მე 2000 წელს მომიწია სასამართლოში პირველად სტუმრობა. სტუდენტი ვიყავი. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ვესტუმრე. სისხლის სამართლის საქმე განიხილებოდა – თაღლითობის.
საქალაქო სასამართლოს შენობა, რომელიც კომუნისტებისთვის სიმბოლურად, ფელიქს ძერჟინსკის ქუჩაზე მდებარეობდა, შიგნიდან პირველად ვნახე. თითქოს უკვე დატყობოდა განახლების ხელი. ავეჯი აღარ იყო საბჭოური, ადვოკატიც მანერული და თამამი იყო, მაგრამ სისტემას ბევრი აკლდა იქამდე, რასაც ვისურვებდი. დაახლოებით რუსული ჟიგული იყო, ფიატისგან წამოღებული ლიცენზიით აწყობილი, აი, რაღაცით ფიატს რომ მოგაგონებდათ, მაგრამ ყველამ ვიცოდით, რომ ფიატი არ იყო. თუმცა, თქვენც ხომ იცნობდით ადამიანებს, რომლებიც ჟიგულს ფიატს ეძახდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მათაც კარგად იცოდნენ, რომ ჟიგული იყო.
მე მაინც გამიმართლა, პირველად ქუთაისის საქალაქო სასამართლოში რომ ვიყავი სტუმრად. იმავე შთაბეჭდილების ქვეშ ვერ იქნებოდა ბაღდათში მცხოვრები ჩემი თანატოლი. ბაღდათის სასამართლოშიც მომიწია ერთხელ ჩასვლა. ბრალდებულმა უარი თქვა პროცესის მოსამართლის კაბინეტში ჩატარებაზე და მოითხოვა დარბაზში, ღია სასამართლოს გამართვა. მოსამართლემ ჩვენი (დამსწრეების) ხათრი მოიდო და დასთანხმდა. 15 წუთში „დარბაზში“ გადაგვიყვანეს, რომელიც ჩემი დაკვირვებით რამდენიმე წუთის წინ ჯერ კიდევ საქონლის სადგომი უნდა ყოფილიყო. ჩემს ეჭვს როგორც გარემო, ასევე ჯერ კიდევ თბილი ნაკელის უსიამო სუნი ადასტურებდა. თემიდა დარბაზში არ შემიმჩნევია, შეიძლება ცხვირზეც რაღაც ქონდა მიფარებული და ვერ ვიცანი, თორემ თვალზე სახვევი რომ არ ექნებოდა და თითები ყურებში ექნებოდა მაგრად გარჭობილი, რიგითი ადამიანის ხმა რომ არ გაეგონა, თქვენც არ გაგიკვირდებათ. თან, იმ პერიოდში თემიდა სიმდიდრის მოყვარულიც გახლდათ და მისთვისაც მძიმე იქნებოდა იმ უსიამო გარემოში დიდხანს ყოფნა.
რასაც ვერ დავკარგავთ, ისაა, რომ მალე, 2004 წლიდან, საქონლის სადგომები კარგად გარემონტდა, თემიდას ხელები კარგად გაუკოჭეს, ფულზე რომ არ წაცდენოდა, მაგრამ თვალი ისევ არ აუხვევიათ, ხოლო ყურებში თანამედროვეობის შესაფერი დამხშობები გაუკვეხეს.
სასამართლოში ახალგაზრდა გოგო-ბიჭებისთვისაც გაიღო კარი, რომლებმაც პროკურატურის სავარძლები დატოვეს და მოსამართლის სავარძლებში გადაინაცვლეს. ზოგიერთი მოქმედი მოსამართლეც გაახალგაზრდავდა და მათ გარემოცვაში გაერია. რომლებმაც ეს ვერ შეძლეს, ან სახლში გაუშვეს, ან დაიჭირეს. პროკურატურიდან წამოსულ კადრების სრულ უმრავლესობას, წინა სავარძლიდან „მდევნელის“ სული წამოჰყვათ. შედეგად ის მივიღეთ, რომ პროცესზე ბრალდებულს 2 პროკურორი ასამართლებდა. ერთი – ბრალმდებელ-პროკურორი და მეორე – მოსამართლე-პროკურორი.
ამიტომ, იმ დროში სიმართლეს და ლმობიერებას პროკურატურაში უფრო იპოვნიდით, ვიდრე სასამართლოში. თუმცა იყო „პროგრესიც“, სასამართლოს შენობებში კონდიცირება და გათბობა ჩაირთო, მანდატურებს ლამაზი ფორმები შეუკერეს და მოსამართლეებს, რომლებსაც კითხვა ეზარებოდათ, დამატებითი საკითხავი მიაჩეჩეს ხელში.
