სპეციალური მასწავლებლების მიმართვა პრემიერსა და განათლების მინისტრს | პეტიცია

პუბლიკა

სპეციალურმა მასწავლებლებმა პრემიერ-მინისტრსა და განათლების მინისტრს პეტიციით მიმართეს. მიმართვამ უკვე მოაგროვა ხელმოწერების საკმარისი რაოდენობა. პეტიციას 1511-მა ადამიანმა მოაწერა ხელი.

სპეციალური მსაწავლებლები ამბობენ, რომ მათ, როგორც ინკლუზიური განათლების მხარდამჭერ პირებს წლებია უწევთ საგნობრივ მასწავლებლებთან შედარებით არათანაბარ პირობებში მუშაობა.

„ჩვენთვის წლების განმავლობაში არ არსებობდა კარიერული წინსვლის სქემა.

დროულად არ ჩაგვრთო განათლების სამინისტრომ კარიერული წინსვლის სქემაში, რის გამოც, დავზარალდით როგორც მორალურად, ასევე ფინანსურად.

საგნის მასწავლებლებს მიეცათ შესაძლებლობა რომ კრედიტების საშუალებით აემაღლებინათ სტატუსი.

დღემდე დიდი მოლოდინით ველოდით კარიერული წინსვლისთვის გამოცდის ჩატარებას, თუმცა  ეს გამოცდები არ დაინიშნა, რადგან ამის მიზეზად სახელდება „ქვეყანაში არსებული პანდემია“…

და  აქვე გკითხავთ, ბატონებო:  ნუთუ პანდემია მაშინ არ ვრცელდება ჩვენზე, როდესაც საგნის მასწავლებლებისგან განსხვავებით   კანონი  მხოლოდ სპეციალურ მასწავლებლებს გვავალდებულებს  სკოლაში სიარულს?!

ჩვენ მოვითხოვთ :

1) მოგვენიჭოს უფროსი მასწავლებლის სტატუსი  იმ  მასწავლებლებს, რომელთაც წარმატებით გავიარეთ მასწავლებლის სახლის მიერ ჩატარებული 120 საათიანი ტრენინგი.(მოგახსენებთ, ეს ტრენინგი ფასდებოდა 7 კრედიტით  და ყველა მოდულის შემდეგ ვაბარებდით საკმაოდ რთულ გამოცდებს;)

2) ვითხოვთ საგნის მასწავლებლების მსგავს პოზიციაში ჩაყენებას;

3) მოგვემატოს ხელფასი, ჩვენი შრომა იყოს სათანადოდ დაფასებული, რათა არ მოხდეს კვალიფიციური კადრის სისტემიდან გადინება;

4) დროულად დაინიშნოს გამოცდები და გაგრძელდეს  მასწავლებლის სახლის 120 საათიანი ტრენინგები ყველა იმ სპეც.მასწავლებლისთვის, რომელთაც არ გაგვივლია და დროულად მოგვეცეს ყველას კარიერული წინსვლის საშუალება;

5) სპეც.მასწავლებლის კარიერული წინსვლის სქემაში  შევიდეს ცვლილებები, დაემატოს მენტორის სტატუსი, რათა საფეხურეობრივად არ მოხდეს ჩვენი ისევ უკანა პლანზე გადაწევა და სხვა, ანუ საგნის მასწავლებლებთან შედარებით, დაბალ საფეხურზე დარჩენა;

6) ამოიღონ დოქტორობის მოთხოვნა სპეციალურ პედაგოგიკაში. რადგან ასე წამყვანის სტატუსის მოპოვებას 5 წელი მაინც ვერავინ შეძლებს საქართველოში, რაკი არ არსებობს სადოქტორო პროგრამები და არც დოქტორის ხარისხის მქონე სპეციალიტები გვყავს.

ჩვენ ვემსახურებით სსსმ და შშმ სტატუსის მქონე მოსწავლეებს და, ვფიქრობთ, რომ ჩვენი უფლებების დარღვევა  უარყოფითად აისახება სწავლების  ხარისხსა და ინკლუზიურობაზე, “- ნათქვამია პეტიციაში.