შოიგუს განცხადებით, რუსეთი უკრაინის საზღვრებიდან ჯარის გაყვანას იწყებს

პუბლიკა

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, რუსი სამხედროები, რომლებიც უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში სწავლების მიზნით შეიყვანეს, 1 მაისამდე  მუდმივი დისლოკაციის ადგილებს დაუბრუნდებიან.

შოიგუს განცხადებით, მათი სამხედრო მანევრის მიზანი ჯარის თავდაცვისუნარიანობის შემოწმება იყო და სწავლება წარმატებით დასრულდა. როგორც „რადიო თავისუფლების“ რუსული სამსახური წერს, რუსეთის ოფიციალური პირები ამბობდნენ, რომ სწავლებაში 10 000-ზე მეტი ჯარისკაცი იღებდა მონაწილეობას.

თუმცა უკრაინაში, სადაც შიშობენ, რომ რუსეთის მიერ ჯარების თავმოყრა დონბასში სიტუაციის ესკალაციის ფონზე, ფართომასშტაბიანი ომისთვის მზადებაა, აცხადებენ, რომ რუსეთმა მათ საზღვრებთან 100 000-ზე მეტ სამხედროს მოუყარა თავი. რუსეთში კი საპასუხოდ აცხადებენ, რომ ისინი არავისთვის წარმოადგენენ საფრთხეს და სიტუაციის ესკალაციაში დამნაშავე დასავლეთია.