ყველას ბავშვობიდან გვესმის, რომ სპორტსმენისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია სპორტული რეჟიმით ცხოვრება, უარყოფა ყოველივე ამაქვეყნიური სიამისა და თავდადება მისაღწევი შედეგებისთვის. ეს გვესმის და შვილებსაც ალბათ იგივეს ჩავჩიჩინებთ, მაგრამ რეალობა ხშირად სრულიად სხვაა და არცთუ იშვიათად ვხედავთ, რომ წარმატებული სპორტსმენები არათუ ასკეტურად არ ცხოვრობენ, პირიქით – ნაკლებად სანიმუშონი არიან და აწგარდაცვლილი დიეგო მარადონა ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია.
საყვარელ სპორტსმენებზე საუბრისას ხშირად გვავიწყდება, რომ ვსაუბრობთ ხშირ შემთხვევაში სიღარიბეში გაზრდილ ბიჭებზე და გოგონებზე რომელთა დიდ ნაწილს არათუ წესიერი განათლება არ მიუღია, ბევრმა ნორმალურად წერა-კითხვაც მოგვიანებით ისწავლა. ბრაზილიელ რობერტო კარლოსს ერთხელ ისიც კი აქვს ნათქვამი, – მეცინება ევროპელი ფეხბურთელები ჟურნალისტებს დალაგებულად რომ ესაუბრებიან, რადგან ჩემს გარშემო ვისაც კი ბურთი უგორებია ყველა ქუჩურად და „არარესპოდენტულად“ მეტყველებდაო.
მსოფლიო ფეხბურთს ლუდის, ვისკის, სკოჩის, ღვინის, არყის და სხვა სასმელების გემრიელად მსმელი მრავალი მობურთალი ახსოვს. იყვნენ ალკოჰოლზე ერთიანად დამოკიდებულნიც და ისეთები, რომლებიც ბოჰემურ თრობას არასოდეს გასცდენიან. იყვნენ ჩუმი მსმელები და როხროხა, ლიტრობით ლუდის თუ ღვინის “ჩამსხმელნი“. ბევრმა დიდი ფეხბურთიც ითამაშა და ზოგი ახლა ლეგენდის საბურველითაა მოსილი. ეს ხალხი კიდევ ერთხელ გვაჩვენებს იმ ისედაც ცხადლივ ჭეშმარიტებას, რომ ამქვეყნად უნაკლო არავინაა.
როდესაც სპორტული რეჟიმის სრულ უგულველყოფაზე და სმისმოყვარეობაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ბრაზილიელი მობურთალი, „იმპერატორად“ წოდებული ადრიანო, რომელიც გამორჩეულად ნიჭიერი თავდამსხმელის გარდა ჩვეულებრივი ლოთი გახლდათ. ვარჯიშის შემდეგ თუკი სხვები კინოთეატრში დადიოდნენ, კაფეში ყავას სვამდნენ ან საყვარელ ადამიანთან ნეტარყუჩობდნენ, ეს ბიჭი ბარში გიჟივით შერბოდა, კბილებით ხსნიდა ვისკის ლიტრიან ბოთლს, დააყუდებდა და მთელი ბოთლი ისეთი ვნებით ჩაჰყავდა ნახევარზე, თითქოს წინა დღესაც იგივე არ გაეკეთებინოს.
ადრიანოს სთხოვდნენ, უხსნიდნენ ეხევეწებოდნენ, ემუქრებოდნენ, ხელფასს აკლებდნენ, ერთხელ მილანის „ინტერის“ მწვრთნელმა აგინა კიდეც, მაგრამ „იმპერატორი“ თავისას ჯიუტად არ იშლიდა და ყოველ დილით ვარჯიშზე ისეთი ნაბახუსევი მიდიოდა, ერთ რამედ ღირდა კროსის დროს მისი ამჟავებული სახის ცქერა. ამის მიუხედავად, ადრიანო გოლებსაც იტანდა და გუნდის ლიდერიც იყო.
დიდად შესარგი სმა-ჭმა და ალკოჰოლმოყვარეობა ბრიტანელ ფეხბურთელებს რომ აქვთ გულ-გვამში გამჯდარი – ეგეთი უნდა! ლეგენდარული პოლ გასკოინი ერთხელ როდესაც გვარიანად გამობრუჟული და მეზობლებზე მუშტშემართული პოლიციამ „ვირის აბანოში“ მიაბრძანა, მერე გაოცებული იძახდა „ჩვენში ფეხბურთელისგან სმა და დებოშის ატეხვა როდის მერე გიკვირთ?“-ო. პოლი ერთგვარად მართალიც იყო. განა რა ჩაიდინა ამ „უწყინარმა“ კაცმა ისეთი, რაც ბრიტანეთში სხვა სპორტსმენს ჯერ არ ჩაუდენია?!
