შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღების ბრალდებით 3 პირი დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ა.ა.-მ, ნ.გ.-მ და ნ.კ.-მ წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით გადაინაწილეს როლები და ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ასაღებდნენ.
გეგმის მიხედვით, ა.ა. ნარკოტიკული საშუალებების შემძენ პირებთან კომუნიკაციას ამყარებდა, ხოლო ერთი ოჯახის ორი წევრი – ნ. გ. და ნ. კ. დათქმულ ადგილზე მყიდველისთვის ნარკოტიკული საშუალების მიწოდებას და ფულის მიღებას უზრუნველყოფდნენ. მათ დანაშაულებრივ საქმიანობაში ასევე ჩართული ჰყავდათ მცირეწლოვანი ბავშვი.
არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით მოხდა საქმეში სოციალური სამსახურისა და ყველა სხვა შესაბამისი უწყების ჩართვა.
სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა”, – ნათქვამია განცხადებაში.