ჩვენ, სპეციალური მასწავლებლები, ღიად მივმართავთ ბატონ მინისტრს

მარიამ გოდუაძე

ბატონო მინისტრო, ნოემბრის დასაწყისში სპეციალურმა მასწავლებლება ონლაინ პერფორმანსი მოვაწყვეთ იმედით, რომ მინისტრის მოადგილე და გადაწყვეტილების მიმღები სხვა პირები გაიხსენებდნენ წინა წლების დანაპირებს და  დროულად მოახერხებდნენ სპეცმასწავლებლებისთვის ასე ნანატრი სასერტიფიკაციო გამოცდისთვის თავის მობმას.

მოგეხსენებათ, საქართველოში 1000-ზე მეტი სპეციალური მასწავლებელია. მათი დიდი ნაწილი თვლის, რომ ეკუთვნის არადისკრიმინაციულ პირობებში მუშაობა და ისევე იმსახურებენ ამაღლებულ სტატუსს, სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების სიხარულსა და პროფესიულ სქემაში ჩართვას, როგორც ამას მისი კოლეგა, თუმცა „სხვა განზომილებაში“ მომუშავე საგნის პედაგოგები ახერხებენ, იმის მიუხედავად, სასერტიფიკაციო გამოცდაზე ერთი კრედიტი მოიპოვეს, ოთხი, შვიდი თუ – ათი და იმის მიუხედავადაც,  ეს ამბავი  ერთი წლის მანძილზე მოახერხეს, ოთხის, შვიდის თუ – ათის.

ტექსტი, რომელიც სპეცმასწავლებლებმა საკუთარ ფოტოებთან ერთად გამოვაფინეთ, შემდეგი იყო:

  • ჩვენ, სპეციალური მასწავლებლები, ყველასთვის ვქმნით სწავლაში ჩართულობის გარემოს, ვაძლიერებთ საგნის პედაგოგებს, ვამაღლებთ მოსწავლეთა დაბალ მოსწრებას და ვაძლევთ განათლებას მომავალ თაობას.
  • ჩვენ არ გვაქვს კონკრეტული სახელმძღვანელოები, ვეძებთ და ვკითხულობთ ძალიან ბევრს, რათა შევთავაზოთ ყველაზე საჭირო და ზუსტი ცოდნა.
  • ჩვენ ვართ კვალიფიციური მასწავლებლები და გვჭირდება სათანადოდ აღიარება.
  • ჩვენ ყოველთვის ვეუბნებითარასდისკრიმინაციას, ყოველთვის ვიცავთ ჩვენს მოსწავლეებს.
  • ჩვენი ვალია, დავიცვათ საკუთარი ღირსებაც და მოვითხოვოთ ჩვენი უფლებების სხვა მასწავლებლების უფლებებთან გათანაბრება.
  • ჩვენი არსებობა ყოველდღიური ბრძოლაა ჩრთულობის განათლებისა და ინკლუზიური საზოგადოების შესაქმნელად.
  • ჩვენ ვითხოვთ სამინისტროსაგან, ჩვენთვისაც გაშალოს ქოლგა, დაპირებისამებრ, დროულად ჩაგვრთოს განითარების სქემაში, ამას ხომ ამდენი წელია, ველოდებით.

ეს ტექსტი პერსონალურ ფოტოებთან ერთად სპეციალური მასწავლებლების ასოციაციის შიგნითაც იდებოდა და მის გარეთაც, ვნიშნავდით სამინისტროს და სხვა ინსტიტუციებს, მაგრამ – ამაოდ. ყური არავინ გვათხოვა, მიუხედავად იმისა, რომ მათ არც მნახველი აკლდა და არც წამკითხველი.

სპეციალურ მასწავლებლები ნოემბრამდეც ვაქტიურობდით. ადამიანის უფლებათა თუ სხვადასხვა სამთავრობო შეხვედრებზე წლების მანძილზე აქტიურად ვითხოვდით ჩვენი და ჩვენი ბავშვების უფლებების ჯეროვნად დაცვისთვის დახმარებას,  ერთი იყო, 2018 წელს ნამდვილად გაგვახარეთ, ხელფასები 280-ის ნაცვლად 400 ლარამდე გაგვიზარდეთ და ჩვენივე რეკომენდაციების კვალობაზე სასიკეთო ცვლილების ბრძანება გამოეცით, რის გამოც გულში დღემდე გვჯერა, რომ თქვენამდე ჩვენ გარდა ვერავინ მოიტანა ჩვენი სატკივარი და არც ჩვენი მოთხოვნის აუცილებლობა დაუსაბუთებია ვინმეს, თორემ ისევ სასიკეთოდ დროულად შეიცვლებოდა რაიმე.

