ყველა ის ჩარევა, რომელიც პროტოკოლშია აღწერილი, ჩატარებული იყო - გაბუნია

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

მისი თქმით, ახალციხეში ექთანს აცრის შემდეგ სავარაუდო ანაფილაქსიური შოკის დროს ჩაუტარდა პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა პროცედურა.

„ანაფილაქსიური შოკი ეს არის პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი რეაქცია, რისთვისაც ყველა ვაქცინაციის პროგრამა ემზადება გამონაკლისის გარეშე. ანაფილაქსიური შოკის თემა არ გაჩნდა ჩვენს სინამდვილეში კოვიდის ვაქცინიდან გამომდინარე, ნებისმიერი ვაქცინაციის დროს განსაკუთრებული აქცენტი ანაფილაქსიურ შოკზე კეთდება.

ანაფილაქსიური შოკის მართვა ეს არის ყველაზე ბაზისური უნარ-ჩვევა, რაც ყველა ექიმს აქვს. თუმცა მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადების კონტროლის ცენტრმა, ალერგოლოგების მონაწილეობით, მოამზადეს კიდევ დამატებით ახალი პროტოკოლი, სადაც ძალიან დეტალურადაა აღწერილი ანაფილაქსიური შოკის რისკების შეფასება როგორ უნდა მოხდეს და რა შემთხვევაში რა ქმედება უნდა განხორციელდეს. მთავარი ინტერვენცია ეს არის მედიკამენტური მკურნალობა ადრენალინით, რაც ასევე მარტივად ხელმისაწვდომია და აცრის ყველა კაბინეტს აქვს ადრენალინი.

ყველა ის ჩარევა, რომელიც პროტოკოლში არის აღწერილი გუშინდელი ინფორმაციით, რომელიც რეგულირების სააგენტომ მოიპოვა, ჩატარებულია. ამასთან დაკავშირებით ექსპერტების ჯგუფი კიდევ ატარებს დამატებით მოკვლევას, მაგრამ პროტოკოლში მითითებული ინტერვენციები ჩვენს გუშინდელ დასკვნაში უკვე არის აღწერილი, როგორც ჩატარებული ინტერვენცია”, – ამბობს თამარ გაბუნია.


ახალციხეში 27 წლის ექთანი, რომელიც ვაქცინაციიდან 30 წუთში, სავარაუდოდ,  ალერგიულ ფონზე დამძიმდა, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეს გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, გუშინ 4 საათისთვის სამინისტროში შევიდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აცრის შემდგომ პერიოდში სამედიცინო პერსონალს ახალციხის „იმედის“ კლინიკაში სავარაუდო გვერდითი რეაქცია დაუფიქსირდა, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს ვაქცინაციასთან.

„ამდენად დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება. როგორც ეს ხდება გვერდითი  მოვლენების მართვის პროტოკოლის შესაბამისად, რეგულირების სააგენტომ დაიწყო შესწავლა, იმისთვის, რომ დადგინდეს მიზეზშედეგობრივი კავშირი, დამდგარ მდგომარეობასა და ვაქცინაციას შორის“, – თქვა გაბუნიამ.