„თავისუფლება ლომთა ხვედრია“ ► ფემინსტრიმი

პუბლიკა

„ფემინსტრიმი“ წარმოგიდგენთ ვიდეობლოგების სერიას ქალთა შრომით უფლებებზე. პროექტს ქალთა ფონდი საქართველოში ფონდ „ღია საზოგადოების“ ფინანსური მხარდაჭერით ამზადებს. „ფემინსტრიმის“ მედიაპარტნიორია „პუბლიკა“. 

ავტორი: ალა პარუნოვა

„ფემინისტრიმის“ ამ ვიდეობლოგების სერიაზე მუშაობა პანდემიის ერთი წლის თავს დაემთხვა, როდესაც ჩვენ, როგორც საზოგადოებამ გამოვიარეთ და ახლაც გავდივართ ჩაკეტილობას, უკიდურეს სიღარიბეს, პოლიტიკურ კრიზისებსა და ალტერნატივების არარსებობას. სამწუხაროდ, ამ კრიზისმა კარგად მიჩვენა, რომ სრული გაუცხოება მაქვს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიმართ. დიდი დრო დამჭირდა იმის ანალიზისთვის, თუ სად ვდგავარ, როგორც ფემინისტი და ქვიარ აქტივისტი და რატომ არ მაქვს არანაირი ემოციური კავშირი მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ორთაბრძოლის ყურებისას. მაშინ როდესაც ჩემთვის, უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმ სისტემური ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლას, რომელიც ქალების ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება, აყალიბებს და ამყარებს გარკვეულ სპეციფიურ გამოცდილებებს, ასევე, არანაკლები მნიშვნელობა გააჩნია სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლას, რომელიც არა მხოლოდ გვიმძაფრებს არსებულ ჩაგვრებს, არამედ აქტიურ როლს თამაშობს ამ ჩაგვრების წარმოებაში.

აქედან გამომდინარე, პასუხი გაეცა ჩემი გაუცხოების მთავარ მიზეზს – დღეს საქართვლოში არ არსებობს არც ერთი პარტია თუ პოლიტიკური ძალა, რომელიც დღის წესრიგში დააყენებს იმ საკითხებს, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩემთვის და მოსახლების უდიდესი ნაწილისთვის. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ვიდეობლოგების ეს სერია პირადად ჩემთვის არა პასუხი ან პრობლემების გადაჭრის უნივერსალური გზაა, არამედ მსჯელობის სივრცე, რომელშიც ვცდილობ ვიპოვო პასუხი იმ უამრავ კითხვაზე, რომელიც აქტუალურია ჩემთვის.

შესაბამისად, ვიდეობლოგების ამ სერიაში ჩემი მიზანია, ვილაპარაკო და ვეცადო სტუმრებთან ერთად გავაანალიზო არსებული ეკონომიკური პოლიტიკა და მისი გავლენა ქალების და ჩაგრული ჯგუფების გამოცდილებებზე. ამავე დროს, მინდა, რომ ეს ვიდეობლოგების სერია დავუთმო საქართველოს რეალობაში დომინანტური იდეოლოგიების განხილვას, იმას თუ როგორ იკვეთება კაპიტალიზმი და პატრიარქატი ჩვენს საზოგადოებაში, მაგრამ ასევე იმას თუ როგორ იხატება ქალების გაძლიერება და რამდენად თანხვედრაშია თუ წინააღმდეგობაში მოდის იგი არსებულ ეკონომიკურ პოლიტიკასთან.

ხოლო, კონკრეტულად ამ ვლოგს დავუთმობ იმ პოლიტიკის ანალიზს, რომელიც საქართველოში ტარდება ვარდების რევოლუციის შემდეგ და ვეცდები ვუპასუხო ისეთ კითხვებს, როგორიცაა: რა იდეოლოგიაზე დგას ეს პოლიტიკა და როგორი ეკონომიკური განვითარების მოდელს გვთავაზობს…

