„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საცხოვრებელი შენობის ვიდეომონიტორინგის განხორციელებისას, როცა კამერ(ებ)ის ხედვის არეალი სხვა პირთა საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინების სივრცესაც ფარავს, საჭიროა მათი (მესაკუთრეთა) წერილობითი თანხმობის მოპოვება, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორი ავრცელებს.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ვიდეოთვალთვალის წესების დარღვევისთვის ფიზიკურ პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელ შენობაზე განთავსებული ვიდეოსათვალთვალო კამერების მეშვეობით, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერება შეისწავლა. შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე განხორციელდა.
„შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ფიზიკურ პირს მისი საცხოვრებელი შენობის გარე ფასადზე, საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დამონტაჟებული ჰქონდა ვიდეოსათვალთვალო კამერები, რომელთა ხედვის არეალში სხვა მესაკუთრეთა საცხოვრებელი სახლების შესასვლელები და საერთო სარგებლობის შიდა ეზოც ექცეოდა. საყურადღებოა, რომ ფიზიკური პირი ვიდეოთვალთვალს სხვა მესაკუთრეთა თანხმობის გარეშე ახორციელებდა“, – აცხადებს სახელმწიფო ინსპექტორი.
„ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში დადგინდა, რომ ფიზიკური პირი სხვა პირთა საცხოვრებელი სახლების შესასვლელებისა და საერთო სარგებლობის შიდა ეზოს ვიდეომონიტორინგს მესაკუთრეთა წერილობითი თანხმობების გარეშე ახორციელებდა, სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი შენობის ვიდეოთვალთვალის წესების დარღვევისთვის მას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლით დადგენილი წესით დაეკისრა. ამავდროულად, მას დაევალა ზემოაღნიშნული სივრცეების ვიდეოთვალთვალის შეწყვეტა ან ვიდეოთვალთვალის განსახორციელებლად სხვა მესაკუთრეთა წერილობითი თანხმობის მოპოვება.
სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება განმარტავს, რომ პირის უფლება, გარეშე პირთა დაკვირვების გარეშე, ისარგებლოს საკუთარი საცხოვრებელი სივრცით ისე, რომ არ მოხდეს საკუთარ საცხოვრებელ შენობაში ან/და ეზოში მისი გადაადგილების/ქცევის მონიტორინგი, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტია. შესაბამისად, ფიზიკურმა პირმა მისი საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვა უნდა განახორციელოს იმგვარად, რომ სხვა საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეებმა შეძლონ საკუთარი საცხოვრებელი სივრცით თავისუფლად სარგებლობა“, – ნათქვამია განცხადებაში.