ბელგიაში საქართველოს ელჩმა თანამდებობა დატოვა

პუბლიკა

ბელგიაში საქართველოს ელჩმა ნატა საბანაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადებას ის სოციალურ ქსელში ავრცელებს. გადაწყვეტილების მიღების მიზეზებზე ის არ საუბრობს.

„სულ რაღაც რამდენიმე თვეში, 8 წელი შესრულდება რაც მე საქართველოს წარმოვადგენ ბრიუსელში და ვხელმძღვანელობ ჩვენს მისიას ევროკავშირში. ეს იყო ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობა. ეს იყო მისია სავსე წარმატებებით, ისევე როგორც გამოწვევებით – პროფესიული თუ მორალური.

დღეს მოვიდა დრო რომ მე ეს ფურცელი გადავშალო. მივიღე გადაწყვეტილება დამეწერა განცხადება გადადგომის თაობაზე, რომელიც მინისტრმა დააკმაყოფილა.

საქართველოს ევროპული მომავალი არის ის მიზანი რომლის მისაღწევად ყოველთვის ვიბრძოლებ. მე მჯერა ამ მიზნის; მჯერა იმიტომ კი არა რომ ევროკავშირის წევრობა პანაცეაა, არამედ იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი გზა რომელიც თავისუფლებას და ღირსებას შეგვინარჩუნებს. მინდა მადლობა გადავუხადო საელჩოს თანამშრომლებს, ჩემს გუნდს, რომლებსაც ბევრს ვუმადლი და რომელთა თანადგომის და შრომის გარეშე არაფერი გამოვიდოდა. მათი მსგავსი საჯარო მოხელეები წარმოადგენენ ჩვენი სახელმწიფოს ღერძს, გასაფრთხილებელს და დასაფასებელს“, – წერს საბანაძე.

საელჩოს ვებგვერდის მიხედვით, ნატა საბანაძე ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიან ელჩად და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელად, 2013 წლის მაისში დაინიშნა. იქამდე იგი ჰააგაში, ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში, ეუთო-ს უმაღლესი კომისრის უფროს მრჩევლად მუშაობდა. ეუთო-ს უმაღლესი კომისრის კაბინეტში, იგი სხვადასხვა თანამდებობებზე – მათ შორის, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის განყოფილების უფროსად, ხოლო შემდეგ კი, აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის განყოფილების უფროსად მუშაობდა.