაციის იურისდიქცია ვრცელდებოდა. მათ შორის კონფლიქტურ რეგიონებსა და ე.წ. იმ ბუფერულ ზონებშიც, რომელსაც რუსეთის შეიარაღებული ძალები 2008 წლის 10 ოქტომბრამდე აკონტროლებდა. ეს ნიშნავს, რომ იქ ადამიანის უფლებათა დარღვევებზე რუსეთია პასუხისმგებელი.
„მაგალითად, სამოქალაქო პირებთან მიმართებით სასამართლომ პირდაპირ თქვა, რომ მართალია, უშუალოდ არ იკვეთებოდა რუსეთის სამხედრო ძალების პირდაპირი ჩართულობა სამოქალაქო პირების დაკავებაში, მაგრამ რადგან ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სწორედ რუსეთი მიმართავდა ეფექტიან კონტროლს, ის იყო პასუხისმგებელი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ქმედებებზე.
ამავდროულად, რუსეთის ფედერაციამ სამოქალაქო პირების დაკავებისას არ მიიღო სათანადო ზომები არასათანადო მოპყრობის პრევენციისთვის, ანდა დაკავების აღსაკვეთად. შესაბამისად, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა ქმედებებზე სამოქალაქო პირების დაკავებასთან, მკვლელობასთან, ქონების განადგურებასთან, გადაწვასთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობა სწორედ რუსეთის ფედერაციას შეერაცხებოდა“, – ამბობს ნინო ჯომარჯიძე.
- ადმინისტრაციული პრაქტიკის არსებობა
მეორე მნიშვნელოვანი საკითხია ადმინისტრაციული პრაქტიკის არსებობა. რას ნიშნავს ადმინისტრაციული პრაქტიკა? სასამართლო აღნიშნავს, რომ 12 აგვისტოს შემდეგ ჩადენილი დარღვევები – მოქალაქეთა დაკავება, მკვლელობები, ქართულ სოფლებში სახლების გადაწვა და გაძარცვა არა ცალკეული ფაქტები, არამედ ფართომასშტაბიანი, სისტემური დარღვევები იყო, რუსეთმა კი არ მიიღო სათანადო ზომები მათ აღსაკვეთად.
სასამართლომ ასევე განმარტა, რომ მსხვერპლთა მიმართ ქმედებები კვალიფიცირდება, როგორც არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა და ისინი მსხვერპლად იქცნენ თავიანთი ეთნიკურობის გამო. ამის გათვალისწინებით, სასამართლომ დაადგინა სიცოცხლის უფლების, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობისა და საკუთრების უფლების დარღვევა.
როგორც საიას იურისტი „პუბლიკასთან“ ჰყვება, ადმინისტრაციული პრაქტიკის დადგენას თავისი პრაქტიკული შედეგიც აქვს. ამ შემთხვევაში მომჩივან სახელმწიფოს (აქ საქართველოს) შიდა საშუალებების ამოწურვის ვალდებულება აღარ აქვს.
„შიდა საშუალებების ამოწურვა, ზოგადად, გულისხმობს, რომ რაღაც გარკვეული სახის დარღვევისას, პირი ევროპული სასამართლოსთვის მიმართვამდე ვალდებულია, მოპასუხე სახელმწიფოს შესაბამის ეროვნული ორგანოების წინაშე დააყენოს ამ საქმეზე, ამ ფაქტებზე მოთხოვნები და მათ მოსთხოვოს ამ ფაქტების ეფექტიანი გამოძიება და ა.შ. ადმინისტრაციული პრაქტიკის არსებობის დადგენის შემთხვევაში კი, შიდა საშუალებების ამოწურვის საჭიროება აღარ არსებობს“, – ჰყვება ჯომარჯიძე.
ადმინისტრაციული პრაქტიკის დადგენა მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, რუსეთს აღარ მიმართონ (სავალდებულო წესით) ასეთი შემთხვევების გამოსაძიებლად და საქმე პირდაპირ ევროპულმა სასამართლომ განიხილოს.
ჯომარჯიძე ჰყვება, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ აქამდე არაერთი მოქალაქის უფლებების დარღვევის გამოძიების მოთხოვნით მიმართა რუსეთის საგამოძიებო უწყებებს, თუმცა მათ მოთხოვნებს რეაგირება არ მოჰყოლია.
- სამოქალაქო ტყვეების უკანონო დაკავება და არაადამიანური მოპყრობა
სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს 160 მოქალაქე, რომელთა უმრავლესობაც იყო ასაკოვანი და მათი ერთი მესამედი იყო ქალი, სამხრეთ ოსეთის ძალებმა დააკავეს და ჰყავდათ პატიმრობაში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის სარდაფში, ცხინვალში 2008 წლის 10-დან 27 აგვისტომდე პერიოდში.
