„კლინიკაში ანაფილაქსიისგან ადამიანი არ უნდა იღუპებოდეს“ | ექთნის საქმე

პუბლიკა

ახალციხეში 27 წლის ექთანი, რომელიც ვაქცინაციიდან 30 წუთში, სავარაუდოდ,  ალერგიულ ფონზე დამძიმდა, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. ფაქტს რეგულირების სააგენტო სწავლობს იმისთვის, რომ დადგინდეს მიზეზშედეგობრივი კავშირი დამდგარ მდგომარეობასა და ვაქცინაციას შორის.

ჯანდაცვის უწყებების მიერ მედიასთან გაკეთებული კომენტარებით, წინასწარი ვერსიით, სავარაუდოდ, ექთნის მდგომარეობა ჰგავდა ანაფილაქსიურ რეაქციას.

„პუბლიკამ“ ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვს, რომელიც იმუნიზაციის შემდგომი გვერდითი მოვლენების საბჭოს წევრიც არის, ჰკითხა, რა შეკითხვები გაუჩინა მას ექთნის გარდაცვალების საქმემ და რა კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი შესწავლის შედეგად.

კულუმბეგოვის თქმით, ამ ეტაპზე საქმის შესახებ დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა „როდესაც ჩვენ ეს მასალები მოგვივა, უახლოეს დღეებში ან საათებში, მერე უფრო მეტი კითხვა დამებადება. ჯერჯერობით, არ მაქვს დეტალური ინფორმაცია“.

ალერგოლოგი აღნიშნავს, რომ COVID-19-ის ვაქცინის ისტორიაში ანაფილაქსიური შემთხვევის შედეგად გარდაცვალება მსოფლიოში ჯერ აღწერილი არ არის.

„თუმცა, სამწუხაროდ, მთელ მსოფლიოში ფატალური ანაფილაქსიები საკვებზე, მწერის ნაკბენზე ხანდახან იმდენად სწრაფია, რომ დახმარების აღმოჩენაც კი ძალიან რთულია. სამედიცინო დაწესებულებაში რომ განვითარდება ლეტალობა, ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. მაგალითად, ქუჩაში თუ დაგემართება ბზიკის ნაკბენზე, ეს კიდევ შესაძლებელია, მოხდეს, რადგან სამედიცინო დახმარების დაგვიანება გამოიწვევს დაღუპვას. სამედიცინო დაწესებულებაში ჭეშმარიტი ანაფილაქსიისგან ადამიანი არ უნდა იღუპებოდეს“, – აღნიშნავს ბიძინა კულუმბეგოვი.

მისივე თქმით,  ანაფილაქსიის პრევენცია არ არსებობს. არსებობს მხოლოდ შემდგომი დახმარების ტაქტიკა, რომლის პროტოკოლიც საქართველოში არსებობს და რომელზეც ექიმები გადამზადებულნი არიან.

„საერთოდ, ყველა ექიმმა ეს იცის – ადრენალინი, დექსამეტაზონი – ამის გამოყენება, დროული დახმარება და რეანიმაციაში გადაყვანა“, – ამბობს კულუმბეგოვი.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ახალციხეში ექთანს აცრის შემდეგ სავარაუდო ანაფილაქსიური შოკის დროს ჩაუტარდა პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა პროცედურა.

რა არის ანაფილაქსიური შოკი 

ჯანდაცვის სამინისტროს მომზადებული აქვს COVID-19 ვაქცინაციის შემდგომი ალერგიული რეაქციების მართვის პროტოკოლი. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ანაფილაქსია არის სერიოზული ალერგიული რეაქცია, რომელიც ხშირად სწრაფად იწყება და შეიძლება გახდეს ფატალურიც. ანაფილაქსია ხასიათდება სიცოცხლისთვის საშიში სასუნთქი გზების, სუნთქვის ან/და სისხლის ცირკულაციის მოშლით, მაგრამ შესაძლოა განვითარდეს ტიპური კანის სიმპტომების ან ცირკულატორული შოკის გარეშეც.

პროტოკოლში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დაუყოვნებელი და მძიმე ანაფილაქსიური რეაქციების პროფილაქტიკას, განვითარების შემთხვევაში დროულ ამოცნობასა და შესაბამისი, დაუყოვნებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას.