საქართველოში არსებული სოციალური და ეკონომიკური მიდგომები ბოლო ათწლეულების განმავლობაში აღარიბებს საზოგადოების უდიდეს ნაწილს, აცლის მას  განვითარების საშუალებას და ძალაუფლებას  ერთეულების ხელში აკონცენტრირებს, ხოლო შრომითი გარანტიებისა და უფლებების არარსებობა გვტოვებს მოჯადოებულ წრეში, სადაც არ გვაქვს ხელმისაწვდომობა ჯანდაცვაზე, სამუშაო პირობებზე, კარგ განათლებასა და სხვა. ეს ყველაფერი, ქალებსა და სხვა ჩაგრული ჯგუფებს უმწვავებს გამოცდილებებს და მოწყვლადობის ახალ, უფრო მძაფრ სივრცეებს ქმნის. შესაბამისად, მაშინ როდესაც ჩვენ ვიბრძვით ჩვენი უფლებისთვის ვიცხოვროთ ძალადობისგან თავისუფალ გარემოში, იქნება ეს ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური თუ სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ვისაუბროთ თუ როგორ ზეგავლენას ახდენს ჩვენზე წლების განმავლობაში წარმოებული არასოციალური პოლიტიკა.

დღევანდელ რეალობაში, ქვეყანა იმყოფება პოლიტიკური კრიზისის პირობებში. „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციამ, რომლის ლიდერად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გვევლინება კრიტიკულ დაპირისპირებას მიაღწიეს. ჩვენც ყოველდღიურად გვიწევს თვალი ვადევნოთ ამ დაპირისპირების დეტალებს. ხშირად ისმის ხოლმე ფრაზა: პოლიტიკური პოლარიზაცია, რაც 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ არსებული პოლიტიკური მდგომარეობის – „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, სიტუაციის აღსანიშნად გამოიყენება.

თუმცა, ჩემი ღრმა რწმენით, დღეს ჩვენ არ გვაქვს პოლიტიკური პოლარიზაცია, რადგან აღნიშნული  პარტიები არათუ არ ასახავენ ჩვენს ინტერესებს, არამედ თავის იდეოლოგიაზე დაყრდნობით, ეწინააღდეგებიან კიდეც მათ. მიუხედავად იმისა, რომ ეს პარტიები საკუთარ თავს იდეოლოგიური ღერძის დაპირისპირებულ მხარებაად – მემარჯვენეებად და მემარცხენეებად მონიშნავენ, ის პოლიტიკა, რომელსაც ისინი ატარებენ ერთ ცენტრალურ ღირებულებაზე – თავისუფალი ბაზრის პრინციპზე დგას.

საინტერესოა, „CRRC საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული პოლიტიკური ბიულეტენი, სადაც შეფასებულია საქართველოში არსებული პოლიტიკური პოლარიზაცია. ბიულეტენში ნათლადაა მოცემული, რომ მაშინ როდესაც საზოგადოებაში ნამდვილად არსებობს დაყოფა, ეს დაყოფა არ არის იდეოლოგიური, არამედ უკავშირდება პოლიტიკური პარტიების ლიდერების მიმართ სიმპატიებსა, ამა თუ იმ პარტიის გამარჯვებას და არა იმას თუ შინაარსობრივად რა განსხვავებები არსებობს ამ პარტიებს შორის. ამავე ბიულეტენზე დაყრდნობით, მიუხედავად ამ დაყოფისა, ქართული საზოგადოება ერთიანდება ისეთი საკითხების გარშემო, როგორიცაა ეკონომიკა და საგარეო პოლიტიკა.

იქიდან გამომდინარე, რომ დღეს საზოგადოება ერთიანდება ეკონომიკური პოლიტიკის გარშემო და სოციალური საკითხები მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, უნდა ვისაუბროთ, თუ რა ეკონომიკურ პოლიტიკას გვთავაზობენ დღევანდელი პოლიტიკური ელიტები – „ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და რატომ არ განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან იდეოლოგიურად.

2003 წელს, „ვარდების რევოლუციის“ შედეგად, მთავრობაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოვიდა. მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც იმ პერიოდის ოპოზიციის ლიდერი იყო, 97%-ით გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებზე და შეცვალა ედუარდ შევარდნაძე. ეს ცვლილება იყო ახალი ეტაპი საქართველოს ისტორიაში, რადგან „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, შემოიტანა საქართველოსთვის ახალი ნეოლიბერალური პოლიტიკა, რომლის წარმოებასაც, 2012 წლის შემდეგ, აქტიურად აგრძელებს მისი თანმდევი ქართული ოცნება.