ჯერ კიდევ 1978 წელს ბრიტთა კუნძულზე ლონდონის „ტოტენჰემში“ სათამაშოდ ჩასულმა არგენტინელმა ოსვალდო არდილესმა გაოცებით აღნიშნა, რომ ფეხბურთელები დიდიან-პატარიანად ვისკის ეძალებოდნენ და ეს ამბავი მწრთვნელებსაც კი არ უკვირდათ. ისიც უნდა ვთქვათ, რომ თავად არდილესმა მოგვიანებით ღვინო შეიყვარა და გამწვრთვნელების შემდეგ საკუთარი ვენახებიც კი გააშენა არგენტინაში, პატაგონიის მხარეში.
ვინც თავისუფალ დროს ინგლისის საფეხბურთო ნაკრების დიადი კაპიტნის, თონის ადამასის გევრდით დამჯდარა, ყველას შეუღიტინებდა ცხვირში ალკოჰოლის მძაფრი სუნი, რადგან არც თონი იკლებდა ვისკისა და სკოჩის, ღვინოსა და ლუდს. განსაკუთრებით კი ამ უკანასკნელს. აწ უკვე წარსულსჩაბარებულ „ჰაიბერის“ სტადიონთან ახლოს, სადაც თონის ადამსმა ლონდონის „არსენალის“ მაისურში მთელი თავისი კარიერა გაატარა, ერთი პატარა პაბია, რომელიც იყო ამ ვირეშმაკა მსმელი ჯიგიტის საიდუმლო თავშესაფარი. თონი ბარის მეპატრონესთან იყო გარიგებული და იქ ჰქონდა გამოყოფილი სრულიად „მოტეხილი“ მცირე ალაგი, სადაც ლუდს გადაძლევამდე სვამდა და ბარის თანამშრომელთა „ფუნქციაში“ შემდეგ ადამსის სახლამდე მიყვანაც შედიოდა. ბრიტანულმა ბულვარულმა პრესამ ეს ამბავი გვაინღა გამოარკვია, როდესაც თონი უკვე კარიერის ბოლო თვეებს ითვლიდა და დიდად აღარც ისინი გადაჰკიდებიან ლეგენდარულ კაპიტანს. არადა, სკანდალი ამაზე მეტი რა გინდა?…
გული როგორ გაგვიძლებს, რომ ამ ამბებში უეინ რუნიც არ ვახსენოთ… სმა ამ ცხვირწითელა ოყლაყსაც გვარიანად უყვარდა და ალბათ არც ახლა იკლებს. მაგრამ თავის ცოლს, ნამოდელარ კოლინ ქრივს უნდა უმადლოდეს, რომ პოლ გასკოინივით ბოლომდე არასოდეს გადაჭრილა „ვისკის სამეფოში“. ერთი ისაა, რომ სმისას უეინსაც არა აქვს კარგი ხასიათი და ამ ხუთიოდე წლის წინ დაიწუწუნა კიდეც – მე რომ სიმთვრალეში კარგი ხასიათი მქონდეს, ჭიქების ჭახა-ჭუხი თქვენ მერე უნდა გენახათო.
კარგა გვარიანი და თან დამყოლი მსმელი იყო საწყალი გარინჩაც. გარინჩა სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ უფრო სიბეჩავის გამო და ფეხის გაუსაძლისი ტკივილის დასავიწყებლად სვამდა და სასმელებიდან ძირითადად ღვინოს ეძალებოდა (სხვათაშორის, სამხრეთ ამერიკელები ზოგადად „ღვინისტები“ არიან). მისი უბნელი ძმაბიჭები იხსენებენ, რომ ლეგენდარული „მანე“ არავისთან უკადრისობდა პურის გატეხვას და მსოფლიო ჩემპიონის თანმდევი სიამაყე მისთვის სრულიად უცხო რამ იყო.
