საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი მომხმარებლის უფლებების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სპეციალისტებს წლიდან წლამდე იმის გამეორება უწევთ, რომ საქართველოში მომხმარებელი ძალზე დაუცველია.
მათივე თქმით, სამომხმარებლო პროდუქტების აბსოლუტურ უმრავლესობასთან მიმართებაში არ არის დადგენილი უსაფრთხოების ნორმები და არ მიმდინარეობს სახელმწიფო კონტროლი.
„მომხმარებლის უფლებებთან დაკავშირებული კანონმდებლობა მნიშვნელოვნად ჩამორჩება თანამედროვე მსოფლიო პრაქტიკასა და საქართველოში არსებულ გამოწვევებს.
მეწარმე, მომხმარებელთან შედარებით, უპირატეს მდგომარეობაშია ჩაყენებული. ეკონომიკური საქმიანობის მრავალ სფეროში არ მოქმედებს სახელმწიფო უწყება, რომელსაც მომხმარებელმა შეიძლება დასახმარებლად მიმართოს მისი უფლებების დარღვევის შემთხვევებში.
მართალია, გასული წლის განმავლობაში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, მომხმარებლის უფლებების დაცვის კუთხით მიმდინარე რეფორმები გრძელდებოდა, თუმცა ამ მხრივ გარდამტეხი ცვლილებები არ მომხდარა.
მეტიც, არ არის მიღებული კანონი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“, რომელზე მუშაობაც 2013 წელს დაიწყო და ორჯერ მოხდა მისი პარლამენტში ინიცირება. არ ამოქმედებულა უსაფრთხოების კონტროლი სათამაშოებზე, მანქანა-დანადგარებზე, ინდივიდუალური დაცვის საშუალებებზე და აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობებზე, რაც 2021 წლის 1 იანვრიდან იყო გათვალისწინებული.
დღემდე არ არის მიღებული ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების კონტროლის სამთავრობო გეგმა, რომელიც ჯერ კიდევ 2019 წლის ივნისში უნდა წარდგენოდა მთავრობას დასამტკიცებლად”, -ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ფართოდ გავრცელდა ონლაინვაჭრობა, თუმცა, მსოფლიო პრაქტიკის საწინააღმდეგოდ, მომხმარებელს არა აქვს უფლება ამ გზით შეძენილი საქონელი დააბრუნოს, თუკი აღმოჩნდა, რომ ის მის საჭიროებებს არ შეესაბამება და სხვა.
ორგანიზაცია მოუწდებს საქართველოს ხელისუფლებას:
- სწრაფი და ქმედითი ნაბიჯები გადადგას სამომხმარებლო პროდუქციის
უსაფრთხოების სრულფასოვანი კონტროლის დასანერგად; - მიიღოს კანონი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“;
- დროულად და სრულფასოვნად შეასრულოს მომხმარებლის უფლებების დაცვის
მიმართულებით ოფიციალურად ნაკისრი ყველა ვალდებულება.
ისინი ასევე მოუწოდებენ მოქალაქეებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, მედიას შესაძლებლობის ფარგლებში იაქტიურონ, რათა ჩამოყალიბდეს მტკიცე საზოგადოებრივი დაკვეთა ქვეყანაში მომხმარებლის უფლებების დაცვის კუთხით შექმნილი მდგომარეობის არსებითად გასაუმჯობესებლად.