უქმე დღეებში საქალაქთაშორისო ტრანსპორტი არ იზღუდება - მთავრობა

პუბლიკა

საქალაქთაშორისო ტრანსპორტი არ იზღუდება – ამის შესახებ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად განაცხადა.

შეკითხვაზე, ეხება თუ არა უქმე დღეები სავაჭრო მოლებსა და რესტორნებს, გიორგი ღიბრაძემ განმარტა, რომ ეს არის უქმე დღეები და არ არის შეზღუდვა, შესაბამისად, მათ შეუძლიათ, ჩვეულებრივად გააგრძელონ საქმიანობა.

„ერთადერთი რაც არის, არის გამონაკლისები დაშვებული, ვისაც ეს უქმე დღეები არ ეხება, მაგალითად, სამედიცინო, ფარმაცევტული სექტორი, მშენებლობები და ინფრასტრუქტურული პროექტები რომ არ გაჩერდეს. ამისთვის, სპეციალურად გამოიცა სამი მინისტრის ბრძანება – ჯანდაცვის, ეკონომიკის და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების – რომელიც ხელმისაწვდომია, როგორც მაცნეზე, ასევე აიტვირთება stopcov.ge-ზე და იქ არის ჩამონათვალი იმ სექტორების, რომლებსაც არ ეხებათ უქმე დღეები და იმუშავებენ ჩვეულებრივად“, – აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ასევე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია მობილობის შემცირება, რადგან შემთხვევების რაოდენობა, ასევე ჰოსპიტალიზაცია იზრდება და შესაბამისად, სექტორი რომ იყოს მთლიანად მოქმედი და ეფექტიანი, საჭიროა ამ ღონისძიებების გატარება.