დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა

პუბლიკა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა. პრეზიდენტს ბრალი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და კონკრესის მუშაობაში ხელის შეშლაში დასდეს. თითოეულ ბრალდებაზე კენჭისყრა პალატაში რამდენიმე საათიანი მწვავე დებატების შემდეგ გაიმართა.

ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შესახებ ბრალს მხარი 230-მა კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო 197 კონგრესმენი არ დაეთანხმა. წარმომადგენელთა პალატის 229 წევრმა მხარი დაუჭირა კონგრესის მუშაობაში ხელის შეშლის შესახებ ბრალდებას. 19 წევრი წინააღმდეგ წავიდა, ერთმა კი თავი შეიკავა. იმპიჩმენტისთვის 216 კონგრესმენის მხარდაჭერა იყო საჭირო.

18 დეკემბერს გამართული კენჭისყრით, დონალდ ტრამპი აშშ-ის რიგით მესამე პრეზიდენტი გახდა, ვის იმპიჩმენტსაც წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭრა. იგივე გადაწყვეტილება პალატამ 1868 წელს ენდრიუ ჯონსონის, ხოლო 1998 წელს ბილ კლინტონის წინააღმდეგ მიიღო. თუმცა, ორივე პრეზიდენტს პოსტი სენატის უმრავლესობამ შეუნარჩუნა. იმავეს მოელიან დონალდ ტრამპზეც, რადგან სენატში წარმომადგენელთა პალატისგან განსხვავებით უმრავლესობას რესპუბლიკელები ფლობენ.

ტრამპის წინააღმდეგ საქმე ეხება მის საუბარს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რომლის მიხედვითაც ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის და მისი მთავარი კონკურენტის, ჯო ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვდა.