გაგვაჩერეს გაუგებარი არგუმენტებით | რატომ აღარ გადის „ჰეშთეგი“ და „ათვლის კუთხე“ ეთერში

ქრისტინე მუჯირი

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, ახალი სატელევიზიო სეზონი გადაცემების „ათვლის კუთხისა“ და „ჰეშთეგის“ გარეშე დაიწყო.

რა მიზეზით და არგუმენტით ვერ მოხვდა ახალ საეთერო ბადეში გადაცემები, ამის შესახებ „ათვლის კუთხის“ წამყვანს, გიორგი არობელიძესა და „ჰეშთეგის“ სოციალური მედიის მენეჯერს, პროდიუსერს, ვანცენტ ხაბეიშვილს ვესაუბრეთ.

გადაცემა „ათვლის კუთხის“ წამყვანი გიორგი არობელიძე ჰყვება, რომ პრობლემები გადაცემის შემოქმედებით ჯგუფს მას შემდეგ შეექმნა, რაც ისინი ალტერნატიული პროფკავშირების შექმნის პროცესში ჩაერთნენ. ასევე, კიდევ უფრო გართულდა მდგომარეობა, როდესაც გუნდში გადაცემა „ჰეშთეგიდან“ გათავისუფლებული წამყვანი, მალხაზ რეხვიაშვილი დაიმატეს.

მისი თქმით, მემორანდუმი აჭარის ტელევიზიასა და ორგანიზაცია „პლატფორმა სოციალური სამართლიანობისთვის“ შორის  2018 წელს გაფორმდა, რის საფუძველზეც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადაცემა „ათვლის კუთხე“ გადიოდა. არობელიძე აღნიშნავს, რომ მემორანდუმი 2020 წლის დეკემბრამდეა ძალაში.

„როცა დირექტორი შეიცვალა და გიორგი კოხრეიძე გახდა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი, მიუხედავად იმისა, რომ ამ ჩვენს მემორანდუმს ჰქონდა მოქმედების საკმაოდ ხანგრძლივი ვადა, ოფიციალურად მაინც მივმართეთ ახალ დირექტორს, იყო თუ არა თანახმა, ის მემორანდუმი რაც არსებობდა, გაგრძელებულიყო და გადაცემას რამე ტიპის საფრთხე არ შექმნოდა, ან არ რამე არ შეცვლილიყო. დირექტორმა წერილობით გვიპასუხა, რომ ის თანახმა იყო მემორანდუმი გაგრძელებულიყო და მას არავითარი საფრთხე არ ემუქრებოდა“, – განაცხადა მან.

გიორგი არობელიძე ამბობს, რომ მიუხედავად კოხრეიძის პასუხისა, მენეჯმენტისგან გუნდის წევრების მისამართით იგზავნებოდა წერილები, სადაც ნათქვამი იყო, რომ მათ შორის გაფორმებული მემორანდუმი არასწორად იყო გაწერილი და გადახედვა სჭირდებოდა. არობელიძე აღნიშნავს, რომ ეს იყო ორკესტრირებული შეტევა გადაცემაზე მომუშავე ჯგუფის წევრების, მათ შორის, ტექნიკური პერსონალის მიმართ. მისი თქმით, მენეჯმენტში სხვადასხვა მიზეზს უთითებდნენ, მაგალითად,  რომ ვიღაცას ინტერესთა კონფლიქტი ჰქონდა და არ ჰქონდა უფლება, ემუშავა გადაცემაზე.

არობელიძე აღნიშნავს, რომ თუ მემორანდუმში რაიმე ხარვეზი იყო, ეს დირექტორს თავიდანვე უნდა ეთქვა და თანამშრომლობის სხვა გზა შემოეთავაზებინა.