სასამართლოს განმარტებით, მართალია, რუსეთის სამხედრო ძალების პირდაპირი ჩართულობა სამოქალაქო პირების დაკავებაში ცხადად არ დასტურდებოდა, მაგრამ ამ პირთა დაკავება შეერაცხება რუსეთის ფედერაციას იმის საფუძველზე, რომ ის იყო პასუხისმგებელი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების ქმედებებზეც და მათ არ მიიღეს სათანადო ზომები არასათანადო მოპყრობის პრევენციისთვის.
- ქართველი სამხედრო ტყვეების წამება
სასამართლოს განმარტებით, ქართველ სამხედრო ტყვეთა წამებაში რუსეთის შეიარაღებული ძალების პირდაპირი მონაწილეობა არ იკვეთებოდა, თუმცა, ვინაიდან სასამართლომ დაადგინა რუსეთის იურისდიქცია, შესაბამისად, ამ შემთხვევებზეც დგება მისი პასუხისმგებლობა. მით უმეტეს, იმ პირობებში, რომ რუსეთს არ მიუღია შესაბამისი ზომები არასათანადო მოპყრობის აღსაკვეთად.
- მიმოსვლის თავისუფლების დარღვევა
საიას განმარტებით, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება არ აძლევდა ეთნიკურ ქართველებს სახლებში დაბრუნების შესაძლებლობას. რუსეთის იურისდიქციის გამო, მას ამ ფაქტებზეც ეკისრება პასუხისმგებლობა.
- 8-დან 12 აგვისტოს, საბრძოლო მოქმედებების პერიოდში, რუსეთის იურისდიქცია არ გავრცელდა
საქართველოს საჩივარი არ დაკმაყოფილდა 8-12 აგვისტოს პერიოდში მომხდარ დარღვევებთან მიმართებით.
ნინო ჯომარჯიძე ჰყვება, რომ სასამართლოს განმარტებით, ცეცხლის შეწყვეტის მიღწევამდე პერიოდში მხარეებს შორის მიმდინარეობდა საბრძოლო მოქმედებები, რომლის მიზანიც იყო კონკრეტულ ტერიტორიებზე კონტროლის მოპოვება. ამ პირობებში სასამართლოსთვის შეუძლებელი იყო, დაედგინა რომელიმე მხარის ეფექტიანი კონტროლი ამ ტერიტორიებთან მიმართებით.
ამიტომ, ჯომარჯიძის თქმით, 8-12 აგვისტოს პერიოდში მომხდარი მოვლენები სასამართლომ განხილვის გარეშე დატოვა. მიიჩნია, რომ ამ ნაწილში რუსეთის პასუხისმგებლობა ვერ დადგინდებოდა.
ნინო ჯომარჯიძის თქმით, ამ გადაწყვეტილების უარყოფითი გავლენა იქნება ის, რომ სტრასბურგის სასამართლო იმავეს მიიჩნევს ინდივიდუალური საქმეების დროსაც. ქართულმა მხარემ კი უნდა დაამტკიცოს, რომ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთზე 8-12 აგვისტოს პერიოდშიც რუსეთს ჰქონდა კონტროლი და იმ დროს მომხდარი ფაქტებიც მისი პასუხისმგებლობაა.
„თუმცა მაღალია იმის ალბათობა, რომ სასამართლომ ინდივიდუალურ საქმეებშიც გაიმეოროს იგივე არგუმენტაცია, რაც სახელმწიფოთა შორის საჩივრისას ჰქონდა“, – ამბობს ჯომარჯიძე „პუბლიკასთან“. შესაბამისად, დაზარალდებიან ის მოქალაქეები, ვისი უფლებებიც სწორედ ამ დღეებში დაირღვა.
- რუსეთმა არ ჩაატარა ეფექტიანი გამოძიება
თუმცა, როგორც იურისტი განმარტავს, სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა ისიც, რომ რუსეთს ჰქონდა ვალდებულება, გამოეძიებინა არა მარტო საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ განვითარებული მოვლენები, არამედ საბრძოლო მოქმედებების აქტიური ფაზის დროს მომხდარიც. რუსეთის ფედერაციამ კი არ ჩაატარა ეფექტიანი და ადეკვატური გამოძიება.
„ეფექტიან გამოძიებასთან მიმართებით სასამართლომ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ 8 აგვისტოდან 12 აგვისტომდე პერიოდში მომხდარ დარღვევებზე რუსეთის იურისდიქცია არ ვრცელდებოდა, ეს არ გამორიცხავდა რუსეთის ვალდებულებას, რომ ამ პერიოდში მომხდარ სიცოცხლის უფლების დარღვევებზე ეწარმოებინა ეფექტიანი გამოძიება“, – ამბობს იურისტი.