რამ შეიძლება გამოიწვიოს ანაფილაქსიური შოკი

ანაფილაქსიური შოკი, მძიმე ალერგიული რეაქციაა, რომლის განვითარების რისკი არა მხოლოდ COVID-19-ის ვაქცინაციის, არამედ, ზოგადად ვაქცინაციის პროცესში შეიძლება განვითარდეს. ეს ერთ-ერთი იშვიათი გვერდითი ეფექტი ასევე შეიძლება გამოიწვიოს საკვებმა (განსაკუთრებით არაქისი, თხილი, რძე, კრევეტი, თევზი, კვერცხი), მედიკამენტმა, მწერის ნაკბენმა, ალკოჰოლმა და ა.შ.

როგორია სტატისტიკა

ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ანაფილაქსიური შემთხვევები სხვადასხვა მწარმოებლის მილიონ დოზაზე ასე ნაწილდება:

„ფაიზერის“ ვაქცინის მილიონ დოზაზე ანაფილაქსიის რისკი არის 4,5 შემთხვევა;

„მოდერნას“ შემთხვევაში – 2,5 შემთხვევა;

„ასტრაზენეკას“ შემთხვევაში – 8 შემთხვევა.

როგორც პროტოკოლში ვკითხულობთ, მსოფლიოში გამოყენებული სხვადასხვა ვაქცინის შესწავლის საფუძველზე დადგენილია, რომ ვაქცინის კომპონენტებზე სისტემური ალერგიული რეაქციები ძალიან იშვიათია, 1-5 შემთხვევა მილიონ ადმინისტრირებულ დოზაზე.

კონკრეტულად „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემთხვევაში დიდ ბრიტანეთში 5 მილიონი აცრილი ადამიანიდან ანაფილაქსიური შოკი გამოუვლინდა 41-ს. გერმანიაში კი „ფაიზერით“ აცრილ 5 387 000 ადამიანში გამოვლინდა 63 ანაფილაქსიური შოკი;

პროტოკოლის მიხედვით, ანაფილაქსია უმეტესად ვითარდება ვაქცინაციიდან 15-30 წუთში (თუმცა შესაძლოა სიმპტომების გაჩენას რამდენიმე საათი დასჭირდეს). ახასიათებს სიკვდილის შიში, კანის სიმპტომები ანაფილაქსიის მქონე პაციენტების 90%-ში გვხვდება, მათ შორის, ქავილი, ჭინჭრის ციება, ალმური, ანგიონევროზული შეშუპება, დეზორიენტაცია, თავბრუსხვევა, სისუსტე, გონების დაკარგვა, სუნთქვის უკმარისობა, მსტვინავი ხიხინი, სტრიდორი, ჰიპოქსია, ჰიპოტენზია, ტაქიკარდია.

სამედიცინო დაწესებულებაში პროტოკოლის გამოყენების პირობები

„მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ ანაფილაქსია შეიძლება დაემართოს ყველას, ნებისმიერ ადგილსა და დროს, ამიტომ აუცილებელია, რომ თითოეული ვაქცინაციის ცენტრი, განურჩევლად იმისა, მდებარეობს ის სამედიცინო დაწესებულების გარეთ თუ  შიგნით, იყოს მზად მძიმე ალერგიული რეაქციების ამოსაცნობად და სამკურნალოდ. დაუყოვნებლივი და სათანადო მენეჯმენტის პირობებში, მწვავე შემთხვევის დროსაც, ანაფილაქსია შეიძლება იყოს მართული ისე, რომ მას მინიმალური დამაზიანებელი შედეგი მოჰყვეს“, – ვკითხულობთ პროტოკოლში

პროტოკოლში ასევე მოცემულია ცხრილი, რომელიც რისკფაქტორების შესაფასებლად უნდა გამოიყენოს ექიმმა:

პროტოკოლში ასევე მოცემულია ვაქცინაციის დროს ანაფილაქსიის განვითარების რისკის სწორად შეფასების მიზნით ასაცრელი პირისთვის განკუთვნილი კითხვარი, რომლის მიხედვითაც, ექიმი შეაფასებს მის კლინიკურ მდგომარეობას და ტრიაჟის სქემის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას. ტრიაჟში მოცემული წინაპირობებია;

