24-ე სკოლას მივმართეთ, დისციპლინურმა საბჭომ განიხილოს დირექტორის მოადგილის ქცევა - ჩხენკელი

პუბლიკა

საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სამინისტრომ 24-ე სკოლას მიმართა, დისციპლინურმა საბჭომ განიხილოს სკოლის დირექტორის მოადგილის საკითხი და შესაბამისად იმოქმედოს:

„რეაგირება მიმდინარეობს. მივმართეთ სკოლას შესაბამისმა დისციპლინურმა საბჭომ განიხილოს დირექტორის მოადგილის ქცევა და ამაზე იქნება შესაბამისი რეაგირება“. – განაცხადა ჩხენკელმა.

თავდაპირველად ტელეკომპანია „პირველმა” გაავრცელა 24-ე სკოლის დირექტორის მოადგილის პოსტი, რომელიც მასწავლებლების „ფეისბუკ” ჯგუფში დაიწერა.

დირექტორის მოადგილე ეკა ბროლაძე წერდა, რომ ორი პარალელური კლასისთვის ახალ ცხრილს გააკეთებდა, გაამსხვილებდა სკოლაში მოსიარულე მოსწავლეთა კლასებს და მეორე ცვლაში გადაიყვანდა. „დილით ჩაატარებთ ონლაინებს, კათედრიდან შეარჩიეთ ერთი მასწავლებელი, ვინც მოვა და იმ ორ გაკვეთილს ჩაატარებს სკოლაში. დამთავრდება ამით, იფეთქებს კოვიდი და გადავალთ ონლაინზე”.