სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო კოჯრის ბავშვთა სახლის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ, კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სახლში სავარაუდო ძალადობის ამსახველ ფაქტებზე გავრცელებულ ინფორმაციას მყისიერად გამოეხმაურა, მოახდინა რეაგირება და კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება განახორციელა.
„სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთვის მნიშვნელოვანია ჭეშმარიტების დადგენა, გამოძიების პროცესის მაქსიმალურად გამჭვირვალედ და ეფექტურად წარმართვა, ამიტომ აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებასთან.
ამავდროულად, სააგენტოს ხელმძღვანელობამ მიზანშეწონილად ჩათვალა, გავრცელებული ინფორმაციის გათვალისწინებით, საგამოძიებო პროცესის მიმდინარეობისას, კოჯრის ბავშვთა სახლში სავარაუდო ძალადობის ფაქტებში დასახელებული, კონკრეტული თანამშრომლები, მათ შორის ხელმძღვანელი პირი და დარაჯი დროებით გაერიდებინათ სამუშაო პროცესს.
სააგენტოს მხრიდან, ყოველდღიურად ხორციელდება ქმედითი ნაბიჯები დაწესებულების სრულყოფილი, ჯეროვანი ფუნქციონირებისთვის. კოჯრის ბავშვთა სახლში დაინიშნა დროებითი მმართველი, ასევე ჩაერთო განვითარების სპეციალისტთა ჯგუფი. მნიშვნელოვანია, რომ სერვისის მიწოდებაში არ მოხდეს შეფერხება და ამავდროულად ადგილზე აღმოიფხვრას პრობლემები. მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა სამართალდამცავ უწყებებთან.“ – ვკითხულობთ განცხადებაში.