სხვადასხვა საელჩო საქართველოში ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მხარს უჭერენ ლგბტქი+ თანასწორ უფლებებს.
„ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს (IDAHOBIT), ვუცხადებთ მხარდაჭერას და სოლიდარობას ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ და ინტერსექს (ლგბტქი+) თემს საქართველოში და ვერთიანდებით, რათა ყველამ იცხოვროს თავისუფალ და თანასწორ გარემოში უსაფრთხოდ და ღირსეულად.
ლგბტქი+ ადამიანები საქართველოში კვლავ აწყდებიან მიკერძოებას, სტიგმას, შემცირებულ შესაძლებლობებს პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ჩართულობის თვალსაზრისით, ასევე ხდებიან ძალადობრივი სიძულვილის და დანაშაულის მსხვერპლი. COVID-19 პანდემიამ უფრო დაუცველნი გახადა ლგბტქი+ პირები, რაც კიდევ უფრო ზრდის მათ წინაშე ადრე არსებულ უსამართლობასა და დაბრკოლებებს ჯანდაცვის, სოციალური დაცვისა და ღირსეული სამუშაოს მიღების გზაზე.
ვაღიარებთ, რომ ლგბტქი+ უფლებები არის ადამიანის უფლებები, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა შესაბამის უწყებას საქართველოში მიიღოს მტკიცე ზომები, რათა დასრულდეს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის და გამოხატვის საფუძველზე დისკრიმინაციის ყველა ფორმა.
საქართველომ მიაღწია პროგრესს ლგბტქი+ პირების მიმართ დისკრიმინაციისა და ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლაში. 2014 წლის მაისში საქართველომ მიიღო მნიშვნელოვანი კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, რომელიც ემყარება კონსტიტუციაში მოცემულ თანასწორობის პრინციპს და კრძალავს დისკრიმინაციის ყველა ფორმას სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის და გამოხატვის საფუძველზე. ამ კონტექსტში, ჩვენ მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების მიერ ტრანსგენდერი პირის სამართლებრივ აღიარებას, პირველად – 2021 წელს.
მოვუწოდებთ საქართველოს სახელმწიფო, პოლიტიკურ, სამოქალაქო და რელიგიურ ლიდერებს, მათი პასუხისმგებლობის სფეროებში განათლებისა და ხელმძღვანელობის გზით, მაღალი პრიორიტეტი მიანიჭონ დისკრიმინაციასა და სტიგმასთან ბრძოლას, მათ შორის ძალადობის თავიდან აცილების გზით, პატივისცემით და თანაგრძნობით განწყობილი საჯარო დისკურსის მიღებით, დანაშაულის გამოძიებითა და სამართალდამრღვევთა პასუხისგებაში მიცემით, და ლგბტქი+ ორგანიზაციების თავისუფალი საქმიანობის ხელშემშლელ ძალადობრივ ქმედებებზე სათანადო სამართლებრივი რეაგირებით“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერს საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროკავშირის წარმომადგენლობის, ავსტრიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ბელგიის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, ესპანეთის, ისრაელის, იტალიის, კანადის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების სამეფოს, ნორვეგიის, საბერძნეთის, საფრანგეთის, სლოვენიის, ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოების, ასევე საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლობა.