22 ევროპარლამენტარი რუსულ კანონზე კრიტიკულ წერილს აქვეყნებს და ევროკომისიას მიმართავს

პუბლიკა

ევროპარლამენტარები ერთობლივ განცხადებაში „გარე გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ რუსულ კანონს აკრიტიკებენ და აღნიშნავენ, რომ ის საფრთხეს შეუქმნის საქართველოს პროევროპულ გზას.

ხელმომწერი ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკომისიას, დააკვირდეს, შეესაბამება თუ არა საქართველოს ხელისუფლების ასეთი გადაწყვეტილებები კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.

წერილში საუბარია, რომ ევროკავშირი წელიწადში საშუალოდ 100 მილიონ ევროზე მეტ ტექნიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას უწევს საქართველოს – ევროპელი დეპუტატები მიუთითებენ, რომ ეს თანხები მიმართულია საქართველოს დასახმარებლად ძირითადი პროევროპული რეფორმების განხორციელებაში, მათ შორის ქართველი ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებაზე, ბიზნესის მხარდაჭერაზე, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაზე, ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და ხარისხიანი საჯარო მომსახურებების უზრუნველყოფაზე.

„კანონი „უცხოური აგენტების“ ან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს  „უცხოეთის აგენტებისა“ და „სახელმწიფოს მტრების” იარლიყს მიაკრავს, თუ ისინი მიიღებენ ევროკავშირისგან დაფინანსებას ისე, როგორც საქართველოს მთავრობა იღებს მსგავსი საქმიანობისთვის.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვან თავიანთი გასულ წელს დადებული პირობა, გაიტანონ კანონი და სანაცვლოდ იმუშაონ ინკლუზიურ ურთიერთობაზე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან, რომელმაც დაამტკიცა, რომ აკვირდებოდა და მხარს უჭერდა იმ რეფორმების განხორციელებას, რომელმაც საქართველო ევროკავშირის წევრობამდე უნდა მიიყვანოს.

[…] მოვუწოდებთ ევროკომისიას, დააკვირდეს, შეესაბამება თუ არა საქართველოს ხელისუფლების ასეთი გადაწყვეტილებები კანდიდატი ქვეყნის სტატუსს და დროულად უზრუნველყოს საკუთარი შეფასების გამოქვეყნება.

ჩვენ გვესმის და მხარს ვუჭერთ იმ ფაქტს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების რეგრესული პროცესის შემთხვევაში, ევროკომისიას შესაძლოა მოუწიოს გაფართოების პროცესის საწყის პოზიციებზე დაბრუნება”, – ნათქვამია განცხადებაში.

„ქართული ოცნება“, რუსული ხელისუფლების მსგავსად, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიაგამოცემების წინააღმდეგ კანონის მიღებას აპირებს.

მისი მიზანია, ამ ორგანიზაციების დისკრედიტაციის გზით ჩაახშოს საზოგადოებაში სიტყვის თავისუფლება და კონტროლი დაამყაროს საზოგადოებრივ აზრზე.

რუსული კანონი ითვალისწინებს ტერმინ „უცხოური ძალისა“ და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ დამკვიდრებას. ეს ტერმინი და საგანგებოდ შექმნილი რეესტრი გააერთიანებს ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ქვეყანაში ევროპული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განვითარებისთვის მუშაობს.

პროექტი ითვალისწინებს მონიტორინგის, ე.წ. დასმენისა და სანქციების კომპონენტსაც.