ბატონო მინისტრო, კარგად მოგეხსენებათ, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და ვალდებულება შშმ პირების მიმართ მას შემდეგ ორმაგად გაიზარდა, რაც 2013 წლის 26 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მოახდინა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირთა უფლებათა დაცვის კონვენციის რატიფიცირება. საქართველოს მთავრობისათვის კი, მათი დაპირებების თანახმად,  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებაზე მორგებული განათლება კვლავაც ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა ყოფილიყო.

თუმცა ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები, ფაქტია, ჯერ არ გადადგმულა, გარდა იმ დაშვებისა, რომ ყველა სკოლაში, სადაც ერთი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე უნდა დაიშვას სპეციალური მასწავლებლის საშტატო განაკვეთი. ალბათ, თვლიდით, რომ სკოლაში სპეციალური მასწავლებლების და ზოგან ფსიქოლოგების  შეყვანა თავისთავად მოაგვარებდა ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებს. სამწუხაროდ, ეს ასე არ არის და სირთულეებსაც, რასაც ამ მიმართულებით სკოლებში ვაწყდებით, არ უჩანს ბოლო. ისინი განსაკუთრებით გამოიკვეთა პანდემიის ფონზე, როცა სსსმ მოსწავლეების და მათი მშობლების დისტანციურ სასწავლო პროცესში  ჩასართავად სპეციალურ მასწავლებლებს ძალიან დიდი ძალისხმევა გვიხდება და შედეგები, რომლებსაც საკლასო ოთახში ყოველდღიური მუშაობით მივაღწიეთ, ძალიან რთულად შესანარჩუნებელი გახდა.

სპეციალური მასწავლებლები მთელი საქართველოდან, აქტიურ კომუნიკაციას ვამყარებთ მოსწავლეთა მშობლებთან, ჩვენ ვხარჯავთ უამრავ დროს, გონებრივ რესურსს და ენერგიას, რათა მშობელს დავაჯეროთ, რომ მის შვილს ყველაფერი გამოუვა. დისტანციური პროცესის დროს ბევრ სპეციალურ მასწავლებელს უხდება ბეჭდური მასალის მომზადება და ქარსა და სიცივეში მოსწავლისათვის ბინაზე მიწოდება, მაშინ, როცა ამას საგნის მასწავლებლებს არავინ სთხოვს. სპეციალურ მასწავლებელს, რომელსაც თავადაც შეიძლება არ გააჩნდეს სათანადო ტექნიკა, რათა ხარისხიანად წარმართოს დისტანციური პროცესი და შეიქმნას სასწავლო გარემო, ბევრი სკოლა კი ჯერ კიდევ ვერ უზრუნველყოფს მისთვის თბილი და ინტერნეტით აღწურვილი სივრცის გამოყოფას.

ჩვენ გვიხდება ვიყოთ კოგნიტურ უნარებზე მომუშავე ფსიქოლოგებიც, სოციალური მუშაკებიც,  მხატვრებიც, მუსიკოსებიც, აკადემიური უნარებისა თუ  ენების სპეციალისტები ან ცალკეული საგნის ექსპერტებიც კი, რათა მუდმივი მხარდაჭერით შევასრულოთ დასახული ამოცანა და ჩვენი ბავშვები დიდი ძალისხმევის კვალდაკვალ მცირე, ნაბიჯ-ნაბიჯ წარმატებაზე გავიყვანოთ.

ჩვენ მუდმივად ვხარჯავთ დიდ ძალისხმევას კოლეგებთან თუ სკოლის სხვა წარმომადგენლებთან, ვისაც ჯერ კიდევ ღრმას სჯერათ, რომ  სპეციალური საგანმნათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების ადგილი საჯარო სკოლებში არაა. რომ სამინისტროსგან ინკლუზიისთვის გადმორიცხული თანხა მიზნობრივად დაიხარჯოს და თუ ასე არ ხდება, მსხვერპლი მაინც ჩვენ გამოვდივართ.

ჩვენ ბევრ საგნის პედაგოგს დავეხმარეთ და ხვეწნა-მუდარით მათსავე სასარგებლოდ ჩატარებული შეხვედრების ჩანაწერებით, ტრენინგებით, კვლევებში დახმარებებით, გამართული დოკუმენტაციის წარმოებით – დავაგროვებინეთ საჭირო კრედიტები, რომლებითაც მათ კვალიფიკაცია აიმაღლეს და „ერთკრედიტიანი მასწავლებლის“ ტიტულის მიუხედავად, წამყვანის პოზიციას და ჩვენზე სამჯერ მაღალ ხელფასებსაც  კი ეზიარნენ.

მაშინ, როცა 120-საათიანი ტრენინგის გავლა 7 კრედიტით ფასდებოდა, მისი გავლა საგნის მასწავლებლებს სწორედ კრედიტების გამო უნდოდათ, ადგილები სწრაფად ივსებოდა და ამის გამო რეგიონებში სპეციალური მასწავლებლები დღემდე ელიან ამ ტრენინგებს. ჩვენთვის კი არც ეს კრედიტები არსებობს და არც გამოცდა გვაღირსეს, არანაირ „შეღავათს“ არ აწესებენ სპეც.მასწავლებლებისთვის, რომელთა დიდმა ნაწილმა წარმატებით გაიარა სპეციალური მასწავლებლის 120-საათიანი წვრთნა, ხოლო ბევრს ისედაც დაუგროვდა მუშაობის  დიდი გამოცდილება.

ბევრი ჩვენგანი რამდენიმე საგანში სერტიფიცირებული მასწავლებელია. ჩვენ ვართ მაგისტრები, დოქტორანტები, ყოფილი ასპირანტები, ჩვენ შეგნებულად ავირჩიეთ სპეციალური მასწავლებლობის რთული გზა იმ იმედით, რომ უცხოეთის მსგავსად, დარგი ჩვენშიაც მალე გაძლიერდებოდა და ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობაში დიდი წვლილი ჩვენც გვექნებოდა. თან ისევე დაფასებულად ვიგრძნობდით თავს, როგორც ჩვენი უცხოელი კოლეგები, რომლებიც ექსპერტებს გვიწოდებენ და სიამოვნებით თანამშრომლობენ ჩვენთან.

თუმცა სამწუხაროდ,  სპეც.მასწავლებლის კარიერული წინსვლის სქემაში მენტორის სტატუსი არც კი გაითვალისწინეს, არადა, სტანდარტი ამის უფლებას თავისუფლად იძლევა. და თუ რაიმე არ შეიცვალა, საფეხურეობრივად ჩვენ შედარებით მაინც დაბალ საფეხურზე დავრჩებით და ყოველთვის გვექნება უსამართლობის განცდა, რომ დაგვჩაგრეს ან ჩვენი მოსწავლეებივით უგულებელგვყვეს. აკი, ხშირად უთქვამთ მომღიმარ კოლეგებს, თქვენ ხელფასიც ინკლუზიურად გეძლევათო.

ფაქტია, დაცინვამ ვერ მოგვკლა, მაგრამ ძალიან გულსაწყვეტია, რომ დაანონსებულ სახელფასო მატებაში არც კი მოვიაზრებით, იმის მიუხედავად, რომ „მასწვლებლის“ სტატუსი და გაორმაგებული პასუხისმგებლობები მაინც შეგვრჩა. სწავლების მოტივაციაც, ჩვენდა გასაკვირად.

სპეციალური მასწავლებლები ყველაზე გვიან გავედით ბრძოლის ველიდან. მაშინ, როცა საგნის პედაგოგთა უმეტესობა გაკვეთილებს კომფორტული სახლებიდან ატარებდა, ჩვენ სკოლებში დავდიოდით და ჩვენს ბავშვებს ერთგულად ვამეცადინებდით. ბევრი ჩვენგანი ამის გამო დავინფიცირდით და ოჯახის წევრებსაც გადავდეთ საშიში სენი. მერე კი უფასო ტესტითაც არავინ დაგვეხმარა, 400 ლარიანი ხელფასით კი 150 ლარიანი რამდენიმე ტესტი აბა როგორ შეგვეძინა, თან ოჯახები გვერჩინა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზეც გვეზრუნა?! ასე რომ, სიკვდილის მოლოდინის შიშიც გამოვიარეთ, განწირულების ყოველდღიური გრძნობაც, რადგან ვხედავდით და ახლაც ვხედავთ, რომ ჩვენ ირგვლივ ადამიანები იღუპებიან. შერყეული ჯანმრთელობით კი იგივე ჩვენც შეიძლება იოლად დაგვემართოს.

ბატონო მინისტრო, ჩვენს პროფესიაში  ძალიან დიდი სირთულეები გამოვიარეთ, რათა სკოლებში მეტნაკლებად ინკლუზიური გარემო შეგვექმნა, მოგვეგერიებინა ყოველმხრივი აგრესია და ყველას მიმართ სიყვარული გვეთესა. ჩვენ მიმართ კი იმავე დამოკიდებულებას  ძალიან ცოტა თუ გვაგრძნობინებს. ამდენი წლის მანძილზე გვრჩება განცდა, რომ ჩვენს შრომას სათანადოდ არ აფასებენ. უფრო მეტიც, ჩვენ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობთ დისკრიმინაციას, უგულებელყოფას და გარიყვასაც კი. ამის მიუხედავად, არ ვიფიცებით, არ გვინდა, ჩვენს ანაბარა დარჩენილი მოსწავლეები ჩამოვაშოროთ სასწავლო პროცესს.

თუმცა ამავდროულად გვაქვს ვალდებულება, ჩვენს მოსწავლეებს და სხვა საზოგადოებას მივცეთ ასერტულობის მაგალითი და გამოვავლინოთ შეფასებითი უნარები, ამიტომ ჩაგვრაზე, გარჩევასა თუ გარიყვაზე აუცილებლად უნდა გვქონდეს სათანადო და ჯანსაღი რეაგირება. ამიტომ  გთხოვთ:

  • ჩვენდამი თქვენი ხელქვეითების ამდენი ხნის დაპირებები მალევე აქციოთ რეალობად;
  • ამდენი წელია, ვითხოვთ სასერტიფიკაციო გამოცდის გავლას და დამსახურებულ სახელფასო მატებას; თუ თქვენი გუნდი ამის უზრუნველყოფას ჯერ კიდევ ვერ ახერხებს, დაგვიმტკიცეთ, რომ თქვენს აღიარებას ჩვენი მასწავლებლობის შესახებ აქვს ძალა და ჩაგვსვით იმ სახელფასო მატების პროგრამაში, რომელსაც სამინისტრო საგნის მასწავლებლების მიმართ გეგმავს;
  • სპეციალური მასწავლებლების მოთხოვნაა, 120 საათიანი ტრენინგის გავლა საგნობრივი კომპეტენციის დადასტურებად ჩაითვალოს, ჩვენ ხომ ყოველი მოდულის შემდეგ გამოცდას ვაბარებდით.
  • სპეცმასწავლებლები ვითხოვთ, გარე დაკვირვების ფორმატით სხვა მასწავლებლებივით ჩვენც დაგვესწრონ და ამ გზით მოგვენიჭოს უფროსი მასწავლებლის სტატუსი, შესაბამისად, ანაზღაურების მატებაც.

იმედია, გენდერული ნიშნითაც არ გამოგვარჩევთ და არც იმ ფაქტით დაიმშვიდებთ თავს, რომ სპეციალური განათლების პროფილის კურსდამთავრებულ 12 მაგისტრს მიანიჭეთ „უფროსის“ წოდება. იცოდეთ, ჩვენი შრომა ბევრად გადასწონის ორწლიან კურსს, რომელის შექმნაში იქნებ რაიმე წვლილი ჩვენც მიგვიძღოდეს.

გაითვალისწინეთ, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მშობლები გვიცხადებენ მხარდაჭერას, რაკი უკვე სამართლიანად ეშინიათ დარგიდან ჩვენი წასვლის. და თუ კვლავ მოხდა კადრის გადინება, არავინ დაუკრავს ტაშს ჩვენს ქვეყანაში არსებულ ფსევდოინკლუზიას, მით უფრო, ის ექსპერტები, რომლთა ბერკეტები „ახალმა სკოლამ“ სამოქმედო კრედოდ აიღო და დღეს ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრით ცდილობს დამაჯერებლობის მოპოვებას.

დღეს სამი დეკემბერია იმ ადამიანების დღე, ვისთვისაც ყოველდღე ვიბრძვით და ადამიანებისა, რომელთაც პატარა ლეასავით სულაც არ მოსწონთ, ‘სპეციალურს’ ან გაურკვეველ ეპითეტებს რომ ეძახიან.

იბრძოლეთ თქვენც! მიგვიჩნიეთ პედაგოგებად! ერთად ხომ ბევრად მალე შევქმნით ინკლუზიურ და ემპათიურ საზოგადოებას.


*წერილი შეჯერებულია საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში მოღვაწე სპეციალურ მასწავლებელთა ჯგუფებთან და წარმოადგენს მათ ნააზრევსაც.

მარიამ გოდუაძე  არის სპეციალური მასწავლებელი, მკვლევარი, ავტორი, ყრუ-უსინათლო პირთა თარჯიმან-მეგზური და ტრენერ-ინსტრუქტორი.