საგანგაშოა, რომ ლგბტ+ ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა კვლავ საფრთხის ქვეშ დგას - ომბუდსმენი

პუბლიკა

17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს ლგბტ+ ადამიანები, თემის აქტივისტები და მხარდამჭერები საზოგადოებას კიდევ ერთხელ ახსენებენ თანასწორუფლებიანობის მნიშვნელობას და მათ სოლიდარობისკენ მოუწოდებენ.

ამ დღესთან დაკაშირებით, საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს. მისი შეფასებით, სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში ლგბტ+ თემის ხილვადობის გაზრდასთან ერთად, იმატებს თემის წარმომადგენელთა მიმართ უფლებადარღვევის ფაქტები, რასაც ხშირ შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან არაეფექტიანი რეაგირება ახლავს თან.

ომბუდსმენი ამბობს, რომ ლგბტ+ ადამიანების უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით სახელმწიფო პოლიტიკის და ხედვის არარსებობა ახალისებს მათ მიმართ ჩადენილ უფლებადარღვევებს, მათ შორის, დისკრიმინაციულ დანაშაულებს.

„საგანგაშოა, რომ ლგბტ+ ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა კვლავ საფრთხის ქვეშ დგას, რასაც ბოლო დროინდელი თავდასხმებიც ცხადყოფს. ლამის ყოველდღიურ ხასიათს იძენს ლგბტ+ ადამიანების უფლებებზე მომუშავე პირთა მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ოფისების დაზიანება და სხვა სამართალდარღვევები.

კვლავ პრობლემურია ლგბტ+ ადამიანების ფიზიკური ხელშეუხებლობის, გამოხატვის და შეკრების თავისუფლებების დაცვის მიზნით, სახელმწიფოს მიერ, პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა. აქტივისტები, წლებია, 17 მაისს უსაფრთხოდ შეკრებისთვის საჯარო სივრცეების მოსაპოვებლად იბრძვიან. ვინაიდან სახელმწიფო ულტრა მემარჯვენე ჯგუფებისგან მათ სათანადო დაცვას ვერ უზრუნველყოფს, აქტივისტებს ყოველ ჯერზე უწევთ შეკრების ადგილის, დროის და ფორმატის ცვლილება, რაც პროტესტს ძირითად არსს აცლის და რისკის ქვეშ აყენებს აქციის მონაწილეთა უსაფრთხოებას, “- ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

სახალხო დამცველის შეფასებით, სახელმწიფოს სამართლებრივმა და პოლიტიკურმა უმოქმედობამ, ახალი კორონავირუსის პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო დაამძიმა თემის (ისედაც მძიმე) სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობა. ჯანდაცვასა და დასაქმებაზე ხელმისაწვდომობა, სათანადო საცხოვრისით უზრუნველყოფა თუ სხვა საჭიროებები საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმის მიღმა დარჩა. შედეგად, თემის ნაწილი უსახლკარობის პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, ნაწილს კი ჰომოფობიურად განწყობილ ოჯახებში მოუწია დაბრუნება, რამაც ისინი ოჯახში ძალადობის საფრთხის წინაშე დააყენა.

ომბუდსმენის ხაზს უსვამს, რომ განსაკუთრებით რთულია ტრანსგენდერი ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა. სოციალურ ცხოვრებაში არსებით სიძნელეებს ქმნის კანონმდებლობის ჩანაწერი, რომელიც პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლისთვის ტრანსგენდერი ადამიანებისგან სქესის შეცვლის ქირურგიული ოპერაციის გაკეთებას მოითხოვს. დასაქმებასა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის ბარიერები განსაკუთრებით მძიმედ სწორედ ტრანსგენდერი ადამიანების უფლებრივ მდგომარეობაზე აისახება.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს და თანამდებობის პირებს, ეფექტიანი პრევენციული და რეაქტიული რეაგირება მოახდინონ ლგბტ+ ადამიანების მიმართ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებსა თუ სამართალდარღვევებზე; დაგეგმონ ღონისძიებები საზოგადოებაში თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით; გააკეთონ დაუცველი ჯგუფების, მათ შორის, ლგბტ+ თემის მხარდამჭერი საჯარო განცხადებები.