მსურს, ამ რთულ დროს უკრაინელ ჯარისკაცებთან ვიყო - ზელენსკი დონბასში გაემგზავრა

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდომირ ზელენსკი დღეს დონბასში გაემგზავრა. ზელენსკის განცხადებით, ის ესკალაციის ადგილებს მოინახულებს და უკრაინელ ჯარისკაცებთან იქნება.

„როგორც ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალს, მსურს ამ რთულ დროს ჩვენი ჯარისკაცების გვერდით ვიდგე. ესკალაციის წერტილებში მივდივარ. მარადიული ხსოვნა ჩვენი 23 წლის ჯარისკაცს, რომელიც წუხელ მოკლეს. უკრაინას სჭირდება მშვიდობა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.


დონბასში, კონფლიქტის ზონაში უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთობის გამწვავება რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. ინტერნეტში ვრცელდება ფოტო და ვიდეომასალა, რომელშიც, სავარაუდოდ, ასახულია რუსული ჯავშანტექნიკის მობილიზება უკრაინის საზღვრებთან. დონბასში საკონტაქტო ხაზზე გახშირდა სროლა. ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლზეც როგორც უკრაინელ, ისე სეპარატისტ და რუს სამხედროებს შორის.

რუსეთი ანექსირებულ ყირიმსა და დონბასში სამხედრო გააქტიურებას „დასავლეთი 2021-ის“ დაგეგმილი სამხედრო სწავლებით ხსნის. თუმცა უკრაინის ხელისუფლება შიშობს, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებისთვის ემზადება.

ამასთანავე, ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოკადრებიდან ჩანს, რომ რუსეთმა, სავარაუდოდ, სამხედრო ტექნიკის გადასროლა უკრაინისკენ თავისი ცენტრალური რეგიონებიდანაც დაიწყო, რაც შეიარაღებული ძალების მასშტაბურ მობილიზაციაზე მიანიშნებს. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში საყოველთაო მობილიზაცია დაიწყო.

უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო გააქტიურებას გამოეხმაურა აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი, რომელმაც უკრაინას მხარდაჭერა აღუთქვა. უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის კი რამდენიმე დღის წინ ამ საკითხზე სატელეფონო საუბარიც შედგა.