ნეოლიბერალური იდეოლოგიის ცენტრალურ ღირებულებას წარმოადგენს თავისუფლება, რომლის მთავარი შემადგენელი ნაწილია კონკურენცია და განვითარებისკენ სწრაფვა. ცალკეულად, კონტექსტიდან ამოღებული ეს სიტყვა საკმაოდ ლამაზად ჟღერს, თუმცა მნიშვნელოვანია ვისაუბროთ თუ რა ცეტრალური მნიშვნელობა აქვს ამ ცნებას ნეოლიბერალიზმში და როგორ ხორციელდება ის დისკურსების, რეფორმებისა თუ მიდგომების დონეზე.

თავისუფლება როგორც ცნება საკმაოდ სუბიექტური შეიძლება იყოს და მისი შეფასება თუ ინტერპრეტაციაც განსხვავებულია იმის მიხედვით, თუ რა იდეოლოგიისა თუ ღირებულებების მატარებელია ადამიანი. მაგალითად, ჩემთვის არჩევანის თავისუფლება არის შესაძლებლობა გქონდეს რამდენიმე ვალიდური ერთმანეთისგან დამოუკიდებელი, თუმცა ერთნაირად ღირებული არჩევანის შესაძლებლობა, რომლისგანაც აირჩევ შენთვის ყველაზე სასურველს.

თავისუფლება ჩემთვის არის ძალადობისგან და ჩაგვრისგან თავისუფალი სივრცე, სადაც ჩემი ცხოვრება არ არის განპირობებული სხვების მოლოდინებით, იმედებითა თუ წარმოდგენებით ჩემს შესახებ, სადაც ჩემი ცხოვრება არ ნორმალიზდება საზოგადოებაში არსებული რწმენა-წარმოდგენებით თუ წესებით, სადაც მაქვს კარგი სამუშაო გარემო და ჩემი შრომითი უფლებები არ ექვემდებარება კაბალურ პირობებს, სადაც მაქვს ხელმისაწვდომობა სხვადასხვა რესურსზე, იქნება ეს განათლება, სამსახური თუ სხვა.

მნიშვნელოვანია, რომ ყველა ამ ჩამოთვლილ ღირებულებას თუ წარმოდგენას პირდაპირ თუ ირიბად ეწინააღდეგება ნეოლიბერალიზმის მიერ შემოთავაზებული თავისუფლების ცნება. თავისუფლება ნეოლიბერალიზმში დაიყვანება ეკონომიკურ თავისუფლებამდე. ამავე დროს, ამ იდეოლოგიაზე დაყრდნობით, პოლიტიკური თავისუფლების ცნებაც პირდაპირ კავშირშია ეკონომიკური თავისუფლებასთან, მის გარეშე წყვეტს არსებობას და ტოტალიტარიზმად იქცევა. ნეოლიბერალიზმის მნიშვნელოვანი იდეოლოგების – ფრიდმანისა და ჰაიეკის მიხედვით, პირადი თავისუფლების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ისეთი სახელმწიფოს შექმნით, რომელიც გაერთიანებულია კერძო საკუთრების უფლების, კონკურენციის წახალისებისა და თავისუფალი ბაზრის შენარჩუნების გარშემო.

ამ იდეოლოგიის საქართველოს რეალობაში გადმოტანა მოხდა სრული დერეგულაციითა და ველური პრივატიზაციის დაწყებით. ეს პროცესი დაიწყო ვარდების რევოლუციით და გაგრძელდა „ქართული ოცნების“ მიერ. რევოლუციის შემდეგ, ქვეყანაში ჩატარდა რეფორმების უამრავი რაოდენობა. ნელ-ნელა მცირდებოდა სახელწიფოს როლი, უქმდებოდა სამინისტროები, ხოლო ბიზნესი და ინვესტიციების მოზიდვა ქვეყნის მთავარ მიზნად იქცეოდა.

ამ პროცესის შედეგად, შრომითი კანონმდებლობა და ადამიანების შრომითი უფლებები სრულიად იქნა დაქვემდებარებული დამსაქმებელს. დასაქმების ერთ-ერთ დომინანტურ წყაროდ იქცა მომსახურების სფერო, სადაც შრომითი ხელშეკრულებებისა და ყველანაირი პირობების გარეშე, მიზერულ ხელფასებზე უწევთ მუშაობა დასაქმებულებს.

