აჭარის მაუწყებლის თანამშრომლების მიმართ შესაძლო დევნის ფაქტზე ომბუდსმენმა გენერალურ პროკურორს მიმართა

პუბლიკა

საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს გენერალურ პროკურორს წინადადებით მიმართა, დაიწყოს გამოძიება სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ თანამშრომლების მიმართ შესაძლო დევნის ფაქტებზე.

როგორც ომბუდსმენის აპარატში ამბობენ, საქმის გარემოებების შესწავლით გაირკვა, რომ ტელევიზიის თანამშრომლების მიმართ ხორციელდებოდა დევნა, განსხვავებული აზრის, კერძოდ, მენეჯმენტის გადაწყვეტილებებზე ღიად დაფიქსირებული კრიტიკული მოსაზრებების გამო.

ომბუდსმენის შეფასებით, დაუსაბუთებლად ან ფაქტობრივად არასწორი დასაბუთებით ხდებოდა კონკრეტული თანამშრომლებისთვის ფუნქციების ცალმხრივად შეცვლა, დისციპლინური დევნის დაწყება და სამსახურიდან გათავისუფლება, რომლის მოტივიც ხსენებული პირების მხრიდან კრიტიკული აზრის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა იყო.

„ყურადღებას ვამახვილებთ იმ გარემოებაზე, რომ საგამოძიებო უწყებამ აღწერილი ფაქტები სამოქალაქო დავის საგნად მიიჩნია და გამოძიება არ დაიწყო. უდავოა, რომ ტელევიზიის თანამშრომლების მიერ შრომითი უფლებების აღდგენის მიზნით სასამართლოსთვის მიმართვა ვერ ჩაითვლება შესაძლო დანაშაულის (დევნის) საკმარის საპასუხო მოქმედებად. ამასთან, სამოქალაქო სამართალწარმოება არ გამორიცხავს შესაძლო დანაშაულის ნიშნების შემცველ ფაქტებზე გამოძიების ჩატარებას“, – ამბობენ ომბუდსმენის აპარატში.

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ თანამშრომლების მიმართ განხორციელებული მოქმედებები, რომელიც შეიცავს შესაძლო დევნის ნიშნებს, საგამოძიებო უწყების მხრიდან ადეკვატურ შეფასებას, გამოძიების დაწყებასა და შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარებას საჭიროებს.