საქართველოს პროგნოზი გაუარესდა და მასობრივ იმუნიზაციას 2023 წელს მიაღწევს | EIU

პუბლიკა

ჟურნალ The Economist-ის კვლევითი ჯგუფის (EIU) ახალ კვლევაში, რომელიც ქვეყნების მიერ კორონავირუსზე მასობრივი იმუნიზაციის მიღწევის მოსალოდნელ თარიღს ასახელებს, საქართველოს მდგომარეობა გაუარესდა.

EIU-ის პირველი კვლევით, რომელიც იანვარში გამოქვეყნდა, საქართველოს მასობრივი იმუნიზაციისთვის 2022 წლის ბოლოს უნდა მიეღწია, მარტში განახლებულ კვლევაში კი საქართველოს მიერ მასობრივი იმუნიზაციის მიღწევის სავარაუდო თარიღად 2023 წლის დასაწყისი სახელდება.

განახლებული მონაცემებით, 9 ქვეყნის მდგომარეობა გაუმჯობესდა, მათ შორის, ჩილეს, ნორვეგიის, კოლუმბიის, ურუგვაის, სერბეთის და სხვ. 4 ქვეყნის მდგომაროება კი გაუარესდა. საქართველოსთან ერთად ამ ქვეყნების სიაშია – სომხეთი, ტაივანი და ვანუატუ.

„ჩვენი ექსპერტების დასკვნით, მათი წინა შეფასებები ამ ქვეყნებში ვაქცინაციაზე ზედმეტად ოპტიმისტური იყო მსოფლიოში ვაქცინების წარმოების შეფერხებების გათვალისწინებით“, – ნათქვამია EIU-ის კვლევაში.

კვლევის მიხედვით ჩანს, რომ მასობრივ იმუნიზაციას პირველ რიგში, 2021 წლის ბოლოსთვის, აშშ და დასავლეთ ევროპის მდიდარი სახელმწიფოები მიაღწევენ. მათ მოჰყვება კანადა, რუსეთი, თურქეთი, ავსტრალია, ბრაზილია, არგენტინა და სხვა ქვეყნები 2022 წლის შუაში.

2022 წლის ბოლოსთვის, სავარაუდოდ, მასობრივ იმუნიზაციას მიაღწევს ჩინეთი, ინდოეთი, ყაზახეთი და განვითარებადი ქვეყნების ნაწილი. აფრიკის ქვეყნების უმეტესობა და განვითარებადი სამყაროს დანარჩენი ნაწილი კი – 85 ქვეყანაზე მეტი, მათ შორის, საქართველოც, მოსალოდნელია, რომ პოპულაციურ იმუნიტეტს 2023 წელს მიაღწევს.

კვლევის ავტორი და EIU-ის გლობალური პროგნოზების დირექტორის აგათე დემარისის თქმით, კვლევა მიანიშნებს იმაზე, რომ ყურადსაღებია მდიდარ და შედარებით ღარიბ ქვეყნებს შორის ვაქცინაციის ტემპის ეს სხვაობა.

განვითარებადი ქვეყნების ნაწილმა შესაძლოა, დროულად ვერ აცრას მოსახლეობის კრიტიკული მასა, ან საერთოდ უარი თქვას მასობრივ ვაქცინაციაზე. ეს კი დააზიანებს გლობალურ ეკონომიკას და ხელს შეუწყობს კორონავირუსის ახალი ტიპების გამოჩენას, ან ვირუსის მიერ ვაქცინაციაზე რეზისტენტულობის გამომუშავებას.

რაც შეეხება მეთოდოლოგიას, EIU მასობრივი იმუნიზაციის მიღწევის პროგნოზს რამდენიმე ასპექტის გათვალისწინებით აკეთებს. როგორც კვლევითი ჯგუფი აღნიშნავს, მასში იგულისხმება მოსახლეობის უმეტესობის (60-70%-ის) აცრა.

ხოლო მოსალოდნელ თარიღს საზღვრავენ ვაქცინის შესყიდვაზე არსებული გარიგებებით და მისი მიწოდების მოსალოდნელი თარიღით, ვაქცინის წარმოების ტემპით, მოსახლეობის მიმართ ვაქცინისადმი შიშის დონით, მოსახლეობის რაოდენობითა და ჯანდაცვის მუშაკების ხელმისაწვდომობით. ანალიტიკოსები ითვალისწინებენ კონკრეტულ სპეციფიკურ კრიტერიუმებსაც თითოეული ქვეყნისთვის.