ფაშინიანი ვადამდელი არჩევნების დასანიშნად თანამდებობიდან წასვლას აპრილში გეგმავს

პუბლიკა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თქმით, რიგგარეშე არჩევნების ჩასატარებლად ის აპრილში თანამდებობას დატოვებს.

მანამდე, 18 მარტს ფაშინიანი ოპოზიონერ პოლიტიკოსებთან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე შეთანხმდა. მისი თანამდებობიდან გადადგომაც ამ გადაწყვეტილებასთანაა კავშირში და არჩევნების გზით პრემიერის თანამდებობაზე დაბრუნებისთვის იბრძოლებს. ამასთანავე, ფაშინიანი არჩევნებამდე მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას განაგრძობს.

თუმცა, ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ ფაშინიანს მთავრობის მეთაურის პოსტზე ყოფნის მორალური უფლება აღარ აქვს და  ბოლო თვეებია ფაშინიანის თანამდებობიდან წასვლას იმ პირობით მოითხოვს, რომ ის პრემიერი აღარ იქნება არჩევნების შემდეგაც.

სომხეთში პოლიტიკური კრიზისი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ დაიწყო. ომში სომხეთის მარცხისა და ამის ფონზე აზერბაიჯანთან დადებული ზავის გამო ფაშინიანს აკრიტიკებენ და მისი თანამდებობიდან წასვლას მოითხოვენ. „ეროვნული ხსნის მოძრაობაში“ გაერთიანებულმა პოლიტიკოსებმა ფაშინიანის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები შარშან ზავის დადების შემდეგ დაიწყეს.

ვითარება თებერვლის ბოლოს განსაკუთრებით გართულდა, როცა ფაშინიანმა გენერალური შტაბის მოადგილე თანამდებობიდან გადააყენა, გენშტაბმა კი საპასუხოდ მისი გადადგომა მოითხოვა. სარდლობის ეს პოზიცია პრემიერმა სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა, მიიღო გენშტაბის უფროსის თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილება და თავის მომხრეებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა. თავის მხრივ საპროტესტო აქციები განაახლა ოპოზიციამაც, პრეზიდენტმა კი გენშტაბის უფროსის გადაყენების გადაწყვეტილებას ხელი არ მოაწერა.