და ბოლოს, ამ პოლიტიკის შედეგად, დაიწყო სრული და უკონტროლო პრივატიზაცია, დაწყებული საწარმოებიდან, საჯარო სივრცეებითა და ბუნებრივი რესურსებით დამთავრებული. ამ პროცესის თანმდევ ფაქტორად იქცა საჯარო ინტერესის სრული იგნორირება და მათი კერძო პირების ბიზნეს ინტერესებისთვის დაქვემდებარება.

მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ სუპერმაკეტებში დასაქმებული ადამიანების შრომითი პირობები. როდესაც თოთოეულ დასაქმებულს უწევს ორი ან სამი ფუნქციის შეთავსება – მოლარის, კონსულტანტის და ხშირ შემთხვევაში დამლაგებლისასაც. ამავე დროს, არ რეგულირდება სამუშაო საათების რაოდენობა და დასაქმებულებს ხშირად 24 საათის გატარება უწევთ სამუშაო ადგილას და ბოლოს, ეს სამუშაო ანაზღაურდება მინიმალური ხელფასით, რომელიც, თავის მხრივ, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგანაც დამსაქმებელი თვის ბოლოს მაღაზიის დანაკარგის ანაზღაურებას ისევ დასაქმებულს აკისრებს.

ამ ბოლო დროს, ასევე ძლიერდება საჯარო სივრცეების მიტაცების წინააღმდეგ მოძრაობები. მაშინ როდესაც, სახელმწიფო სრულიად უკონტროლოდ ასხვისებს საჯარო სივრცეებსა და ბუნებრივ რესურსებს, ამის შედეგად, მოსახლეობის სიცოცხლე, საცხოვრებელი პირობები და ფინანსური მდგომარეობა დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. გარდა ამისა, 13 ივნისის წყალდიდობა თბილისში, მეწყერის საშიშროება ვაშლიჯვარში ნათლად მიანიშნებს, თუ რატომაა ეს პოლიტიკა პრობლემური და როგორი ზიანის მომტანი შეიძლება იყოს კერძო ინტერესებისთვის საჯარო და მოსახლეობის ინტერესების დაქვემდებარება.

გარდა იმისა, რომ ნეოლიბერალურმა თავისუფლებამ საქართველოში გამოიწვია საზოგადოების უდიდესი ნაწილის გაღარიბება, ამ პოლიტიკამ ასევე არ მოგვიტანა ის შეპირებული პოლიტიკური თავისუფლება, რომელიც მემარჯვენე თეორეტიკოსების აზრით, აუცილებლად თან ახლავს თავისუფალ ბაზარს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში განხორციელდა პოლიციის რეფორმა, რომელიც მიზნად ისახავდა კორუფციის ამოძირკვასა და თანამედროვე, სამართლიანი და დემოკრატიული ძალოვანი სტრუქტურების ჩამოყალიბებას. თუმცა, ჩვენ მალევე აღმოვჩნდით პოლიციური რეჟიმის პირობებში, სადაც ძალოვანი სტრუქტურები პარტიული ინტერესების დაქვემდებარებაში გადავიდნენ და მმართველი პარტიის დამცველ სტრუქტურად იქცნენ. ამავე დროს, პოლიციის მზარდმა ძალაუფლებამ ტერორის სახე მიიღო, რადგანაც მთლიანი სისტემა ორიენტირდა ტოტალურ კონტროლსა და დასჯაზე.

ამის მაგალითებად, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, შეგვიძლია მოვიყვანოთ, 2007 წლის 7 ნოემბერი, ციხეებში არსებული მდგომარეობა, რომელიც სისტემურ ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სექსუალურ ძალადობას ეფუძნებოდა, რაც გამოაშკარავდა 2012 წელს. „ქართული ოცნების“ დროს, პოლიციური ძალების გამოყენება არ შემწყდარა მმართველი პარტიის ძალაუფლებისა და სტატუს კვოს შენარჩუნებისთვის. ამის ნათელი მაგალითებია რეიდები კლუბებში 2018 წელს, 20 ივნისის დემონსტრაციის დაშლა და ბოლოს, სპეცრაზმის ძალის გამოყენება ჰესების წინააღმდეგ მებრძოლი აქტივისტებისა და ადგილობრივი მოსახლების წინააღმდეგ პანკისსა თუ ნამოხვანში. ეს ბოლო, ყველაზე საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ იცავს სახელმწიფო კერძო ბიზნესის ინტერესებს, ხოლო ამავე დროს, არღვევს მოსახლეობის უფლებას გააპროტესტოს უსამართლობა და მოითხოვოს ცვლილებები.

