ყოველი 500 აცრილი ადამიანი არის ერთი შენარჩუნებული სიცოცხლე – გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ძალიან დამაფიქრებელია ბოლო დღეებში ქვეყანაში კორონავირუსით სიკვდილიანობის სტატისტიკა, ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს საიმისოდ, რომ ვაქცინაციის ტემპი დაჩქარდეს.

„ეპიდსიტუაცია ქვეყანაში, ისევე, როგორც გლობალურად, უარესდება, მთლიანად, გლობალურად, ბოლო 10 დღეა, 800 ათასზე დაბლა დღეს ჩამოვიდა ახალ შემთხვევათა რაოდენობა, ასევე, სამწუხაროდ, ტემპი სიკვდილიანობის გაზრდილია.

ამ მხრივ, ასევე ძალიან დამაფიქრებელია ამ ორი დღის მონაცემები ჩვენთან, როცა ყოველდღიურად გვაქვს, სამწუხაროდ, 18 გარდაცვალება ქვეყანაში, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვაქცინაციის ტემპი დავაჩქაროთ ქვეყანაში.

ხშირად ვამბობ ამას, რომ 500 აცრილი ადამიანი არის ერთი შენარჩუნებული სიცოცხლე. ამიტომ ჩვენ ყველა, თითოეული მოქალაქე ვალდებულია თანამოქალაქეებთან, რომ აიცრას და თავისი აცრით დაიცვას სხვა ამ ფატალური გამოსავლისგან“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით 18 ადამიანი გარდაიცვალა.