რა მნიშვნელობა აქვს სასამართლოს გადაწყვეტილებას?
საიას იურისტის თქმით, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება 2008 წლის ომთან დაკავშირებით მიღებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტია. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ფაქტი, რომ საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებზე კონტროლი რუსეთს აქვს დამყარებული და რომ ეს რეგიონები დღეს ოკუპირებულია. შესაბამისად, საერთაშორისო საზოგადოებაში ეს გადაწყვეტილება საქართველოს სარგებელს მოუტანს.
ნინო ჯომარჯიძის თქმით, ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია ომით დაზარალებული მოქალაქეებისთვისაც.
„2008 წლიდან დღემდე 12 წელზე მეტია გასული, თუმცა აგვისტოს ომის დევნილების უფლებების აღდგენა დღემდე არ მომხდარა. მათი სამართლიანობის აღდგენისთვის ეს გადაწყვეტილება პრინციპულად მნიშვნელოვანია და ასე ვთქვათ, მათი დარღვეული უფლებების აღსადგენად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ამ გადაწყვეტილებით“, – ამბობს ნინო ჯომარჯიძე.
რა არის შემდეგი ეტაპი?
ნინო ჯომარჯიძე „პუბლიკასთან“ ჰყვება, რომ ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, პირველ რიგში განიხილება სახელმწიფოთა შორის საჩივარი, ხოლო მას შემდეგ, რაც სახელმწიფოთა შორის საჩივარზე გამოიტანს გადაწყვეტილებას, იწყებს ინდივიდუალური საქმეების განხილვას.
„რადგანაც ჩვენ გვაქვს უკვე სახელმწიფოთაშორის საჩივარზე გადაწყვეტილება, რამდენიმე თვეში, უკვე უახლოეს პერიოდში, რა თქმა უნდა, ზუსტი დროის თქმა გამიჭირდება, ამაზე სასამართლოს რაიმე გაწერილი ვადები არ აქვს, თუმცა, პირველი სახელმწიფოთაშორის საჩივრიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ იქ დაახლოებით 6 თვის შემდგომ დაიწყო უკვე ინდივიდუალური საქმეების განხილვა და შესაძლებელია, აქაც დაახლოებით იმავე პერიოდში დაიწყოს უკვე სასამართლომ ინდივიდუალური საქმეების განხილვა“, – ამბობს ნინო ჯომარჯიძე „პუბლიკასთან“.
ასევე, გადაწყვეტილების შემდეგი ეტაპია კომპენსაცია. სტრასბურგის სასამართლოს რუსეთის მხრიდან კომპენსაციაზე გადაწყვეტილება, ჯერჯერობით, არ მიუღია. მან მხარეებს სამართლიან დაკმაყოფილებაზე მოსალაპარაკებლად 12 თვე მისცა. ეს მოიცავს როგორც მატერიალურ და მორალურ ზიანს, ასევე, ადმინისტრაციულ ხარჯს. იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნები ვერ შეთანხმდებიან, კომპენსაციის შესახებ სასამართლო ერთი წლის შემდეგ თავად იმსჯელებს და გადაწყვეტს, უნდა დაეკისროს თუ არა რუსეთს თანხა და რა რაოდენობით უნდა დაეკისროს კომპენსაცია.
სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და მას რუსეთი ვერ გაასაჩივრებს, რადგან ის ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ გამოიტანა. ნინო ჯომარჯიძის თქმით, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგი ეტაპია სათანადო ზომების დაკისრება მოპასუხე სახელმწიფოს მიმართ და მისი აღსრულება. ამისთვის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს ეგზავნება.
„მას შემდეგ, რაც ზოგადად ცნობილი ხდება გადაწყვეტილება, სახელმწიფოს ეკისრება ინდივიდუალური ან ზოგადი ღონისძიებების ფარგლებში გარკვეული ზომების მიღება.
სწორედ უკვე მინისტრთა კომიტეტის წინაშე უნდა იმსჯელონ ამ საკითხებზე და გადაწყვიტონ, ვთქვათ, ინდივიდუალური თუ ზოგადი ღონისძიებების ფარგლებში, მოპასუხე სახელმწიფომ რა ღონისძიებები უნდა გაატაროს“, – დასძენს იურისტი.
შეასრულებს თუ არა რუსეთი სასამართლოს გადაწყვეტილებას?
ნინო ჯომარჯიძე ჰყვება, რომ ზოგადად რუსეთი ურჩ სახელმწიფოდ მიიჩნევა. თუმცა, წინა საქმეზე, რომელის საქართველოს მოქალაქეების გამოძევებას ეხებოდა 2006 წელს, რუსეთმა ინდივიდუალური საჩივრები დააკმაყოფილა. მოსკოვი ჯერჯერობით თავს იკავბს ამავე საქმეზე სახელმწიფოთა შორის განხილულ საქმეზე დაკისრებული კომპენსაციის გადახდისგან.