„ადამიანებს წერილები გაუგზავნეს, რომ რაღაც არაკანონიერში მონაწილეობდნენ. მცდელობა იყო იმისა, რომ ეს ადამიანები შეეშინებინათ და ეთქვათ, რომ რაღაც არასწორს აკეთებდნენ. მათ შორის გადაცემის წამყვანებს გამოგვიგზავნეს წერილი, რომ დისციპლინური მოკვლევები იყო დაწყებული ჩვენს შესახებ.  დღესაც არ მესმის, რის გამო და რატომ. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მალხაზი შემოგვიერთდა. მთელი გუნდი ამ პასუხების გაცემის რეჟიმში ვიყავით. არ ვიცი, თითოეულ ჩვენგანს კვირაში 2 წერილი მოგვდიოდა, რომ მოკვლევა დაიწყო, თითქოს რამეს ვაშავებდით. ბუნებრივია, დაზაფრული ვიყავით და შეუძლებელი იყო საქმეზე კონცენტრირება. ვცდილობდით, ადმინისტრაციის მხრიდან წამოსული შეკითხვები არ დაგვეტოვებინა პასუხების გარეშე“, – განაცხადა გიორგი არობელიძემ.

როგორ გადაცემის წამყვანი ჰყვება, გადაცემის მეორე სეზონი რთულ ვითარებაში დასრულდა. ხოლო ახალი სეზონის დაწყებამდე, აგვისტოში, მათ დირექტორს გადაცემის გაგრძელების თხოვნით მიმართეს, საიდანაც ერთი თვის განმავლობაში პასუხი არ მიუღიათ.

„პასუხისმგებელი პირები მობილურზე არ გვპასუხობდნენ. ტელევიზიაში არ ჩანდნენ. ბოლოს ამ ერთი თვის თუ თვე-ნახევრის შემდეგ პასუხად გვუბნებიან, იმას, რომ მემორანდუმის პირობები შესრულებულია, რაც გაუგებარია. ამ მემორანდუმში არანაირ პირობებზე არაა საუბარი, რამდენი გადაცემა უნდა გაკეთდეს, არაფერი მსგავსი არაა. მხოლოდ ვადებია განსაზღვრული, რომ დასრულდება 31 დეკემბერს. უბრალოდ გაგვაჩერეს, გაუგებარი არგუმენტებით და ბუნდოვანი მომავლით“, – ამბობს ის.

გადაცემის წამყვანი გვიყვება, რომ ტელევიზიის ადმინისტრაციის განცხადებით, ისინი მსჯელობენ გარე ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ახალ ფორმებზე და მას შემდეგ, რაც ეს ნაწილი განისაზღვრება, შესაძლებელი გახდება მათთან („ათვლის კუთხის“ გუნდთან) თანამშრომლობაზე საუბარი, რისთვისაც ორკვირიანი ვადა აქვთ აღებული. ეს ვადა კი ჯერ არ ამოწურულა.

გიორგი არობელიძის თქმით, ტელევიზიის მენეჯმენტის მხრიდან ეს არის ფორმალური კითხვები და პასუხები, სინამდვილეში კი პროცესს პოლიტიკური კონტექსტი აქვს, რაც ტელევიზიის მენეჯმენტის შეცვლას უკავშირდება.

როგორც გადაცემის წამყვანი მიიჩნევს, ნიშანდობლივია, რომ ახალი სეზონი, წინასაარჩევნოდ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე სოციალური გადაცემების გარეშე დაიწყო. პანდემიის პირობებში, მაშინ, როცა აჭარაში კრიტიკული სიტუაციაა, ვირუსის გამო ასევე გაჩერებულია სამედიცინო გადაცემა „იმპულსი“, რომელიც აქამდე უპრობლემოდ გადიოდა ეთერში. არობელიძის თქმით, ისევე როგორც „ჰეშთეგი“ სამედიცინო გადაცემა „იმპულსიც“ ახალი სტუდიის მოწყობის მიზეზითაა შეჩერებული.

„შეგნებულად კეთდება ასე, თუ უცოდინრობით მოსდით, ამას საერთოდ აღარ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ფაქტი იმდენად მძიმეა, რომ გამომწვევ მიზეზებს აღარ აქვს მნიშვნელობა“, – თქვა მან.

