მიხეილ ყაველაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა.
პატარაძე თანამდებობაზე სულხან თამაზაშვილს შეცვლის, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრი იქნება.
ზურაბ პატარაძე ამჟამად აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის პოსტს იკავებს. ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას მანამდეც იკავებდა – 2016 წლის ივლისიდან 2018 წლის ივლისამდე.
„აღსანიშნავია, რომ 2016-2018 წლებში ბატონი ზურაბი იკავებდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოზიციას. სწორედ მის სახელს უკავშირებდა რეგიონში არაერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტის განხორციელება.
ბატონი ზურაბი გახლავთ აჭარელი, ის ზედმიწევნით კარგად იცნობს ამ მხარის საჭიროებებსა და მის პოტენციალს. დარწმუნებული ვარ, საკუთარ ცოდნასა და მდიდარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, იგი კვლავაც ეფექტიანად გააგრძელებს საქმიანობას რეგიონის საკეთილდღეოდ. მინდა, წარმატებები ვუსურვო ბატონ ზურაბს“, – თქვა მიხეილ ყაველაშვილმა.
ზურაბ პატარაძემ „ოცნების“ მაღალჩინოსნებს და ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ „ყველაფერი გაკეთდება მშობლიური აჭარის საკეთილდღეოდ“.
„ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და გამოწვევაც, რომელსაც გუნდთან ერთად ღირსეულად ვუპასუხებთ, რათა მივიღოთ მონაწილეობა და გავაგრძელოთ ის მნიშვნელოვანი საქმეები, რომლებიც დაწყებულია, გრძელდება. ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი კუთხის, ჩვენი მშობლიური აჭარის საკეთილდღეოდ.
მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაგიხადოთ კიდევ ერთხელ და განსაკუთრებულად გამოვარჩიო და მადლობა გადავუხადო აჭარის ყოფილ თავმჯდომარეს ბატონ სულხან თამაზაშვილს. იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ის იკავებდა ამ მნიშვნელოვან პოზიციას, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე დაიწყო. დარწმუნებული ვარ, ამ საქმეებს გავაგრძელებთ და ერთად ვმართავთ იმ მნიშვნელოვან პროცესებს, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობა, ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე, ჩვენი რეგიონის წარმატება.
ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენს გუნდთან ერთად და ამ კონტექსტში მინდა, განსაკუთრებულად დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში და ჩვენ, როგორც რიგითი ჯარისკაცები, ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, – თქვა პატარაძემ.
ზურაბ პატარაძის სამუშაო გამოცდილება:
08/2018 – დღემდე – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში.
2016 (15 ივლისიდან) – 2018 (21 ივლისამდე) – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.
2013 – 2016 წლებში – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთის რესპუბლიკაში.
2012 – 2013 – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში.
2011 – 2012 – საქართველოს გენერალური კონსული თურქეთის რესპუბლიკაში (ქ. სტამბოლი).
2011 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი.
2009 – 2010 – საქართველოს გენერალური კონსული ქ. სალონიკში.
2009 (4 მარტიდან – 1 მაისამდე) – რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის კონსული.
2007 – 2009 – რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს კონსული.
2004 – 2007 – რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურის ხელმძღვანელი.
2000 – 2004 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი.
2000 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრი.
1996 – 2000 წლებში – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატი.
1994 – 1996 წლებში – ქ. ბათუმის საბანკო სტრუქტურები.