მოსამართლეთა წვრთნა (ტრენინგი ქართულად ასე ითარგმნება), ინტენსიურად დაიწყო. მოსამართლეები სიხარულით დადიოდნენ მსგავს ღონისძიებებზე, რომლებსაც „ღვინისძიებები“ მოჰყვებოდა ხოლმე და სიმართლე რომ ვთქვათ, ეს ნაწილი უფრო აინტერესებდათ. მათ დაწინაურებაზე დიდ გავლენას ახდენდა გიტარის მოხდენილად ჭერა და „დუდუკსა და ქალებზე“ სიმღერა. ზოგიერთი მათგანი თამადობაში გამოიწრთო და ეს ნიჭიც არ დარჩენილა შეუმჩნეველი. სასამართლო სისტემაში ქორწილი თუ ქელეხი, მათი თამადობის გარეშე არ ჩაივლიდა. თან რაღაცით ჰგავდა მოსამართლეობას ეს საქმე. გაქვს სადღეგრძელოების მომზადებული პროექტი და სახელებს და გვარებს ცვლი შიგნით, როგორც – გადაწყვეტილებებში.
ახალი სასამართლოს დამფუძნებელ მამებს უყვარდათ თამადები, რომლებიც შესანიშნავად ამკობდნენ მათ ძალაუფლებას, უყვარდათ პოეტი მოსამართლეებიც, სკამებზე შემომდგარნი პატრიარქისა და მიშას სადღეგრძელოს 2 ჭიქით ერთდროულად რომ სვამდნენ, უყვარდათ ისეთებიც, რომლებიც სუფრაზე თავს ვერ გამოიჩენდნენ, მაგრამ პროცესზე შეძლებდნენ შეუძლებელს. დანაშაულს იქაც კი იპოვნიდნენ, სადაც ეს პროკურორსაც უჭირდა.
მოკლედ, ერთი დიდი ოჯახი ჩამოაყალიბა ღვინისძიებებმა, ოჯახი, სადაც განსხვავებული აზრი არ უნდა არსებობდეს იმაზე, რა არის კარგი და რა ცუდი, რას ნიშნავს „სახელმწიფოს ინტერესი“ და რატომ არის აუცილებელი „ყველანი ციხეში“ უსიტყვოდ აღსრულდეს.
ხშირად მეკითხებიან ხოლმე, მოსამართლეები განიცდიდნენ თუ არა ზეწოლას? ფაქტობრივად, არა. იმდენად, რამდენადაც ის, რასაც აკეთებდნენ თავადაც მოსწონდათ, მათ სიამოვნებას ჰგვრიდათ, უხაროდათ. მე დღემდე არ შემხვედრია რომელიმე მათგანი, რომელიც წუხდა ან წუხს იმის გამო, რასაც აკეთებდა.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ თავად ჰქონდათ ქვეწოლა, თავად სურდათ ამ მორჩილებით თავი მოეწონებინათ ოჯახის უფროსებისთვის. მაგრამ დიდ ოჯახს ყოველთვის სჭირდება ზრუნვა და განმტკიცება. ამიტომ ოჯახის უფროსებმა ბავშვები მოუნათლეს სხვა რიგით წევრებს (ბევრს ეს ოცნება, რატი ამაღლობელის ლექსის არ იყოს, აუხდენელ ოცნებად დარჩა), ზოგმა დედმამიშვილი დაასაქმა სისტემაში, ზოგმა ქმარი და ზოგმაც ცოლი. მოკლედ, ყველაფერი ისე ხდებოდა, როგორც ბრეჟნევის საბჭოეთსა და ჟიგულს შეჰფერის.
ძალიან ცოტა იყო იმ მოსამართლეთა რიცხვი, რომელიც ამ დიდი ოჯახის წევრი ვერ გახდა. ვერ გახდა იმის გამო, რომ მათთვის მიუღებელი იყო სასამართლოს ოჯახად ქცევა, მიუღებელი იყო მლიქვნელობა, მიუღებელი იყო კიდევ ბევრი რამ. ასეთი მოსამართლეები დღემდე არიან სისტემაში, მაგრამ სადღაც გარიყულად, რადგან ოჯახის მიერ გარიყვა ოჯახის წევრების თვალში ერთგვარი სასჯელია.
იყვნენ ისეთებიც, რომლებიც პერიოდულად, როგორც მოგვიანებით ბატონი ბიძინა იტყოდა, საეჭვოდ „გამოავლენდნენ ხასიათს“. ასეთები იძულებით მივლინებაში (ფაქტობრივად გადასახლებაში) მიემგზავრებოდნენ, ერთი ჩემოდნითა და 24 საათში. ამ საკითხების გადასაწყვეტ კაბინეტს „37-ე“ შეგვიძლია დავარქვათ, რადგან ეჭვი მაქვს, ეს სახელი მას უკვე თავად დაარქვეს.
