გარდაცვალების ყველაზე ხშირი მიზეზი კლინიკისთვის დაგვიანებული მიმართვაა - ცერცვაძე

პუბლიკა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, გააანალიზეს კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევების მიზეზები. გარდაცვალების ყველაზე ხშირი მიზეზია კლინიკისთვის დაგვიანებული მიმართვა, ანუ როცა კლინიკას მიმართავენ პაციენტები მათი მდგომარეობა უკვე მძიმეა. თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ასევე გააანალიზეს, თუ რა განაპირობებს პაციენტების მხრიდან საავადმყოფოსთვის დაგვიანებულ მიმართვიანობას.

„პირველი – იმიტომ, რომ ავადმყოფები გვიან იკეთებენ ტესტს, როცა ახველებთ, სიცხე აუწევთ ან სუნთქვა უჭირთ, ფიქრობენ, რომ მალე გაუვლით და ტესტს არ იკეთებენ. ეს არის დანაშაული საკუთარი თავის მიმართ, იმიტომ, რომ საქართველოში ტესტირება მოწყობილია უმაღლეს დონეზე, ყველას შეუძლია რიგის გარეშე უფასოდ გაიკეთოს ტესტი.

მეორე – იციან, რომ ტესტის შედეგი არის დადებითი და ფიქრობენ, რომ იქნებ ჩემით მოვრჩე და არ მიდიან საავადმყოფოში, არ ეძახიან ოჯახის ექიმს ან სასწრაფოს და უკვე როცა ძალიან დამძიმდებიან მერე ეძახიან.

მესამე – ოჯახის ექიმი ნანახი ჰყავთ, შეთავაზებული აქვს,~ კლინიკისთვის მიმართვა, მაგრამ არ მიდიან კლინიკაში, მეზობელი ან ნათესავი ურჩევთ თვითმკურნალობას და იმას ამჯობინებენ, ეს კიდევ ერთი დანაშაული.

ეს ხალხი რომ დროზე წასულიყო საავადმყოფოში, როგორც კი ამას ოჯახის ექიმი და სასწრაფოს ექიმი ეტყოდათ მათი უმრავლესობა გადარჩებოდა“, – ამბობს ცერცვაძე.

მისივე თქმით, თუკი ნოემბერ-დეკემბერში საავადმყოფოში დაგვიანებით მისვლის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ დროულად ვერ ნახულობდნენ ოჯახის ექიმს ან სასწრაფოს ექიმს, დღეს ეს პრობლემა დღის წესრიგში არ დგას.

„ახლა ეს გამორიცხულია. პირველივე დღეს კომუნიკაცია ხდება ოჯახის ექიმთან ან სასწრაფოსთან. ამიტომ, დღეს, სამწუხაროდ, დაგვიანებული შემთხვევები თვითონ პაციენტის ბრალია, ჩვენ თუ დაგვიანებულ შემთხვევებს ნულამდე დავიყვანთ, ის ისედაც არცთუ დიდი ციფრი სიკვდილიანობის, რაც გვაქვს, განახევდრდება“, – აცხადებს ცერცვაძე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 095 პირი ემსხვერპლა.