გადაცემა „ათვლის კუთხე“ ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მხარდაჭერით ორი სეზონის განმავლობაში გადიოდა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

რაც შეეხება გადაცემა „ჰეშთეგს“, გადაცემის სოციალური მედიის მენეჯერისა და პროდიუსერის, ვანცენტ ხაბეიშვილის განცხადებით, გუნდის წევრები შეხვდნენ ტელევიზიის მენეჯმენტს, სადაც მათ განუცხადეს, რომ ტელევიზიის სამეურვეო საბჭომ შეიმუშავა დოკუმენტები, რის მიხედვითაც ჩანს, რომ გადაცემას მიაქვს დიდი ფინანსები, ხოლო რეიტინგი არის დაბალი, რის გამოც გადაწყდა, რომ გადაცემა ყოველდღიურად არ გასულიყო და საეთერო ბადეში კვირაში ერთი დღე დათმობოდა.

„მე არ ვყოფილვარ ამ შეხვედრაზე, იყო ჩვენი ხელმძღვანელი, ირაკლი ყურუა. ყურუას თქმით, განხილვის ფორმატი კი არ იყო, არამედ თქვეს, რომ სამშაბათს იქნება მხოლოდ და მორჩაო. ყოველდღიურიდან ერთ დღეზე რომ გადადიხარ, მართლა დახურვაა. ყოველდღე ეთერში ვიყავით, და ვაშუქებდით ფაქტებს, მოვლენებს და ახლა შესაძლოა კვირაში ერთხელ და ისიც შემცირებული ქრონომეტრაჟით [35 წუთიანი] გავიდეს ეთერში. ზუსტად ესეც არ ვიცით. ეს სამშაბათი ისეთი დღეა, არც კვირის შემაჯამებელი, არც კვირის გამხსნელი. ეს უხერხულია და შეუთავსებელია იმ სულისკვეთებასთან, რომელიც გადაცემას ჰქონდა“, – განაცხადა მან.

გარდა ამისა, ხაბეიშვილის თქმით, გადაცემა „ჰეშთეგის“ შემოქმედებით ჯგუფს შეუცვალეს სამუშაო სივრცე, რაც არაკომფორტული და მოუხერხებელია. მისთვის ასევე გაურკვეველია, როდის უნდა გავიდნენ ეთერში.

„როდის უნდა გავიდეთ ეთერში, არ ვიცით. ვართ სრულ გაურკვევლობაში. ამბობენ, რომ ტენდერი აქვთ გამოცხადებული სტუდიებზე, თუ სტუდიებს ვერ განვაახლებთ, ცხადია, ეთერში ვერ შეხვალთო. ამ ეტაპზე ახლა გაჩერებული ვართ“, – თქვა მან.

ვანცენტ ხაბეიშვილის შეფასებით, ეს გადაცემის დახურვაა წინასაარჩევნოდ. მისი თქმით, შეუძლებელია, გადაცემა დაეწიოს საარჩევნო პროცესს და სრულყოფილად გააშუქოს ის, მით უმეტესს, რომ ის ყოველდღიური ეთერიდან მოიხსნა და კვირაში მხოლოდ ერთხელ გავა.

„ჩვენ ამოვვარდით ტემპიდან სრულად. 15 დღე დარჩა არჩევნებამდე. ახლა შეუძლებელია ამ კვირაში ეთერში შესვლა. მომდევნო კვირაშიც რომ შევიდეთ, შეუძლებელია, რაიმე ფორმით დაეწიო საარჩევნო პროცესებს, მით უმეტესს თუ ჩვენ ერთი დღე ვიქნებით ეთერში. ეს ფორმატი ცვლილებასაც ნიშნავს, გადაცემის სულისკვეთების ცვლილებასაც ნიშნავს. ბევრი რამის გადალაგება მოგვიწევს, თუ ამაზე შევჯერდებით და შევთანმხდებით“, – თქვა მან.

ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ „ჰეშთეგის“ გუნდი ჩამოყალიბებული არაა, დათანმხდება თუ არა მენეჯმენტის ამ გადაწყვეტილებას.