და მოულოდნელად ჩამოკრა უბედურების ზარმა. მათ ბედნიერ ცხოვრებას ბატონი ივანიშვილი დაემუქრა, 2011 წელს. „სამართლიანობის აღდგენა“ – განაჩენის სარეზოლუციო ნაწილივით ისმოდა ბევრი მოსამართლის ყურში და ცხადია, სასამართლოც გადაერთო პოლიტიკურ ბრძოლაში – ივანიშვილის, როგორც „სამართლიანობის აღდგენის“ ინიციატორის გასანადგურებლად. რა სჭირდა მათ მიერ დადგენილ სამართალს აღსადგენი? განა ეჭვი შეიძლებოდა შეეტანა ვინმეს მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაში? სამართლიანობა თუ კანონიერება? – გახსოვთ ხომ ეს შეკითხვა, ბოლო წლებია აქტიურად რომ სვამენ მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების დროს ამ ოჯახის, რომელსაც „კლანი“ დავარქვით, წარმომადგენლები? დიახ, დიახ, სწორედ ამ საკითხს ეხება. მათი მიღებული უსამართლო გადაწყვეტილებები მათივე მოკლე ჭკუით კანონიერი იყო და ამაში ეჭვი არ უნდა შევიტანოთ და ვინც ეჭვს შეიტანს, ის სისტემაში ვერ მოხვდება. ასე უწმენდენ ნისკარტს ერთმანეთს და მოიპოვებენ სულიერ სიმშვიდეს.
მაგრამ ამ ბრძოლაში წარსული თითქოს დამარცხდა. დამონებულთა ოჯახი მონათმფლობელმა მიატოვა. მონები საშინელმა შიშმა მოიცვა, მარტოდ დარჩენის შიშმა. მათ აღარ იცოდნენ ვისთვის უნდა ემსახურათ, აღარ იცოდნენ რა იყო სწორი და რა არასწორი, რადგან აქამდე სწორი იყო ყველაფერი ის, რაც პოლიტიკურ ხელისუფლებას სურდა, რაც პროკურატურას სურდა და არასწორი, რაც მათ არ სურდა.
სასწრაფოდ იყო გამოსავალი მოსაძებნი და გამოსავლის ძებნა წიგნებში დაიწყეს, იმ წიგნებში, რომლებიც ტრენინგებზე დაურიგეს და თაროებზე გადაუშლელი და დამტვერილი ეწყოთ. გადაშალეს და იქ დაიწყეს კითხვებზე პასუხების ძებნა. პასუხებს რომ დაეყრდნენ, ზოგი ბრალდებული გაამართლეს, ზოგიც გაათავისუფლეს და აღმოაჩინეს, რომ თურმე სამართალი არ იყო ის რასაც აქამდე აკეთებდნენ. მაგრამ, ეს აღმოჩენა იყო საშინლად შემაწუხებელი. მათ მოსამართლის ტვირთის სიმძიმე იგრძნეს – პასუხისმგებლობა, თავად გადაწყვიტო საქმე. ეს ტვირთი ვიღაცისთვის ძალიან სასიამოვნოა, მისი ტარება პატივია, მაგრამ ასე არ იყო მათთვის. როცა ისინი მოსამართლეები გახდნენ, მათთვის არავის გაუმხელია ამ ტვირთის წონა და არც მისი ტარების პასუხისმგებლობის ვალდებულება აუღიათ თავზე. და რაც მეტი დღე თენდებოდა და ღამდებოდა, მეტად იზრდებოდა ტვირთის სიმძიმე. ეს უნდა დასრულებულიყო, სასწრაფოდ, თორე წელში გატეხდა თავად მოსამართლეებს და დაანგრევდა სიმწრით ნაშენებ დიდ, დიად ოჯახს.
და ამას ემატებოდა ივანიშვილის ხელისუფლების ბრძოლა „სამართლიანობის აღსადგენად“, რომელიც საერთოდაც აღარ იყო ის, რასაც 2011 წელს ოპოზიციიდან ხალხს ჰპირდებოდა. ეს სასამართლოსგან ახლადმტვერგადაწმენდილი წიგნების უკან, თაროებზე შელაგებას მოითხოვდა და მართლმსაჯულების ისე აღსრულებას, როგორც ოცნებას მიცემულ ხალხს სურდა.
და დიდი ოჯახის მამებს გაახსენდათ, რომ ისინი ყოველთვის უმრავლესობის, ანუ ხელისუფლების მხარდამჭერი ხალხის სასარგებლო მოსამართლეები იყვნენ და რატომ არ უნდა დარჩნენ ასეთებად? მათ ხომ არ სმენიათ სასამართლოს როლზე ლიბერალურ დემოკრატიებში და უფრო მეტიც, სიტყვა დემოკრატიაც აღიზიანებთ და „ლიბერასტობაც“.
