პარლამენტში კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე მსახიობ ნინუცა მაყაშვილის მიერ მისი ყოფილი ქმრის ბესო ზანგურის მიმართ ბრალდებას გამოეხმაურა, რომ მასთან ქორწინების პერიოდში ზანგური მასზე ძალადობდა.
ელისო ბოლქვაძის თქმით, ძალადობას არ ამართლებს, თუმცა უჩნდება კითხვა, 10 წლის შემდეგ რატომ დაიწყო მაყაშვილმა ამაზე საუბარი და ეს საკითხი „გასარკვევია“. ელისო ბოლქვაძემ რობერტ სტურუას მიერ გაკეთებულ კომენტარზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სტურუას პოზიცია ძალადობის წახალისება არ ყოფილა.
„სტურუას პოზიცია არ არის ძალადობის წახალისება… რობერტ სტურუა არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საქართველოს ძალიან დიდი სიამაყე. ეს ადამიანი არის უდიდესი ხელოვანი. თქვენ ძალიან კარგად იცით…
ადამიანმა შეიძლება მხარი დაუჭირა იმ ადამიანს, რომელზეც ეუბნებიან, რომ იყო ძალადობაში ჩათრეული. ის კი ამბობს, რომ ჯერ გაარკვიეთ და მერე. ამხელა აგრესია რომ წამოვიდა, ამას უნდა კარგად გაანალიზება. იმიტომ, რომ მსოფლიოს ახსოვს ასეთი მაგალითები, როცა 20 წლის შემდეგ, 30 წლის შემდეგ ვიღაც აყვირდება, რომ რაღაც მოხდა. ამას გარკვევა სჭირდება.
ის არ თვლის, რომ სავარაუდო მოძალადეა და ამიტომაც უჭერს თავის მსახიობს მხარს. არიან ადამიანები, რომელთაც ამის არ სჯერათ. ეს ის თემაა, რომ არავინ არ იცის. ეს არის ზეპირსიტყვიერება, რომ ადამიანი გამოდის და 10 წლის შემდეგ იძახის ძალადობაო, მაშინ 10 წელი სად იყო? ეს ერთი და მეორეც, გასარკვევია და ამისთვის უნდა იყოს გამოძიება. ბატონი რობერტის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ძალადობას მე მხარს ვერ დავუჭერ, რა თქმა უნდა“, – თქვა ელისო ბოლქვაძემ.
12 აპრილს ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა 11 წლის წინ მსახიობ ბესო ზანგურთან თანაცხოვრების ეპიზოდები გაიხსენა. როგორც მსახიობი ჰყვება, ის განიცდიდა სისტემატურ ფიზიკურ ძალადობას ბესო ზანგურისგან, მათ შორის ფეხმძიმობის პერიოდშიც.
მსახიობი ბესო ზანგური რუსთაველის თეატრის მსახიობია და რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რობერტ სტურუამ ამ შემთხვევის შესახებ დაწერა: „ვგრძნობდი, რომ ესენი ბოლშევიკები იყვნენ, ნეოკომუნისტები! და ქ ა ლ ე ბ მ ა 1937 წელი დაიწყეს! რ ე პ რ ე ს ი ე ბ ი“. ამ პოსტის ქვეშ კი მან ჰომოფობიური და მოზოგინური განცხადებაც გააკეთა.
„წინათ ქალი, ქმარი რომ მიატოვებდა, გომოსექსუალიზმს აბრალებდა, ახლა ვეღარ ბედავს. ეშინია, დემოკრატად აღარ ჩათვლიან, ამიტომ კივიან: ოცი წლის წინ მცემდაო და ფულსაც პარფუმერიისთვის იჯიბავენ! ვაშა ახალ დიდებას! ვაშა კომუნიზმს“, – დაწერა მან.
თავად ძალადობაში დადანაშაულებულმა ბესო ზანგურმა მედიასთან განაცხადა, რომ სიცრუეა, რასაც მისი ყოფილი ცოლი მასზე ჰყვება. მან ასევე თქვა, რომ ეს კამპანია [მსახიობების სოლიდარობა ნინუცა მაყაშვილის მიმართ] რეჟისორ რობერტ სტურუას წინააღმდეგაა მიმართული.