„კომპენსაცია არის ის საკითხი, რომელსაც რუსეთი, ასე თუ ისე, ნაკლებად აპრობლემებს. თუმცა, ეს ეხება ინდივიდუალურ საქმეებს და სახელმწიფოთა შორის საქმეზე ამ ეტაპზე რუსეთი მაინც უარს ამბობს თანხის გადახდაზე.
ასე რომ, ამ შემთხვევაშიც შეიძლება თუ ინდივიდუალურ საქმეებში დაკმაყოფილდა შემდგომში თანხის გადახდა, შესაძლებელია უფრო ნაკლები პრობლემა შეიქმნას კომპენსაციის გადახდის კუთხით, ვიდრე სხვა ღონისძიებების ჩატარებასთან მიმართებთ“
ამ სხვა ღონისძიებებს შორისაა, ჯომარჯიძის თქმით, ეფექტიანი გამოძიების ჩატარების დაკისრება რუსეთის ფედერაციისთვის. რუსეთი გამძიებას თავს არიდებდა გასული 12 წლის განმავლობაში და იურისტი ვარაუდობს, რომ ასევე მოიქცევა სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგაც.
უკავშირდება თუ არა ეს საქმე ჰააგის სასამართლოში მიმდინარე საქმეს?
წელს სტრასბურგის გარდა საქართველო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საქმის დასრულებას ელოდება, ამჯერად ჰააგის სასამართლოში. უკავშირდება თუ არა ეს ორი საქმე ერთმანეთს?
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო 2008 წლის ომის შესახებ საქმეებს დამოუკიდებლად და განსხვავებული კუთხით განიხილავენ.
იურისტი ნიკა ჯერიანაშვილი „პუბლიკასთან“ განმარტავს, რომ ჰააგის სასამართლოს აქვს პროკურორის ოფისიც. ის არ განიხილავს ქვეყნებს შორის დავას, არამედ თავად იძიებს ომის დროს ჩადენილ და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს.
შესაბამისად, ის არ განიხილავს ქვეყნის პასუხისმგებლობას, როგორც სტრასბურგის სასამართლო. მათ შორის ადამიანის უფლებებთან მიმართებით, იქნება ეს წამება, ეთნიკური წმენდა და სხვ. ჰააგის სასამართლო ცდილობს იმ პირების გამოყოფას, ვინც პასუხისმგებელია კონკრეტულ დანაშაულებზე.
ნიკა ჯეირანაშვილის თქმით, მტკიცებულებების შეგროვების შემდეგ ჰააგის სასამართლო კონკრეტულ პირებზე გამოსცემს დაკავების ორდერს, რასაც მერე დაკავებული პირების სასამართლო პროცესები უნდა მოჰყვეს. შესაბამისად, ჯერჯერობით ამ პროცესში მხოლო პროკურორის ოფისია ჩართული. დაკავების ორდერის ან ორდერთა გამოცემის შემდეგ კი ჩაერთვება უკვე სასამართლო
„ჰააგის სასამართლოს სპეციფიკა ისეთია, რომ ტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება იმდენად მნიშვნელოვანი არ არის. იმ მხრივ რომ, ისინი ამას არ გამოიყენებენ, როგორც კონკრეტულ მტკიცებულებას კონკრეტულ საქმეში. ჰააგის სასამართლო ამიტომ არის სპეციფიური, რომ მათ თავიანთი პროკურორის ოფისი ჰყავთ, რომელიც უკვე 5 წელია თავად ატარებს კონკრეტულ გამოძიებას“, – ამბობს ნიკა ჯეირანაშვილი „პუბლიკასთან“.
საქართველო სასამართლოს წევრი ქვეყანაა და ორდერის გამოცემის შემთხვევაში ვალდებულია დააკავოს დანაშაულში გამოკვეთილი პირი და სასამართლოს გადასცეს. იქნება ის ეთნიკურად ქართველი თუ არა. რუსეთი კი სასამართლოდან გავიდა და მას შეუძლია რუსეთის ტერიტორიაზე მყოფი პირი სასამართლოს არ გადასცეს. ჯეირანაშვილის თქმით, ამ შემთხვევაში სასამართლოს არ აქვს ბერკეტი, დაავალდებულოს რუსეთი და სასამართლო პროცესიც ვერ შედგება. თუმცა, თუკი დანაშაულში გამოკვეთილი პირი ისეთ ქვეყანაში ჩავა, რომელიც სასამართლოს წევრია, იმ ქვეყანას მისი დაკავების ვალდებულება აქვს. სასამართლოს წევრი კი 123 ქვეყანაა.