სამართალდარღვევებზე სანქციის გამკაცრება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ისახავს მიზნად - GDI

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პროექტს ეხმაურება, რომელიც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე სანქციის გამკაცრებას ითვალისწინებს.

GDI-ის განცხადებით, სანქცია მკაცრდება სწორედ იმ მუხლებზე, რომელსაც პოლიცია ყველაზე ხშირად იყენებს საპროტესტო აქციების დროს მანიფესტატორთა დასაკავებლად. შესაბამისად, მათი გამოყენებით ადამიანთა შეკრება-მანიფესტაციის თავისუფლებაში თვითნებურად ჩარევის შესაძლებლობა კრიტიკულად მაღალია.

„მიგვაჩნია, რომ არ არსებობს სანქციის გამკაცრების ლეგიტიმური საფუძველი და მისი ერთადერთი მიზანი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა“, – ნათქვამია GDI-ის განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, წლებია ისმის კრიტიკა საბჭოთა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არსებულ სერიოზულ ხარვეზებზე, რაც არღვევს როგორც კონსტიტუციურ ისე საერთაშორისო სტანდარტებს. ხელისუფლება კი ამ პრობლემების მოგვარების ნაცვლად, კიდევ უფრო მეტად აღრმავებს ამ შეუსაბამობას და კანონს კრიტიკული აზრის ჩასახშობად იყენებს.

„ხაზგასასმელია, ისიც, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მან ვალდებულებად აიღო ამ მიმართულებით არსებული მანკიერი პრაქტიკის დაძლევა და როგორც რეპრესიული პოლიტიკის შემცირება, ასევე ახალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიღება.

მაგალითად ევროსასამართლოს მიერ მიღებული ერთ-ერთი გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში (Kakabadze and Others v. Georgia no. 1484/07, 2 October 2012) მთავრობა მიუთითებდა, რომ ბოლო წლებში ყველაზე მძიმე სახდელი – ადმინისტრაციული პატიმრობა ნაკლებად გამოიყენებოდა და რომ ზოგადად, სასამართლოები უფრო მსუბუქ სანქციებს, ჯარიმებს, აწესებდნენ.

თუმცა ამის საპირისპიროდ, 2018 წლის თებერვალში, საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და ყველაზე პრობლემურ 166-ე და 173-ე მუხლებში ჯარიმების ოდენობა შესაბამისად (1) 100-დან 500-დან 1000 ლარამდე და (2) 250-2000 ლარიდან 2000-4000 ლარამდე გაზარდა.

აშკარაა, რომ საქართველოში თავისუფლების ხარისხი და უფლებრივი მდგომარეობა წლიდან წლამდე უარესდება. ამას ადასტურებს არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო აქტორის ანგარიშები და რეიტინგები (Freedom House-ის ანგარიში, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში და სხვა).

ამის ფონზე მმართველი პარტიის მიერ დაინიცირებული ცვლილება ცხადჰყოფს ხელისუფლების რეალურ ზრახვებს, ებრძოლოს კრიტიკულ აზრს საპოლიციო ძალით.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, არ მიიღოს აღნიშნული ცვლილება და არ შექმნას დამატებითი რეპრესიული მექანიზმი, რომელიც კიდევ უფრო მეტად შეამცირებს ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს“, – ნათქვამია GDI-ის განცხადებაში.


„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა 21 აპრილს პარლამენტში დაარეგისტრირეს კანონპროექტი, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორ მუხლში ცვლილებს ითვალისწინებს. ცვლილება ეხება 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცველის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებს.