„ააიპ-ების და მედიის დეკლარაციების ჩაბარება არაა საგარეო კომიტეტის განსახილველი“ - სამხარაძე რუსულ კანონზე

პუბლიკა

პარლამენტის ბიურომ რუსული კანონი განსახილველად მხოლოდ იურიდიულ საქმეთა კომიტეტს გადასცა.

სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ კანონპროექტი უნდა განიხილოს საგარეო ურთიერთობათა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და თავდაცვის კომიტეტებმაც, თუმცა მათი მოთხოვნა არ შესრულდა.

საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ ააიპ-ების და მედიის დეკლარაციების ჩაბარების საკითხი არ არის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის განსახილველი, რადგან საკითხი არ ეხება ქვეყნებს შორის ურთიერთობას.

რეგლამენტის მიხედვით, კანონპროექტის განხილვის პროცესში წამყვანი კომიტეტის დასკვნაა საჭირო და ეს კომიტეტი იურიდიული კომიტეტი იქნება. ბიუროს სხდომის წამყვანმა, ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დასწრება სხვა კომიტეტის წევრებსაც შეუძლიათ.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილი ორივე კანონპროექტზე წამყვანი კომიტეტი იურიდიული იყო, ხოლო საგარეო და თავდაცვის კომიტეტების დასკვნა სავალდებულო იყო.

რუსულ კანონთან დაკავშირებით დასავლელი პარტნიორები და ადგილობრივი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საქართველოს ევროინტეგრაციას შეუქმნის საფრთხეს. სწორედ ამ საფუძვლით სურდა ოპოზიციას, რომ კანონპროექტი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს განეხილა.