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რომელიც კიდევ ერთი საკვანძო საკითხია პოლიტიკური თავისუფლების კუთხით, მნიშვნელოვანია, რომ ამ კუთხითაც  თავისუფალი ბაზარი – თავისუფალი მედიის საწინადარი არ გამხდარა საქართველოს 18 წლის ისტორიის პერიოდში. ისევ თუ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდით დავიწყებთ, მედია გარემო პროსახელმწიფო ტელეარხებით შემოიფარგლებოდა, განსაკუთრებით იმის შემდეგ რაც 2007 წელს კრიტიკული დამოკიდებულების მქონე „იმედის“ პოლიციის ძალით აღება მოხდა.

მედიაგარემო არ გაუმჯოსებელა „ქართული ოცნების მმართველობის დროსაც. მიუხედავად იმისა, რომ არ ხდება პირდაპირი, ფიზიკური ზეწოლა არხების ფუნქციონირებაზე და მმართველი პარტიის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებების მქონე არხების რაოდენობაც დაბალანსებულია, მედიაზე ზეწოლა ხორციელდება მათი დელეგიტიმაციის მეშვეობით. შეგვიძლია, გავიხსენოთ თავდასხმა ვახო სანაიაზე, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად „ქართული ოცნების“ რიტორიკის შედეგია – მტრად მონიშნოს ყველა, ვინც მათ პოლიტიკას არ ემხრობა.

ამავე დროს, თვითონ მედიაც ნეოლიბერალური მიდგომების გამტარად გვევლინება, პრობლემად რჩება მედიების იდეოლოგიზირებული ხასიათი და არსებული პოლიტიკური ძალების მიმართ სიმპატიების არსებობით, პოლიტიკური დღის წესრიგის ჩამოყალიბების ტენდენცია. ნეოლიბერალური მიდგომები კარგად ჩანს, მაგალითად, იმით, თუ რისი გაშუქება ხდება ამა თუ იმ ტელეარხის მიერ და რაც უფრო მნიშვნელოვანია, როგორ.  უმთავრესი დრო მედიების დღის წესრიგში უკავია პარტიულ პოლიტიკას, ნაკლებ ყურადღებას იპყრობს სამოქალაქო, აპარტიული მოძრაობები, რომლებიც ატარებენ სოციალურ პოლიტიკას და ეწინააღმდეგებიან არსებულ ნეოლიბერალურ წესრიგს.

შესაბამისად, საქართველოში, წლების განმავლობაში ტარდება პოლიტიკა, რომელიც არათუ არ ასახავს მოსახლეობის ინტერესებს, არამედ, ჭარბი ძალაუფლებისა და დოვლათის მქონე ადამიანების ინტერესებს აყენებს იმ ადამიანების ინტერესების წინ, ვისაც არ აქვს რესურსებზე ხელმისაწვდომობა. ქალები ზუსტად იმ ჯგუფის ნაწილად გვევლინებიან, რომლებსაც პატრიარქალური კულტურა აცლის რესურსებზე ხელმისაწვდომობას და შესაბამისად, ნელიბერალური პოლიტიკა, პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ჩვენს უფლებებზე, განვითარებასა თუ ემანციპაციის შესაძლებლობებზე.

ფემინსტრიმის შემდეგ ვიდეობლოგში ყურადღებას ზუსტად ამ ბოლო საკითხზე გავამახვილებ. შევეცდები სტუმართან ერთად გავაგრძელო იმაზე მსჯელობა თუ რა პრინციპებზე დგას ნეოლიბერალური პოლიტიკა და რა ზეგავლენას ახდენს ეს პრინციპები ქალების ცხოვრებაზე. შემდეგი ვიდეობლოგი დაეთმობა ისეთ საკითხებს, როგორიცაა კონკურენცია, განვითარების ნეოლიბერალური მოდელი, სიღარიბე და ამ საკითხების ფემინისტური ანალიზი.