ღვინოს ყოველთვის ეტანებოდა პარაგვაელი გოლკიპერი ხოსე ლუის ჩილავერტი. ეს გრანდიოზული კაცი სმითაც გრანდიოზულად სვამდა და ამის გამო, კარიერის მიწურულს სასწორზე დადგომას ჭირივით გაურბოდა. ჩილავერტიზე ამბობენ, 150 კილოგრამს რომ ასცდა, მერე აწონვაზე არასოდეს მიდიოდა და თუკი გუნდის მესვეურები წონის კონტროლზე დაუძახებდნენ, ხან რას აიტკიებდა და ხან რას – რომ არ მისულიყოო. ერთ რამედ კი ეღირებოდა იმისა ნახვა, ეს ორმეტრანახევრიანი კაცი ყველასგან დამალვას და აწონვისგან თავის არიდებას პატარა ბავშვივით რომ ესწრაფვის…
გერმანელ ფეხბურთელებს უფრო მეტად ლუდი უყვართ და ეს არცაა გასაკვირი. ამ შემპარავი სასმელით სახალხოდ ისეთი წესრიგის მოყვარე და დალაგებული კაციც კი გამომთვრალა, როგორიც ფრანც ბეკენბაუერია. „კაიზერ ფრანცმა“ მიუნჰენურ გიგანტთან ერთად გერმანიის ჩემპიონობა ერთხელ ლიტრიანი ლუდის ბოკლების გამოცლით აღნიშნა და როდესაც მეოთხე ლიტრიან ბოკალზე მივიდა, გულბაათ ჭავჭავაძესავით წაიფორთხილ-წაიბორძიკა. თუკი ბეკენბაუერის გამოთობის ამბავი ერთხელ დარჩა ისტორიას, მსგავსი ქმედება არაა გასაკვირი მაგალითად გერმანიის ნაკრებისა და „ბაიერნის“ ამჟამინდელ გოლკიპერ მანუელ ნოიერისგან. აყლაყუდა მანუელი მშვენივრად იცავს სპორტულ რეჟიმს, ვარჯიშებზეც არ აგვიანებს, გერმანული წესრიგიც გამჯდარი აქვს ფიქრში, მაგრამ არასოდეს დაუმალავს, რომ მისი ერთ-ერთი ცხოვრებისეული მთავარი სიამე ლუდის ყლურწვა და ცივად მოხარშული ბავარიული ბურვაკის კანჭით პირის ჩაგემრიელებაა.
ლუდის ჭიქებს ხშირად აჭახუნებენ ბასტიან შვაინშტაიგერი და რობერტ ლევანდოვსკიც. ბასტიანმა როდესაც ამ რამდენიმე წლის წინ ცოლად ცნობილი სერბი მეჩოგნე ანა ივანოვიჩი მოიყვანა, სიძემაც კარგად სვა და სმაში ბასტიანს ყველაზე კარგად სწორედ აწხსენებული მანუელ ნოიერი და პოლონური ფესვების მქონე რობერტ ლევანდოვსკი აჰყვნენ. იმ ქორწილში ოლივერ კანიც ბრძანებულა და არც მას დაუკლია ლუდის სმა. თან ახლა ჰერ ოლივერი ვეტერანია და წონის საკონტროლოდ საჭმლისა და ლუდის გრამაჟის თვლა აღარ უწევს. ეს კი პატარა ამბავი სულაც არაა!
რაც შეეხება რუსეთის, უკრიანის, ბელორუსის ჩემპიონატებს და ამ ყველას საერთო წინაპარს – საბჭოთა კავშირის საფეხბურთო პირველობას – იქ რომ არაყი დალეულა, მაგდენს ალბათ ნახევარი ევროპა ვერ დალევს ას წელში. სვამდნენ ვარჯიშებზე და გასახდელებში, თამაშამდე და თამაშის მერე. არყით, კონიაკით და შამპანურით ხდებოდა მსაჯების და მოწინააღმდეგეების მოსყიდვა. სვამდენენ „შესარიგებლად“ და „გასარიგებლად. ეს იქ არავის უკვირდა და ახლაც არ უკვირთ.
და ქართველი ფეხბურთელებიც… გასული საუკუნის 70-იანი წლების ქუთაისის „ტორპედოს“ ერთმა საკმაოდ კარგმა თავდამსმელამა დაიტრაბახა, პელეზე მაგარი ფეხბურთელი ვარო. როდესაც გაიოცეს – ამას როგორ ამბობო, მისი პასუხი იყო: „აბა პელემ დალიოს თამაშის წინ სამი ლიტრი შაქრიანი ცოლიკოური და ჩემსავით გოლს თუ გაიტანს – იმასაც ვნახავო!“. რას ვერჩით, მართალი იყო ის კაცი…