„პუბლიკა“ დაუკავშირდა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს, გიორგი კოხრეიძეს. კოხრეიძის თქმით, გადაწყვეტილებები მიიღება საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების მიხედვით და სამეურვეო საბჭომ შეაფასა წინა სეზონი, საეთერო ბადე, რის შემდეგაც გადაწყდა, რომ გადაცემა „ჰეშთეგი“ კვირაში ერთხელ გავიდოდა. ხოლო, რაც შეეხება გადაცემა „ათვლის კუთხეს“, მასთან დაკავშირებით საბუთებია წესრიგში მოსაყვანი.

„როდესაც მე ტელევიზიაში მოვედი, გავაგრძელე ის, რაც იყო, შემდეგ უკვე აუდიტის სამსახურმა და სხვა სამსახურებმა წარმოადგინეს დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ მათთან ურთიერთობა არის მოსაწესრიგებელი. მივეცი დავალება შესაბამის კომისიას, თუ რა სახის და რა ტიპის ურთიერთობა უნდა გვქონოდა ჩვენ მსგავსს შემთხვევებში. იქნება შესაბამისი დასკვნა და იმის მიხედვით გაფორმდება (თუ გაფორმდება ხელშეკრულება) „ათვლის კუთხესთანაც“ და სხვასთანაც.

კომისიამ იმსჯელა და  გადაცემები შემდეგი კრიტერიუმებით შეაფასა: რამდენი იხარჯება, ვინ უყურებს და ა.შ. გადაცემა „ჰეშთეგის“ თემატიკა არ შეზღუდულა არანაირად. ის იქნება ეთერში, უბრალოდ გარკვეული ბრენდირება მოხდა. რაღაცები ხომ უნდა შეიცვალოს? ყველაფერი იცვლება ცხოვრებაში სიკეთისკენ. ის რომ, ვინმე იყოს შეზღუდული და მუშაობის საშუალება არ ჰქონდეს, მსგავსი რამე არ მოხდება“, – განაცხადა მან.

„პუბლიკა“ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელ დირექტორს მარიამ გოგოსაშვილს დაუკავშირდა.

მარიამ გოგოსაშვილის განცხადებით, არ არის დასაბუთებული, თუ რატომ მოხდა „ათვლის კუთხის“ შეჩერება და „ჰეშთეგის“ ერთ დღემდე შემცირება. როგორც ის ამბობს,  მნიშვნელოვანია, რომ მენეჯმენტმა, ამ საკითხზე გააკეთოს განმარტება.

ქარტიის აღმასრულებელი დირექტირი აღნიშნავს, რომ გაკეთებული განცხადება, რომელიც მაუწყებლის მხრიდან „ათვლის კუთხესთან“ მიმართებით გაფორმებული ხელშეკრულებების გადახედვას ითვალისწინებს, ვერ იქნება არგუმენტი, რადგან მათ შეეძლოთ ხელშკრულების ვადის ამოწურვამდე, 31 დეკემბრამდე საეთერო ბადეში ჩაესვათ გადაცემა და ხელშეკრულებისთვის შემდეგ გადაეხედათ. გოგოსაშვილის თქმით, აღნიშნული ბადებს კითხვის ნიშნებს, თუ რატომ გახდა საჭირო წინასაარჩევნოდ ამ ღონისძიებების გატარება.

„ჩვენ გავაკეთეთ კვლევა, რა მოხდა აჭარის მაუწყებელში ერთი წლის განმავლობაში დირექტორის იმპიჩმენტის შემდეგ, თუ როგორ ხდებოდა კონკრეტული ჟურნალისტების მიმართ გარკვეული ღონისძიებების გატარება. ბევრმა არხი დატოვა, ბევრი გაათავისუფლეს. ასევე, მიმდინარეობს სასამართლო წარმოებები. მივდივარ იქამდე, რომ სავარაუდოდ, ეს არის კონკრეტული ჟურნალისტების მიმართ დაწყებული საქმებიის გაგრძელება აჭარის ტელევიზიის მხრიდან“,- ამბობს ის.

მარიამ გოგოსაშვილის განცხადებით, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გამოთქვამს მზადყოფნას, დაიცვას ჟურნალისტების ინტერესები.