მათთვის ხომ სწრაფი მართლმსაჯულება 1937 წლის ტროიკების 3 დღიან პროცესებს გულისხმობს? მათთვის ხომ „გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა“ დემოკრატიული სახელმწიფო იყო, რადგან მას დემოკრატიული ერქვა. და რატომ უნდა ეთქვათ უარი გამოდგომოდნენ ხალხს, ანუ ბიძინას.
თან, ეს გაურკვევლობა, დაბნეულობა და მტვერგადაწმენდილი წიგნები ბზარს აჩენდა დიდ ოჯახში. ზოგიერთებმა ამ წიგნებში ისეთი რამ ამოიკითხეს, რაც არ უნდა წაეკითხათ. უფრო მეტიც, ზოგიერთი მოსამართლე უკვე მისჩვეოდა კიდეც თავისუფლების ტვირთის ტარებას და ნარკოტიკივით დამოკიდებულიც შეიძლება გამხდარიყო მასზე, რაც ყოვლად დაუშვებელი იყო და სასწრაფოდ მოითხოვდა აღკვეთას.
ამიტომ, ამ დიდი ოჯახის ეს პატარა ბზარები სასწრაფოდ იყო ამოსავსები. ოჯახს ყველასთვის უნდა დაემტკიცებინა მათი ერთიანობა, ერთიანობის ძალა და ეს მათ შეძლეს. ეს ერთადერთი რამ იყო, რაც მეტნაკლებად დამოუკიდებლად შეძლეს. ისინი ვინც უკვე თავისუფლება იგემა, კვლავ დაიმორჩილეს ან განდევნეს. სისტემაში დარჩა რამდენიმე კერკეტი კაკალი მოსამართლე, რომელიც დღემდე წყალს უმღვრევს დიდ ოჯახს, სხვა მოსამართლეებს იდეოლოგიურად წამლავს და ოჯახის იდეას ებრძვის, მაგრამ ჯერ ამ ყველაფერს კლანი დიდ საფრთხედ არ აღიქვამს. მას პატრიარქალური დისციპლინით ებრძვის – შიდა ქსელში, ინტრანეტში, სხვების მიერ ასეთების საჯაროდ გაკიცხვითა და გმობით, თუმცა ამ თემებზე სხვა დროს დავწერ.
ახლა ერთადერთი რამ იყო გადასაწყვეტი – „სამართლიანობის აღდგენა“, თუმცა შინაარსით ის უკვე აღარ გახლდათ ის, რასაც 2011 წელს ოპოზიცია მოითხოვდა, არამედ ახალი შინაარსი გაუჩნდა. პოლიტიკური ხელისუფლება სასამართლოსგან დაჟინებით ითხოვდა პოლიტიკური ოპონენტების ციხეში გამოკეტვის სწრაფად დაწყებას – ეს იყო „სამართლიანობის აღდგენა“ ახლებურად.
სწორედ ამ პირობებით მიიღო ხელისუფლებასთან ზავი „კლანმა“ და ეს ზავი მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა სამომავლო წარმატებული თანამშრომლობისთვის.
2014 წლიდან ასე დაიწყო სამართლიანობის აღდგენის შეუქცევადი პროცესი. ისინი, ვინც მანამდე ადამიანის უფლებათა სტანდარტებზე დაყრდნობით გარეთ გამოუშვეს, უკან შეაბრუნეს. ზოგიერთი დევნილი მდევნელი გახდა, ზოგიერთი მდევნელი ყოფილი მდევნელის მდევნელად იქცა, ზოგიერთი მდევნელი ისევ იმის დევნას აგრძელებდა, ვისაც წარსულში დევნიდა.
ამ ყველაფერს სასამართლო კვლავინდებურად აკანონებდა, ამას სამთავრობო პროპაგანდამ სახელად „აღდგენილი სამართლიანობა“ დაარქვა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შეიცვალნენ მსხვერპლნი და მტაცებელნი, თუმცა თავად სასამართლო და სისტემა არ შეცვლილა, ისევ იქ ვართ, წარსულში. მოსამართლეები სკამებზე შემდგარნი ისევ პატრიარქის, ბიძინასა და მიშას სადღეგრძელოს სვამენ, მაგრამ მიშა ჩინჩალაძის, და აღარ – სააკაშვილის.
როგორც ყველაფერში, ბიძინა მოსამართლეებშიც დაბუდდა.
და მათ კვლავ იგრძნეს სიმსუბუქე, სიმსუბუქე პასუხისმგებლობისგან, როცა თაროებს დაუბრუნეს მტვერგადაწმენდილი წიგნები.