გათვალისწინებულია გარდაცვალების საშუალო განაკვეთი და სხვა ხარჯები - გვენეტაძე საპენსიო სესხებზე

პუბლიკა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში  პენსიონერების სესხზე მაღალ საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით მსჯელობენ.

საპენსიო სესხებთან დაკავშირებით, რომლებსაც „ლიბერთი ბანკი“ გასცემს, საკომიტეტო მოსმენის გამართვა მოქალაქეების ლიდერებმა ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა მოითხოვეს.

რას ითვალისწინებს საპენსიო პროცენტი? – ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თქმით, პროექტის მომგებიანობისთვის გასათვალისწინებელია რიგი ფაქტორები:

„გარდაცვალების საშუალო განაკვეთი ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, რაც აღნიშნულ პროდუქტს ახასიათებს, და რაც ბანკს საკრედიტო დანაკარგის სახით გათვალისწინებული აქვს პენსიის დარიგებასთან დაკავშირებული საოპერაციო ხარჯი, რადგან აღნიშნული პროექტი დიდი ქსელის შექმნას საჭიროებს, როგორც ადამიანური, ისე ფიზიკური რესურსის სახით, ბანკი პენსიებს არიგებს ავტოპარკით, ასზე მეტი მანქანით, შექმნილია ინკასაციის სამსახური, სახლში მომსახურების სერვისი, აქვს 136-ზე მეტი სპეციალური სერვისცენტრი, 600-მდე ბაკომატი და ა.შ.”, – ამბობს გვენეტაძე.

გვენეტაძის თქმით, ეროვნული ბანკი არ არეგულირებს საბანკო პროცენტებს.

კომიტეტის სხდომა გრძელდება,  სხდომაზე მიწვეულნი არიან – „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხოდელი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური და ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე. სხდომას ესწრება პარტია „ხალხისთვის” ლიდერი ანა დოლიძეც.