ჩაატარეთ ვაქცინაცია, თუ:

  • პაციენტის ანამნეზში იდენტიფიცირებულია მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ალერგიული რეაქციები საკვების, მწერების შხამის, მედიკამენტების, ლატექსის, გარემოს ან ცხოველური ალერგენების მიმართ და არ არის დაკავშირებული COVID19-ის ვაქცინებთან, ან მათ კომპონენტებთან PEG-ისა Polysorbate-ის ჩათვლით.  პაციენტს აქვს რესპირაციული, ან სხვა ტიპის კონტროლირებული ალერგია.
  • დადებითია ოჯახური ალერგოლოგიური ანამნეზი.
  • აღინიშნება ლოკალური (არა-სისტემური) რეაქცია წინა სხვა არა-COVID-19 ვაქცინაციაზე.
  • აღინიშნება ჰიპერმგრძნობელობა არასტეროიდულ ანტიანთებით პრეპარატებზე, მაგ. ასპირინზე, იბუპროფენზე და სხვ.
  • პაციენტი იკეთებს ალერგენსპეციფიკურ იმუნოთერაპიას (დასაშვებია ვაქცინაცია იმუნოთერაპიიდან 2 კვირის შემდეგ).
  • პაციენტს აქვს სტაბილურად კონტროლირებული ასთმა ბიოლოგიურ პრეპარატებზე.
  • ასაცრელი კონტინგეტი ამ ჯგუფში მიეკუთვნება მწვანე ზონას და ჩვეულებრივ იცრება.
  • ვაქცინაციის შემდგომ დაკვირვების პერიოდი შეადგენს 30 წუთს.

გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე, თუ:

  • პაციენტს ანამნეზში აღენიშნება სწრაფი, დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული, სისტემური რეაქციები (ანფილაქსია) სხვადასხვა ალერგენზე, სხვა ნებისმიერ ვაქცინაზე, ან საინექციო პრეპარატებსა და მედიკამენტებზე, რომლებიც არ უკავშირდება COVID-19-ის ვაქცინებსა და მათ კომპონენტებს PEG-ისა Polysorbate-ის ჩათვლით.
  • ანამნეზში აღინიშნება ანაფილაქსია მონოკლონური ანტისხეულების პრეპარატებზე. ანამნეზში აღინიშნება იდიოპათიური ანაფილაქსია.
  • მასტოციტოზი და პოხიერი უჯრედის სხვა დაავადებები.
  • ბრადიკინინური და იდიოპათიური ანგიოედემა.
  • ასაცრელი კონტინგეტი ამ ჯგუფში მიეკუთვნება განსაკუთრებული სიფრთხილის ყვითელ ზონას.
  • განიხილეთ რეფერალი ალერგოლოგ-იმუნოლოგთან.
  • უნდა შეფასდეს ვაქცინაციის რისკი-სარგებელი და ისე გადაწყდეს აცრა.
  • ვაქცინაციის გაკეთების შემთხვევაში განსაკუთრებული სიფრთხილით დააკვირდით. ვაქცინაციის შემდგომ პერიოდს 30 წუთის განმავლობაში.

COVID-19-ის ვაქცინაციის წინააღმდეგ ჩვენებაა:

  • სწრაფი, დაუყოვნებელი ტიპის ნებისმიერი სიმძიმის ალერგიული რეაქციები mRNAისა და სხვა ტიპის COVID-19-ის ვაქცინების წინა დოზაზე, ან მათ რომელიმე კომპონენტზე, განსაკუთრებით PEG-სა Polysorbate-ებზე.
  • ასეთი პაციენტები მიეკუთვნებიან ვაქცინაციის აკრძალვის წითელ ზონას. მათთვის COVID-19-ის ვაქცინაცია უკუჩვენებაა.
  • აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენეთ ალტერნატიული COVID-19-ის ვაქცინა, თუ ის ხელმისაწვდომია და არაა წინააღმდეგ ნაჩვენები

რეფერალი ალერგოლოგ-იმუნოლოგთან წარმოდგენილი რეკომენდაციები ეყრდნობა CDC (USA), WHO, WAO, EAACI-ის შეჯერებულ რეკომენდაციებს.