ტრამპი ერაყს სანქციებით ემუქრება

პუბლიკა

ერაყის პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის გამო, რომლითაც ამერიკელ სამხედროებს ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ერაყს სანქციების დაწესებით დაემუქრა.

„იქ ჩვენ გვაქვს ძალიან ძვირადღირებული საჰაერო ბაზა, რომლის აშენებაც მილიარდობით დოლარი დაჯდა. ჩვენ არ დავტოვებთ ამ ქვეყანას, სანამ ისინი ამ თანხას არ დაგვიბრუნებენ. ხოლო, თუ წამოსვლა ორმხრივი შეთანხმების გარეშე მოგვიწევს, ერაყს ისეთ სანქციებს დავუწესებთ, როგორიც მათ აქამდე არასდროს უნახავთ. მსგავსი სანქციები ირანისთვისაც კი არ დაგვიწესებია“, – უთხრა ჟურნალისტებს აშშ-ის პრეზიდენტმა.

ირან-ერაყსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ამერიკელებმა ბაღდადის აეროპორტში ირანის ყუდსის ძალების ხელმძღვანელი გენერალი სოლეიმანი და ორგანიზაცია „ყატაიბ ჰეზბოლას“ ლიდერი მოკლეს. მანამდე, 1 იანვარს ერაყში ამერიკის საელჩოს თავს პროირანული ძალები დაესხნენ და დაარბიეს. ამერიკელებზე თავდასხმას აშშ-ის 1 მოქალაქე შეეწირა.